Accessibility links

რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების თემას აფხაზეთისა და პანკისის <br>პრობლემების ჭრილში ერთ-ერთი მთავარი ადგილი


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების თემას აფხაზეთისა და პანკისის პრობლემების ჭრილში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ამ კვირის პრესაში.

16 აგვისტოს გაზეთი “ახალი თაობა” წერს, რომ “ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე მთავრობის მთელი შემადგენლობით დასწრებამ და სხდომის ჩვეული განრიგით გამართვამ საზოგადოება მარუხის უღელტეხილთან მომხდარი ინციდენტის მოგვარებაში საბოლოოდ დაარწმუნა. მით უმეტეს, როცა სახელმწიფო
მინისტრიც და სხვა კომპეტენტური პირებიც ძალზე დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებენ.

თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, არც მთლად ასეა საქმე: აფხაზური საბრძოლო შენაერთის გარკვეული ნაწილი კვლავ უღელტეხილთან იმყოფება. ამ
ინფორმაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილიც ადასტურებს. შესაბამისად, იგი ნაადრევად
თვლის საქართველოს ხელისუფლების მტკიცებას ინციდენტის ამოწურვის
შესახებ. მარუხის კონკრეტული ქართულ-აფხაზური ინციდენტი, არ არის გამორიცხული, მართლაც მალე ამოიწუროს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ბათიაშვილის განცხადება ძალას მაინც არ დაკარგავს – აკი კომიტეტის
თავმჯდომარის კომენტარში, თუნდაც შეფარვით, აქცენტი გაცილებით დიდი
საფრთხის შესაძლებლობაზეა გადატანილი. ბათიაშვილის ლოგიკის
უგულებელყოფა ნამდვილად ძნელია, რადგან საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ
რუსები და აფხაზები კოდორის ხეობის სხვადასხვა ადგილებში დესანტის
პერიოდულად გადმოსხმით მეთოდურად გვაჩვევენ იმას, თითქოს მათ
გამოხდომებში გასაკვირი და რეაგირებამისაცემი არც არაფერი იყოს. თანაც, სეპარატისტები და რუსები სწორედ იმ დროს თავხედობენ, როცა საქართველო დიპლომატიურ “ომში” წარმატებებს ნამდვილად აღწევს. ე.წ. ბოდენის
დოკუმენტის მიღებაზე, ასევე სამშვიდობო ძალების, თუნდაც, დსთ-ს მასშტაბით ინტერნაზიონალიზაციაზე რუსების დათანხმება ჩვენს დიპლომატიურ
წარმატებებს მართლაც ადასტურებს”.

შემდეგ “ახალი თაობა” წერს:

“ამგვარად, რუსებ-აფხაზებისა და ქართველების მოქმედებათა შორის კონტრასტი აშკარაა. კერძოდ, აფხაზები, უფრო მეტად კი რუსები, ამბობენ ერთს, აკეთებენ
მეორეს, ანუ კვლავ ორმაგი სტანდარტის მიხედვით მოქმედებენ – მათი მიზანია დიპლომატიურ ფრონტზე თეორიულად წაგებული ბრძოლა არავითარ
შემთხვევაში პრაქტიკაში არ აისახოს, მაშინ, როცა ქართველები რასაც ვამბობთ, ზუსტად იმას ვაკეთებთ. ასეთი წამგებიანი საფუძვლების პირობებში, ცხადია, ნებისმიერი, თუნდაც, აფხაზებთან პირისპირ დიალოგის წარმოებაც ნამდვილად
რთული საქმეა, მით უფრო, როცა ეს უკანასკნელები ბოლო პერიოდში მთლად გათავხედნენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მართლაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების შესაძლებლობა უკვე ამოიწურა. თუმცა, კონტრასტი ასეთ დასკვნასა და
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თვალსაზრისებს შორისაც
აშკარაა – საქართველოს უმაღლესი ხელისუფალნი ხომ მშვიდობიან მეთოდებს ამოწურულად ჯერ კიდევ არ თვლიან”.

16 აგვისტოს გაზეთი “რეზონანსი” აღნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე გამოხატა
თავისი უარყოფითი პოზიცია ახმეტის რაიონში მიმდინარე ქართული სამხედრო ქვედანაყოფების ანტიტერორისტულ წვრთნებთან დაკავშირებით. “რუსეთის პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ თბილისის მიერ დაგეგმილი ეს ოპერაცია რუსეთის ანტიტერორისტული კამპანიის ჩაშლას ისახავს მიზნად. რუსეთი კვლავინდებურად ადანაშაულებს თბილისს ტერორისტების მფარველობაში.
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ შევარდნაძის ხელისუფლება ტერორისტებს
მოჩვენებითად ებრძვის”.

გაზეთის აზრით, “ამ ბრალდებების ფონზე, წვრთნების მიმდინარეობისას
გამორიცხული არ არის მორიგი რუსული პროვოკაციის დაწყება”.

მაგალითად, პარლამენტარი თედო პაატაშვილი ამბობს, რომ რუსეთი
ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირებას ყველანაირად ეცდება. თედო
პაატაშვილმა “რეზონანსს” აგრეთვე განუცხადა: “შესაძლოა, გელაევის
გამოყენება ვერ შეძლონ, მაგრამ რუსეთს თითქმის ყველა ჩეჩნურ დაჯგუფებაში მოეპოვება სპეცსამსახურების აგენტი, რომლის საშუალებითაც მანიპულირებს”.

პანკისის პრობლემისადმი მიძღვნილ წერილში 16 აგვისტოს გაზეთი
“ხვალინდელი დღე” წერს, რომ “გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი
უახლოეს დღეებში ხეობაში დესანტის გადასხმას გეგმავს. პანკისის მოსახლეობა
კი საქართველოს ხელისუფლებას ხეობაში ჯარის შეყვანას სთხოვს.

თუმცა, როგორც კავკასიის ხალხთა საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე
აცხადებს, პანკისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ხეობაში ქართული
ჯარის შესვლას ითხოვს, იქ მცხოვრებთა ფართო წრის ინტერესებს არ
გამოხატავს”.

არეშიძის თქმით, ეს ადამიანები აშკარად შეცდომაშია შეყვანილი. მას მიჩნია, რომ ხეობაში ჯარის შესვლა, უპირველესად, მოსკოვს აძლევს ხელს, რადგან ამ ფაქტს რუსეთი თავისი შეიარაღებული დესანტის გადასხმისათვის გამოიყენებს.

ამ კვირაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მოლაპარაკებებმა, რომელიც რუსეთის გაზგამანაწილებელ კომპანია “იტერას” ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ პოტაპენკომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, ავთანდილ ჯორბენაძესთან გამართა. 15 აგვისტოს “რეზონანსი” წერს, რომ საქართველოს მთავრობა “იტერასთან”
რუსთავის ქიმკომბინატ “აზოტის” გადაცემისა და ერთობლივი საწარმოს შექმნის გარშემო აწარმოებს მოლაპარაკებებს. აქციების 51%-ის მფლობელი “იტერა”
იქნება, 49%-ის “თბილგაზი”. გაზეთის თქმით, “ერთი შეხედვით, ქართული მხარე რუსულ კომპანიას სერიოზულ მოთხოვნებს უყენებს. სათბობ-ენერგეტიკის
მინისტრის, დავით მირცხულავას ინფორმაციით, ქართული მხარე “იტერასაგან”
ქვეყნის ტერიტორიაზე უწყვეტ გაზმომარაგებას, “თბილგაზის” ვალების რესტრუქტურიზაციას და გაზსადენების რეაბილიტაციას ითხოვს. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, არ უნდა გაიზარდოს ტარიფი გაზზე, რასაც თვით “იტერა” ეთანხმება. უფრო მეტიც, კომპანიის მოთხოვნაა, ერთი კუბურ მეტრი ბუნებრივი
აირის ფასმა 27 თეთრიდან 23 თეთრამდე დაიწიოს.
სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯობენაძე მიღებულ გადაწყვეტილებას
ერთადერთ რეალურ გზად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამით ერთიანდება ორი
მხარის ინტერესები, რითაც გაზის პრობლემა თბილისში ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება.
თუმცა, მედლის მეორე მხარეს მომავლის სხვა ანარეკლი მოჩანს. საქმე ის არის,
რომ ერთობლივი საწარმოდან ცალმხრივ საკუთრებამდე ერთი ნაბიჯია
დარჩენილი და რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას სწორედ მაშინ უნდა
ველოდოთ, როცა ისედაც ვალებით დახუნძლული ქართული მხარე კიდევ უფრო
მეტად ვალებში ჩაეფლობა”.

შემდეგ“რეზონანსი” გვამცნობს, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის აზრით, “იტერას” ერთადერთი მიზანი არა “თბილგაზის” ექსპლოატაციიდან მოგების მიღებაა, არამედ ის, რომ ეს კომპანია გადაიქცეს გადახდისუნარიან საწარმოდ, რომელსაც შემდომ გაზს მიყიდის.
“თბილგაზთან” ერთობლივი საწარმოს შექმნით “იტერა” ბლოკირებას გაუკეთებს
ბაქო-თბილისი- ერზერუმის გაზსადენის პროექტს, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს საკუთარი გაზი ექნება, მაგრამ არ ეყოლება
მყიდველი”, – აცხადებს გოცირიძე, რომლის აზრით, საქართველოს სიკეთეს არ
მოუტანს ისეთი მონოპოლისტის შექმნა, რომელიც გაზის მიწოდებასთან ერთად დისტრიბუციასაც განახორციელებს.

“სამაგიეროდ, ერთობლივი საწარმოს შექნის იდეას მთავრობის სხდომაზე
პრეზიდენტი შევარდნაძე შეეხო. მისი თქმით, საქართველოს სხვა ალტერნატივა
არ აქვს, რადგან “თბილგაზში” უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი”.

16 აგვისტოს “რეზონანსის” ცნობით, “თუ საქართველოს მთავრობა “თბილგაზის” “იტერასთვის” გადაცემის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ფრაქცია
“დემოკრატები” პარლამენტის წინაშე – კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე, – პრეზიდენტის, სახელმწიფო მინისტრისა და შესაბამისი მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.
თავად ფრაქციის ლიდერი, გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან ეროვნული უშიშროების თვალსაზღისით სტრატეგიულად ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ობიექტის რუსეთისათვის გადაცემა, დანაშაულია”.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის კოტე კემულარიას განცხადებით კი, მათი ორგანიზაცია არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება რუსეთის “იტერას”,
მაგრამ ეჭვის სრული საფუძველი აქვს. მისი თქმით, “იტერა” იგივდება რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან, რომლებიც საკმაოდ აგრესიულ პოლიტიკას
აწარმოებენ საქართველოს მიმართ.

რაც შეეხება ქიმკომბინატ “აზოტს”, საქართველოში “იტერას” მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თამაზ პატარიძის განცხადებით,
პრეზიდენტის პოზიცია “აზოტის” “იტერასთვის” ვალში გადაცემის თაობაზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

“რეზონანსი” წერს, რომ “აზოტს” “იტერასი” 36 მილიონი დოლარი მართებს,
რის გამოც, კომპანია საწარმოს ვალში ჩათვლას ითხოვს. სანაცვლოდ კი ქარხნის სრული სიმძლავრით ამუშავებას, ხელფასების სამჯერ გაზრდას და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას ჰპირდება”.

“ეი-ე-ეს თელასის” მიერ თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, 17 აგვისტოს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში”
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაა გამოქვეყნებული. განცხადების მიხედვით, 16 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი მოსახლეობას არ დააწვება ტვირთად,
მას სახელმწიფო გადაიხდის”.

როგორც 17 აგვისტოს “ახალი თაობა” გვამცნობს, პრეზიდენტის
გადაწყვეტილებას ბევრნი უარყოფითად აფასებენ. მაგალითად, თბილისის
საკრებულოს წევრი კობა ბექაური მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯს დესტაბილიზაციისა
და ხალხის გამოსვლის შიში უდევს საფუძვლად. მისი თქმით, “ის დახმარება,
რომელიც ამერიკამ გამოყო, ეკუთვნოდა ხალხს და ქვეყანას. აქედან გამომდინარე,
ის უნდა მოხმარებოდა ქვეყანას და არა ელექტროენერგიის საფასურის
განსხვავების დაფარვას”.

“ტარიფი მაინც გაზრდილია, ამას საკრებულო არასდროს დაუშვებს. ეს 9 მილიონი დოლარი იყო ამერიკის დახმარება, პრეზიდენტს არ უნდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება”, – განუცხადა “ახალ თაობას” საკრებულოს წევრმა.
XS
SM
MD
LG