Accessibility links

logo-print

სავიზო და საპასპორტო პრობლემები რუსეთ-საქართველოს გართულებული ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია


საქართველოს ტერიტორიის დაბომბვებისა და მოსკოვის მხრიდან პოლიტიკური თუ საინფორმაციო შემოტევის ფონზე, მივიწყებას მიეცა აფხაზეთის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი,

არადა, ამ ხნის მანძილზე აფხაზეთში მცხოვრებთა თითქმის 80%-ს რუსეთის პასპორტი უკვე მიღებული აქვს და უახლოეს მომავალში ამ პროცესში მოსალოდნელია ქართველი დევნილების ჩართვაც. რუსეთის ასეთი ქმედებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში შუამავლის ფუნქციის განხორციელების ნაცვლად მოსკოვი შექმნილ მდომარეობას აფხაზეთის იურიდიულად მისაკუთრებისთვის იყენებს.

17 აგვისტოს რუსეთის სასაზღვრო საგუშაგო „კალაკის“ განმწესმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ოთხი ქართველი დააკავა, რომლებიც ცდილობდნენ არალეგალურად გადასულიყვნენ რუსეთში. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა 16 აგვისტოს საღამოს დააკავეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. მისივე ცნობით, მიმდინარე წლის მანძილზე რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებულია 190-ზე მეტი საზღვრის დამრღვევი პიროვნება.

ამავე დანაშაულისთვის არ ისჯებიან საქართველოს მოქალაქენი – ოღონდ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთი მკვიდრნი. როგორც ცნობილია, სავიზო რეჟიმი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ არ მოქმედებს. საქართველოს საშინაო საქმეებში ამ აშკარა და უხეშ ჩარევას თავისი გაგრძელება მოჰყვა და ეს ერთიანი გეგმის შემადგენელ ნაწილს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისზე ზეწოლის მცდელობას. მითუმეტეს, ასეთი მცდელობები ბოლო დროს, როგორც წესი, რუსეთისთვის უშედეგოდ მთავრდება ხოლმე და ამიტომ მოსკოვმა თბილისზე ზეწოლასა და ამ გზით სასურველი შედეგის მიღწევის მცდელობას, პირდაპირი მოქმედებები არჩია.

აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ

[ნადარეიშვილის ხმა] „არსებობს და არსებობდა გეგმა აფხაზეთის ჩამოცილების საქართველოდან, რომელიც 1993 წელს დასრულდა იარაღით აფხაზეთის მიტაცებაში ჩამოცილებაში. შემდეგ საჭირო იყო გარკვეული დრო და ეს დრო აღმოჩნდა 10 წელიწადი, სადაც უნდა შექმნილიყო ისეთი შთაბეჭდილება, ვითომ კონფლიქტი რეგულირდება, ვითომ ყველაფერი კარგად არის, მიდის შერიგება, რაღაც ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა, სოციალური საკითხების მოგვარება და როდესაც ამას მიაღწიეს, დაიწყეს მეორე ეტაპი, რომელსაც ჰქვია უკვე საქართველოს ეკონომიკური და იურიდიული მიტაცება. იურიდიულში მე ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთმა დაიწყო აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მიცემა.“

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებული წესით ქალაქ სოჭში და აფხაზეთის ტერიტორიაზეც კი ხორციელდება.

16 აგვისტოს საქართველოს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის პასპორტიზაციის საკითხი განიხილა, რომელზეც აღინიშნა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და რომ მასთან ბრძოლას საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით გეგმავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებისთვის გაგზავნილი ნოტა ჯერჯერობით უპასუხოდაა დარჩენილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კახა სიხარულიძის განცხადებით, აფხაზეთის პასპორტიზაცია ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და მას შეიძლება მოჰყვეს დესტაბილიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც. მიუხედავად ამისა, ქართული მხარე ამ საკითხებზე მოლაპარაკებების გამართვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. სიხარულიძის თქმით,

[სიხარულიძის ხმა] „ეს ისეთი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც მოლაპარაკების გამართვა აბსურდია, იმდენად, რამდენადაც ესეც ხელოვნური და აბსურდულად მოგონილი პრობლემაა. ეს არის სუვერენიტეტის ხელყოფა ქვეყნის, აქ ჩვენ მოსალაპარაკებელი არფერი არა გვაქვს არავისთან. არის ჩვენი პოზიცია, რომელიც არის დაფიქსირებული და არ გავაჩერებთ ძალისხმევას, ვიდრე ეს პრობლემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.“

მოლაპარაკებების გაგრძელებას მიზანშეუწონლად თვლის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვალერი ლოშინინიც. იგი თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც ქართული საჯარისო ნაწილები პანკისიდან ტერორისტებს რუსეთის ტერიტორიაზე ერეკებიან, „მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ხელშეკრულების“ შესახებ დიალოგის გაგრძელება რუსეთისთვის მიუღებელია. აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, აფხაზეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მართლაც მოითხოვა რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ ჩვენ პასპორტი არავისთვის მიგვიცია და ეს საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის პროცესშიაო.

მოლაპარაკებებზე უარის თქმა კი ორ ქვეყანას შორს არსებული რთული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებაზე მოწმობს.
XS
SM
MD
LG