Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დაძაბულობა საქართველო-რუსეთის ურთიეთრობაში – ამ საკითხით დავიწყებთ უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვას.

როგორც გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ჩეჩნეთის ომი საქართველოს ეხება და კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას მოსკოვსა და თბილისს შორის. რუსეთის თვითმფრინავებმა უკვე რამდენჯერმე დაბომბეს ამ თვეში საქართველოს საზღვრისპირა რაიონები, რასაც ჯიუტად უარყოფს მოსკოვი, სამაგიეროდ სულ უფრო ხმამაღლა ადანაშაულებს თბილისს ჩეჩენ მეამბოხეთა შეფარებაში. გაზეთი განაგრძობს:

”ზოგიერთს, რუსეთში, შესაძლებლად მიაჩნია საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ინტერვენცია, და შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია მოჰყავს მისაბაძ მაგალითად. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია გაგებით ეკიდება რუსეთის შეშფოთებას, მაგრამ დაუშვებლად მიაჩნია ამასთანავე, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა. რუსეთის გამოხდომებმა დაძაბა შინაპოლიტიკური ვითარება საქართველოში, სადაც პრეზიდენტი შევარდნაძე რის ვაი ვაგლახით ახერხებს დაქუცმაცებულ ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნებას”.

სტატიაში, რომელიც გაზეთმა ”უოლ სტრიტ ჯორნალმა” გამოაქვეყნა, ჯეიმსტაუნის ფონდის მკვლევარი ვლადიმირ სოკორი კომენტარს უკეთებს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა მტკიცებას იმის შესახებ, რომ რუსეთს აქვს ”უფლება”- შეიარაღებული ინტერვენცია განახორციელოს საქართველოში, როგორც ეს შეერთებულმა შტატებმა - ავღანეთში, ისრაელმა - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ხოლო ინდოეთმა – ქაშმირში მოიმოქმედა ”საერთაშორისო ტერორიზმის” წინააღმდეგ. ამერიკელი მკვლევარი დასძენს:

”თუმცა, ამგვარი პარალელის გავლება – მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. რუსეთს აწყობს ინტერვენცია საქართველოში, და უწინარესად იმიტომ, რომ ეს – მის ინტერესებშია. ჯერ ერთი, საქართველოს ტერიტორიის გავლით უნდა მოხდეს კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზრებზე. მოსკოვს სურს, რომ ”ლომის წილი”, კასპიის ენერგორესურსებისა, მისი ტერიტორიის გავლით იქნეს ტრანსპორტირებული დასავლეთში. ამდენად, ვითარების დესტაბილიზაცია საქართველოში, ნაკლებად მიმზიდველს გახდის ბაქო-ჯეიჰანის სატრანზიტო მარშრუტს. მოსკოვი აფხაზ და ოს სეპარატისტებს უჭერს მხარს, რათ არ დაუშვას საქართველოში ეროვნული კონსოლიდაცია, ამასთანავე საბჭოთა კავშირის დროინდელ სამხედრო ბაზებს ინარჩუნებს კავკასიის ამ რესპუბლიკაში. საერთაშორისო თანამეგობრობას მიაჩნია, და სრულიად სამართლიანადაც, რომ თუ რუსეთი, ”ანტიტერორისტული” ოპერაციის მომიზეზებით ჯარს შეიყვანს საქართველოში, ეს – მისი უწინდელი ბატონობის აღდგენისა და საქართველოს, დასავლეთზე ორიენტირებული ლიდერების დასჯის მიზნით იქნება განხორციელებული”.

გაზეთი ”ველტი” უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ შეერთებული შტატები, ამ ბოლო დროს, ევროპას ემიჯნება.
”წარსულში, ჯერ კიდევ კლინტონისა და უფროსი ბუშის პრეზიდენტობის დროს, ამერიკა საბჭოთა კავშირთან იყო დაპირისპირებული და მჭიდრო კავშირში იყო ევროპასთან, ხოლო მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში უმცროსი ბუში შეუდგა საქმიანობას, ვამჩნევთ, რომ ამერიკა ევროპას ემიჯნება”-წერს გაზეთი, და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”შეერთებულ შტატებს სურს, რომ თავად იყოს საკუთარ პრობლემებზე პასუხისმგებელი, და სულ უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს მოკავშირეებს. ამერიკის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო გავლენა, დღეს – ძლიერია, როგორც არასდროს. ამჟამინდელი რეცესიის მიუხედავად, ქვეყანა, კვლავაც მომავლის სამჭედლოა, როგორც ეს 70-წლის წინათ შენიშნა მოსწრებულად ტროცკიმ. ამერიკის ეკონომიკა, არსებითად არც 11 სექტემბრის ტერაქტებს დაუზარალებია, და არც ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ ომს. ასევე დიდია, როგორც არასდროს, ამერიკის სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით. თუმცა, შორეულ პერსპექტივაში, განმარტოებული შეერთებული შტატები ვერ შეინარჩუნებს თავის ძლევამოსილებას. მის ძლიერებას მარტო ეკონომიკა და ჯარი ხომ არ განსაზღვრავს, ესაა შედეგი უწინდელი სტრატეგიისა, რაც მოკავშირეებთან ნებაყოფლობით თანამშრომლობასა კომპრომისისათვის მზადყოფნაზე იყო დაფუძნებული. და ბრძნულად მოიქცევა ახალი ამერიკა, თუ არ დაივიწყებს თამაშის იმ წესებს, ძველი ამერიკა რომ იცავდა მსოფლიო პოლიტიკაში

”პუტინმა – ექსპანსიისკენ აიღო გეზი” – ასეთი კომენტარით გამოეხმაურა მიუნხენში გამომავალი გაზეთი ”ზიუდოჩე ცაიტუნგი” რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას ბელორუსიასთან ინტეგრაციის შესახებ. გაზეთის აზრით, ვლადიმირ პუტინი – მელაა, და ამას ცხადყოფს მისი მოულოდნელი წინადადება, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს რუსეთისა და ბელორუსიის გაერთიანება რუსეთის კონსტიტუციის საფუძველზე ერთიან სახელმწიფოში, რომლის პრეზიდენტი –კრემლში, ხოლო ფულის საბეჭდი დაზგა – მოსკოვში იქნება.
გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”ბატონმა პუტინმა მიანიშნა, რომ იმ პირობით, რომელიც ბელორუსიამ წამოაყენა, რუსეთს გაერთიანება არ აწყობს. და ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელსაც ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ, ხელცარიელი დარჩება. პუტინმა არა მარტო ხელიდან გამოსტაცა მას პოლიტიკური ინიციატივა, არამედ აიძულა ამასთანავე ლუკაშენკა – საკუთარ მომავალზე იზრუნოს. და რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია არა მარტო მისთვის ხელსაყრელი პირობით მიაღწიოს გაერთიანებას, არამედ ქულებიც მოაგროვოს დასავლეთში, იმით, რომ არჩევნების გამყალბებელი ლუკაშენკა – კედელთან მიაყენა”.

ლუკაშენკამ წააგო. გათამაშდა ძველი ხრიკი – ავაგდოთ მონეტა, ალჩუა – მე ვარ მოგებული, თუ თოხანი დაჯდა – შენ წააგე. სწორედ ეს ხრიკი გაითამაშა თავის ბელორუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინმა-წერს სარედაქციო სტატიაში გაზეთი ”ფრანკფურტერ რუნდშაუ” და დასძენს:

”ლუკაშენკა დიდი ხანია ოცნებობს თანასწორუფლებიან პარტნიორობაზე რუსეთთან, ხოლო პუტინმა უტოპიად აქცია ეს იდეა, თანაც ერთი პატარა განცხადებით, რომელსაც დემოკრატიული შეფერილობა მისცა. ბელორუსი დიქტატორი ისე მართავს თავის ქვეყანას, საბჭოთა მეურნეობას რომ უძღვებოდა თავის დროზე, როგორც მოეპრიანება. ხოლო პუტინმა, მას, ფაქტობრივად შესთავაზა მმართველი გახდეს რუსეთის ფედერაციის 90-ე სუბიექტისა, როგორიც მაგალითად, ჩუკოტკის გუბერნატორია. და ლუკაშენკა ამაზე ვერ დათანხმდება. თუმცა მას შემორჩა ერთი ბერკეტი – კალინინგრადი: რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ იქ ტრანზიტის ნება დართონ ლიტვის გავლით, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ბელორუსიაა მოქცეული. მაგრამ ეს, არაა ძლიერი ბერკეტი”.

გაზეთ ”კრისჩიენ საიანს მონიტორის” აზრით, კრემლი – პოლიტიკურ პარტიებს ავიწროებს. სახელმწიფო მმართველობის საპრეზიდენტო სისტემა რუსეთში, წერს გაზეთი, ამერიკულს გვაგონებს რაღაცით, თუმცა მისი პოსტსაბჭოური პრეზიდენტების არჩევა, უფრო კრემლში გათამაშებული ინტრიგების შედეგად ხდებოდა, და არა ნორმალური წინასაარჩევო კამპანიებისა და პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების პროცესში. გაზეთი განაგრძობს:

”რუსეთი, თავისებურ მონარქიად იქცა”-ამბობს რუსი მიმომხილველი, კარნეგის ფონდის ექსპერტი ანდრეი რიაბოვი. ”პრეზიდენტი ღებულობს გადაწყვეტილებებს, რომლებისთვისაც არაა ანგარიშვალდებული. იგი არაა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან თუ პარტიასთან დაკავშირებული და ამდენად, მოქმედების სრული თავისუფლება ეძლევა მანევრისა და მანიპულირებისთვის, რაც დემოკრატიის საზიანოდ ხდება”-დასძენს კარნეგის ფონდის ექსპერტი. ვლადიმირ პუტინი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი ბორის ელცინი, აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური პარტიების დაარსებაში. 1999 წელს, პუტინის მხარდასაჭერად ”ერთობა” დააარსეს. მაგრამ, თავად პრეზიდენტმა თქვა - წევრი გამხდარიყო ამ პარტიისა, რომელიც მას შემდეგ სხვებთან გაერთიანდა და ”ერთიანი რუსეთის” პარტიად გარდაიქმნა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დუმამ ახალი კანონი მიიღო გასულ წელს, რუსეთში მოქმედი 200-ე პოლიტიკური პარტიიდან ძალზედ ცოტა თუ შესძლებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული გართულებული პროცედურის გავლას. მეორეს მხრივ, ყოველივე ამას შესაძლოა ის მოჰყვეს შედეგად, რომ მოსახლეობამ დაკარგოს ინტერესი თავად მსხვილი პარტიებისადმი, რომელთა მოქმედებაში, ხალხი, ხელისუფლების ინტრიგების გარდა ვერაფერს ხედავს”.

”არაბული დემოკრატიის საზღვრები” – ასეთი კომენტარით გამოეხმაურა გერმანიის გაზეთი ”ველტი” ეგვიპტელი ჟურნალისტის, საადედინ იბრაჰიმის დაპატიმრებას. გაზეთი წერს:

”საადედინ იბრაჰიმი – სატელევიზიო გადაცემის წამყვანი იყო ქაიროში, დააარსა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, და ესპანელ და ისრაელ კოლეგებთან თანამშრომლობდა. ახლახან მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მთავრობის მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო. მას, ვერც ამერიკის მოქალაქეობამ უშველა და ვერც საერთაშორისო საზოგადოების პროტესტებმა. როცა იბრაჰიმმა და მისმა თანამშრომლებმა ეგვიპტეში მოქმედი საარჩევნო სისტემის კრიტიკა დაიწყეს და მოითხოვეს კონტროლის დაწესება, აგრეთვე ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანული უმცირესობის, კოპტების პრობლემებზე დაიწყეს წერა, მთავრობის მოთმინების ფიალა აივსო. არაბული სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ მას არა აქვს დასავლური ყაიდის დემოკრატიისათვის აუცილებელი სულიერი და ინსტიტუციონალური წინაპირობები. ვინაიდან თუ არაბულ ქვეყნებში ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების სათავეში ისლამისტები მოვლენ, და დემოკრატიაზე ფიქრი აღარ იქნება საჭირო”.
XS
SM
MD
LG