Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თბილგაზის” პრივატიზება მორიგი პატრიოტული ვნებათაღელვის საფუძველი ხდება


საბჭოთა სახელმწიფო მოსახლეობას “ველური კაპიტალიზმის” პროპაგანდით “აშინებდა”, რის გამოც ხალხს, როგორც ბევრ სხვა საკითხზე, კაპიტალიზმის “ველურობაზეც” ანტი- სტერეოტიპი ჩამოუყალიბდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო, ისევე,
როგორც ბევრი სხვა რესპუბლიკა, საბაზრო ურთიერთობების სივრცეში აღმოჩნდა, სადაც
პოლიტიკა და ეკონომიკა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ერწყმის ერთმანეთს. ჩვენთვის სულ უფრო
ძნელი გასაგები ხდება, რატომ წყვეტს რუსეთი გაზის მოწოდებას, – იმიტომ, რომ “თითს
გვიქნევს”, თუ იმიტომ, რომ გაზის საფასური არ გადავუხადეთ. ალბათ, შეცდომაც იმაში
მდგომარეობს, რომ სულ ვცდილობთ ეს ორი ფაქტორი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან.

როგორ მოიქცეოდა რუსეთი, საქართველოს დამოუკიდებლობის წლები ჩვენთვის წარმატებულად რომ წარმართულიყო და საქართველო ეკონომიკურად ძლიერი თუ არა, მეტ-ნაკლებად სტაბილური ქვეყანა რომ ყოფილიყო? ასეთ შემთხვევაში, ალბათ, საქართველოს გაზის მიღების სხვა წყაროც ექნებოდა და ის რუსეთისთვისაც ვერ იქცეოდა ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის ერთ-ერთ იარაღად; ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ჩვენივე კომპანია შეძლებდა გაზის განაწილებასა და ამოღებული საფასურის დანიშნულებისამებრ მიმართვას და ასეთ შემთხვევაში, ალბათ, აღარ დადგებოდა მისი იმ კომპანიისთვის გადაცემის საკითხი, რომლის წინაშე დღეს საქართველოს ამხელა ვალი დაუგროვდა.

გაზი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში უკვე კარგა ხანია ეკონომიკურის გარდა პოლიტიკურ იარაღად იქცა. ყოველ შემთხვევაში, ქართული მხარის მიერ გაზის საფასურის გადაუხდელობის მიუხედავად, რუსეთის მიერ გაზის მოწოდების ყოველ შეწყვეტას აუცილებლად პოლიტიკური სარჩული ედება.

ძნელია ითქვას, რომ შეერთებული შტატებისთვის ელექტროენერგია წარმოადგენდა საქართველოზე ზეწოლის სტრატეგიულ იარაღს, როცა ამერიკულმა კომპანიამ “თელასის” პრივატიზების ტენდერში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, თავის დროზე თბილისში დენის გამანაწილებელი კომპანიის “ეი-ი-ეს”-ისთვის მიყიდვამაც პრაქტიკულად ისეთივე აღშფოთება გამოიწვია, როგორსაც დღეს “თბილგაზის” პრივატიზება იწვევს. დღეს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ერთხმად გამოდის “თბილგაზის” “იტერასთვის” გადაცემის წინააღმდეგ და ამას ქვეყნის უშიშროების თვალსაზრისით ხელისუფლების მიერ დაშვებულ უდიდეს შეცდომად მიიჩნევს. თუმცა, დღეს ამაზე ხმაური ამაოდ გარჯას გავს, რადგან “თბილგაზის” “იტერასთვის” გადაცემა არის სწორედ ქვეყნის უშიშროების შელახვის პროცესის ერთ-ერთი ლოგიკური შედეგი.

ბევრი სხვა პოლიტიკური გაერთიანებისა და პარტიის მსგავსად, ერონული დამოუკიდებლობისა და ეროვნული პარტიებიც გამოთქვამენ პროტესტს “თბილგაზის” “იტერასთვის” გადაცემის გამო. ეროვნული პარტიის წარმომადგენელი კონსტანტინე გუგულაშვილი ამ პროცესს აფხაზეთის დაკარგვას ადარებს:

[გუგულაშვილის ხმა]
“თუ აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთმა ჩვენ შეგვიმცირა, ასე ვთქვათ, საარსებო-სასიცოცხლო სივრცე ტერიტორიების წართმევის გზით, ახლა რუსეთი “იტერას” სახით შემოდის საქართველოში და ამცირებს ჩვენთვის სასიცოცხლო, ასე ვთქვათ, სივრცეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების წართმევის გზით”.

თუკი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ძალას ენიჭებოდა, “ეკონომიკური აგრესიის” განხორციელება რუსეთისთვის, რაშიც დღეს ქართველი პოლიტიკოსები რუსეთს სდებენ ბრალს, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენივე დახმარებით შესაფერი კლიმატის შექმნის გარეშე. უცხოური კომპანიების მიერ ქართული საწარმოების პრივატიზების ფონზე, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ცდილობს ახალი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. მაგალითად, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი აცხადებს:

[წერეთლის ხმა]
“იტერას” შემოსვლა ამ უფლებებით და ამ სახით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური მიჯაჭვულობის განმტკიცებას რუსეთის ბაზარზე. “იტერა” რომ იყოს ამერიკული კომპანია, მაშინ არ შევაფასებდით ცუდად. მაგრამ ის რუსული კომპანია რომ არის და პრაქტიკულად სახელმწიფო კომპანია რომ არის... არაფერი ტრანსნაციონალური კომპანია “იტერა” არ არის, ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული კომპანია და რომ ვიცით რუსეთის განსაკუთრებულად კეთილი დამოკიდებულებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ, ვაფასებთ ძალიან ცუდად”.

როგორც ხედავთ, უცხოური კომპანიების საქმიანობის მოსალოდნელი შედეგები ჩვენში ჯერ-ჯერობით მისი წარმომავლობის ქვეყნის საქართველოს მიმართ დამოკიდებულების მიხედვით განიხილება: ვიღაცისთვის შეერთებული შტატებია მტერი, რადგან ის საქართველოში იეღოველთა უფლებების დაცვას ცდილობს, ვიღაცისთვის კი რუსეთი, რადგან ის განაგრძობს აგრესიას საქართველოს მიმართ. ეკონომიკა კი თავის გზით მიდის. რაც შეეხება “იტერას”, მიუხედავად წარმომავლობისა, როგორც ჩანს, ის კარგად ახერხებს საკუთარი ეკონომიკური ინტერესების განხორციელებას. 2001 წელს ამ კომპანიამ ბუნებრივი აირით მთლიანად მოამარაგა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრი – სვერდლოვსკის ოლქი, აგრეთვე საქართველო და სომხეთი; იმპორტირებული ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი ნაწილი მიაწოდა უკრაინას და ბელორუსიას და აგრეთვე უზრუნველყო ბალტიის ქვეყნებისთვის საჭირო ბუნებრივი აირის 20 პროცენტის მიწოდება. მოგვწონს ჩვენ თუ არა, “თბილგაზის” და არა მარტო ამ საწარმოს ხელში ჩაგდებით ის მორიგ წარმატებას მოიპოვებს რეგიონში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG