Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენ ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნება არ სურთ


თამარ ჩიქოვანი, პრაღა საქართველოს ტერიტორიას თავშეფარებული ჩეჩენი ლტოლვილების ბედი ბუნდოვანია. რამდენიმე თვის წინათ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის,

დაიწყოს ლტოლვილთა საცხოვრებელ ადგილებში მასობრივი დაბრუნება და რომ ჩეჩნეთი მზად არის ლტოლვილების მისაღებად. თავად ჩეჩნეთიდან ლტოლვილები ეჭვით მოეკიდნენ ამ განცხადებას. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ნებით საქართველოდან ჩეჩნეთში მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაბრუნებულა. რამდენიმე დღის წინათ კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ვალერი ვაშაკიძე შეეხო ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა ბედს, როცა განაცხადა, რომ საქართველოს არ შესწევს ძალა, შეინახოს 4 ათასი ლტოლვილი და მადლიერებით მიიღებს მესამე მხარის დახმარებას. მისი შენიშვნით, ეეჭვება, ლტოლვილებმა ჩეჩნეთში დაბრუნება მოინდომონ. ეს ეჭვი რომ გამართლებულია, ამას არც რუსეთის მედია მალავს, რომელიც ჩეჩნეთში არსებულ აუტანელ მდგომარეობაზე გულახდილად წერს. "ეჟენელედნი ჟურნალის" ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით "დეპორტაცია სახლში" თამარ ჩიქოვანი გაგაცნობთ.


მიწასთან გასწორებული გროზნო შემზარავი სანახავია. ქალაქი, სადაც ომამდე 400 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს უკაცრიელის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, რაც გროზნოს მოსახლეობის რაოდენობამ ზრდა დაიწყო – ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკმაოდ აქტიური პროპაგანდისტური პოლიტიკა წამოიწყო მოსახლეობის დევნილთა ბანაკებიდან საცხოვრებელ ადგილებში დასაბრუნებლად. დაბრუნებულებმა კი აღმოაჩინეს, რომ ბანაკებში გაცილებით კარგი პირობები ჰქონდათ...
დროებითი განთავსების პუნქტები – ასე ეწოდებათ ადგილებს, სადაც დაბრუნებულებს უყრიან თავს. გროზნოში უკვე ათამდე ასეთი პუნქტი მოქმედებს. გროზნოს მაცხოვრებლები ნოსტალგიით იხსენებენ კარვების ბანაკში ცხოვრების პერიოდს, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებასაც იღებდნენ და სადაც თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ. გროზნოში დაბრუნებულების შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ არც საცხოვრებელი აქვთ – და ეს ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირებების მიუხედავად, არც ჰუმანიტარული დახმარების იმედად უნდა იყვნენ და უახლოეს ხანში ვერც სამუშაოს იშოვიან. ყველაზე დამამცირებელი კი, მათი თქმით, წყლისა და კანალიზაციის არარსებობაა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ხარჯზე მდიდრდება, რადგან ოფიციალური განცხადებებით, გროზნოს აღსადგენად საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი, თუმცა აღდგენითი სამუშაოების შედეგი არ ჩანს.
გროზნოს მაცხოვრებლების თქმით, მათი დაბრუნების მიზანი ერთი იყო – ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან უნდოდა მოსკოვთან თავის მოწონება, რომ შეუძლია ლტოლვილთა პრობლემების მოგვარება. ამავე დროს, ირკვევა, რომ თუ ივნისში გროზნოში დაბრუნება ნებაყოფლობითი იყო, უკვე ივლისის ბოლოს ლტოლვილებს ძალით ერეკებოდნენ ჩეჩნეთისკენ. ერთერთი ლტოლვილის მონათხრობით, ომონელებმა ალყაში მოაქციეს ლტოლვილთა ბანაკი, დაანგრიეს კარვები და ადამიანები ძალით შეყარეს სატვირთო მანქანების ძარაზე. "ალბათ, ასევე ხდებოდა ჩეჩნების დეპორტაცია 1944 წელს" –ამბობს გროზნოელი მარია აბაევა. დაბრუნებულებს ყველაზე მეტად მაინც პერიოდული წმენდები აშინებთ, როცა ნიღბიანი სამხედროები ვითომდა ვინაობის გასარკვევად მამაკაცებს აკავებენ. ბევრი მათგანი ამის შემდეგ არავის უნახავს. პროკურატურის მონაცემებით, წელს შვიდი თვის განმავლობაში 284 ადამიანი უგზო-უკვლოდ გაქრა.


ლტოლვილები დარწმუნებულნი არიან, რომ ახლანდელი "დეპორტაცია სახლში" ჩეჩნების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების ნაწილია. ხალხი დაშინებულია და ხელისუფლების – არც ცენტრალურის და არც ადგილობრივის – არ სჯერა. ჩეჩნეთში უაღრესად პოპულარულია ლეგენდა იმის თაობაზე, როგორ მიიღო კავკასიის დამპყრობელმა გენერალმა ერმოლოვმა ყველა ჩეჩენის განადგურების ნებართვა რუსეთის ხელმწიფისგან, რასაც დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს.
XS
SM
MD
LG