Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანა იგეგმება


ჯერჯერობით კვლავაც გასაიდუმლოებული რჩება თავდაცვის სამინისტროს იმ ქვედანაყოფების ზუსტი ადგილმდებარეობა, რომლებიც კვირის დასაწყისში ანტიტერორისტული სწავლებების

ჩასატარებლად კახეთის რეგიონში გადაისროლეს. სამაგიეროდ ცნობილი ხდება თბილისის განზრახვა, პოლიციის დამატებითი ძალების პანკისის ხეობის სიღრმეში განთავსების შესახებ. ახმეტის ხელმძღვანელობასა და ხეობის უხუცესებთან ამ საკითხის შესათანხმებლად პანკისის ხეობაში შაბათს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ჩავიდა.

2002 წლის 15 იანვარს, საქართველოს უშიშიროების საბჭოს მიერ შემუშავებული პროფილაქტიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კომპლექსური გეგმის თანახმად, ახმეტის რაიონში დისლოცირებულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა ილტოს ხიდის, ჩაჩხრიალასა და ბახტრიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტები გააუქმეს და რამდენიმე საათში პანკისის ხეობის სოფელ დუისის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდნენ.

ასე დაიწყო ოპერაციის პირველი ფაზა, რომელიც "ავღანეთის ვეტერანთა კავშირის" მიერ ხეობის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით წამოწყებულ ათღიან სამშვიდობო აქციას მოჰყვა. ცოტა ხნის შემდეგ კი მძევლების გასათავისუფლებლად და, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების ბრუნვის აღსაკვეთად, სტარტი მიეცა შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს ერთობლივ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, რომლებიც დღემდე გრძელდება.
ოფიციოზის არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა და რომ ხეობაში კრიმინალური ვითარება გაუმჯობესდა, ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება პოლიციის დამატებითი ძალები უშუალოდ პანკისის ხეობაში შეიყვანოს და როგორც რვა თვის წინ, ამ მიზნით ხეობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა შინაგან საქმეთა მინისტრს, კობა ნარჩემაშვილს დაეკისრა. ეს ინფორმაცია რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანმა პაატა გომელაურმა დაადასტურა, თუმცა მისი თქმით, საკითხი ჯერ მხოლოდ შესწავლის სტადიაშია და საბოლოო გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭო მიიღებს.

როგორც ჩანს, თბილისი ანგარიშს უწევს იმ გარემოებას, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის ომის გამო, ფაქტობრივად ფრონტის ხაზზე მდებარე პანკისის მოსახლეობის დეზინფორმირებას და მათთან უშუალო შეხებაში მყოფი შინაგანი ჯარების წარმომადგენლებთან დაპირისპირების პროვოცირებას არაერთი ძალა შეეცდება. ასეთი საშიშროების არსებობა ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა და პირველად ისაუბრა იმ პრევენტულ ღონისძიებებზე, რომლებიც პროფილაქტიკის მიზნით საიდუმლო ვითარებაში ჩატარდა.

[პაატა გომელაურის ხმა] "მე ეხლა პირველად ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან, სამინისტროს ოპერატიულმა სამსახურებმა, კახეთის რეგიონალური პოლიციის ოპერატიულმა სამსახურებმა, ასევე მივლინებით სხადასხვა რეგიონებიდან, გაგაზავნილ იქნა ხეობაში ოპერატიული სამსახურები, რომლებიც აწარმოებენ სიტუაციის შესწავლას, რომ მოხდეს პრევენცია ამ მიმართულებით."

ხელისუფლების ეს სიფრთხილე სრულიად გასაგებია. დამოუკიდებელი ექსპერტების ვარაუდით, პანკისის ხეობაში სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული რაზმების განიარაღება და ნარკოტიკების ბრუნვის აღკვეთა, რისთვისაც აღნიშნული კომპლექსური გეგმა შემუშავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას კიდევ ერთ სერიოზულ გამოცდას უმზადებს. საქართველოს ხელისუფლება ან მოახერხებს ამ რთული პრობლემის ეფექტიანი ოპერატიული კონტრზომებით გადაჭრას, ანდა ერთი გაუფრთხილებელი მოქმედებაც საკმარისია იმისათვის, რომ პანკისის ხეობა კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების კერად გადაიქცეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG