Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ოფიცრის გატაცება – ჩვეულებრივი კრიმინალი თუ კრიზისი


მეგობარი სახელმწიფოების მიერ ყველაზე კრიტიკულ მომენტში

აღმოჩენილი მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარების მიუხედავად, საქართველოში "ცხელი წერტილების" რაოდენობა დღითიდღე იზრდება. პანკისისა და კოდორის ხეობის პარალელურად, კვირის ბოლოს უკიდურესად გამწვავდა ვითარება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სადაც დაუდგენელმა პირებმა 16 აგვისტოს ქართული სამშვიდობო ბატალიონის ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ დურგლიშვილი გაიტაცეს. აღსანიშნავია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტისგან განსხვავებით, ათწლიანი სამხედრო-სამშვიდობო ოპერაცია ცხინვალის ზონაში იმდენად აუმღვრევლად მიედინებოდა, რომ ოფიციოზი მომხდარ დანაშაულში გადაჭრით გამორიცხავს პოლიტიკურ მოტივებს. თუმცა, არც იმის გაუთვალისწინებლობა შეიძლება, რომ ბოლო დროს ცხინვალის სამშვიდობო პროცესში გარკვეულმა კრიზისმაც იჩინა თავი.

ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ დურგლიშვილის გატაცება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს. სამშვიდობო ოპერაციის ათი წლის მანძილზე ასეთი სახის კრიმინალს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დიდ ხანია ადგილი არ ჰქონია. თანაც გატაცებულ ოფიცერს, რომელსაც ოსი ეროვნების მეუღლე ჰყავს, კარგად იცნობდნენ თვითაღიარებული სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის სამთავრობო წრეებში, რის გამოც დურგლიშვილის გატაცება შურისძიების მოტივით იმთავითვე გამოირიცხა და უპირატესობა ფულის გამოძალვის ვერსიას მიენიჭა.

კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ ქებაძის თქმით, ეს ვერსია კიდევ უფრო გაძლიერდა იმ ანონიმური ზარის შემდეგ, რომელიც სამშვიდობო ძალების შტაბის ოპერატიულ სამორიგეოში 16 აგვისტოს საღამოს დაფიქსირდა.

[ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ ქებაძის ხმა] "გუშინ იყო ანონიმური ზარი ოპერატიულ მორიგესთან, ამ ჩვენი სამშვიდობო ძალების. რუსულად საუბრობდა ვიღაც უცნობი, რაღაც აქცენტით, რომელმაც დარეკა, რომ ცოცხალიაო, ჯანმრთელიაო და ალბათ მოითხოვენ გამოსასყიდსო და გაითიშა ტელეფონი."

აღსანიშნავია, რომ ცხინვალის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის ათი წლის განმავლობაში, სამმხრივ რუსულ-ქართულ-ოსური ბატალიონის წევრებსა და მოსახლეობას შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდა. შეიძლება პარადოქსულადაც ჟღერდეს, მაგრამ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე უფრო ხშირად ქართული სამშვიდობო ბატალიონის წევრებს შორის ხდებოდა, ვიდრე მოკონფლიქტე მხარის წარმომადგენლებთან.

1994 წელს, ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად, ქართულმა სამშვიდობო ბატალიონმა სამი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ძიების შედეგად დანაშაულში იმავე ბატალიონის ორი მებრძოლი აღმოჩნდა ეჭვმიტანილი. მაგრამ ამით კრიმინალური ქაოსი ქართული სამშვიდობო ძალებში არ დამთავრებულა. 1997 წელს რიგითმა ბერიძემ ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი დავით ცხვედაძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ კაბინეტში დაცხრილა.

ამასთან, მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, თბილისიდან ჩასულ გამომძიებლებს ბატალიონში ერთი და იგივე ვერსია ხვდებოდა – დანაშაული ჩადენილია აფექტის მდგომარეობაში, ან იარაღის გაუფრთხილებლად გამოყენებით. თუმცა, არსებობდა განსხვავებული ვერსიებიც, რომლის შესახებ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა.

ეს დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა 1992-95 წლებში, სამშვიდობო ოპერაციის საწყის ეტაპზე, როდესაც ცხინვალის შესასვლელს სამხედროები აკონტროლებდნენ. ამ პერიოდში სწორედ ცხინვალის გზით გაედინებოდა რუსეთისკენ საქართველოს ტერიტორიაზე ნაძარცვი ავტომობილები, იქიდან კი, სანაცვლოდ, ძირითადად ნარკოტიკული ნივთიერები შემოედინებოდა. ამ ბიზნესს კი, რომელსაც ხშირად ახლდა თან სისხლიანი გარჩვევები და ადამიანთა გატაცებები, ძირითადად "მხედრიონისა" და ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან დაკომპლექტებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ.

არსებულ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად მიჩნეულ იქნა ბატალიონის დაშლა და მისი ახალი პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება. 1997, წელს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონი ახალციხის მოტომსროლელი ბრიგადის ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდა, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარზომა აღმოჩნდა.

გამოირკვა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობას არ ჰქონდა მოფიქრებული როტაციის ეფექტიანი მექანიზმი, რასაც ბევრ სიკეთესთან ერთად, ერთი მთავარი ღირსება აქვს – პირადი შემადგენლობა იცვლება უფრო ადრე, ვიდრე სამხედროები არსებულ ვითარებაში გათქვეფას მოასწრებენ. საგულისხმოა, რომ ეს უპირატესობა უფრო ადრე აღმოაჩინეს სამშვიდობო ოპერაციის სხვა წევრებმა და სულ მალე როტაციის პრინციპი სავალდებულო გახდა კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული და ოსური ბატალიონებისთვის.

წინამორბედების შეცდომის გამოსწორებას ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე შეეცადა. 1999 წელს მან წამოაყენა იდეა, რომ ცხინვალის მისადგომებთან მყოფი სამშვიდობო ბატალიონი კოსოვოდან ჩამოსული ქართველი მშვიდობისდამცველებით პერმანენტულად განახლებულიყო. მაგრამ ყველაფერი ფუჭი ლაპარაკი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, კოსოვოგამოვლილი ქართული ოცეული, რომლის პროფესიონალიზმი აშკრად დადებითად იმოქმედებდა საქართველოს ავტორიტეტზე, ცხინვალთან დღემდე არავის უნახავს.

სამაგიეროდ, საქართველოს თავადცვის სამინისტრომ ერთი თვის წინ მიიღო უცნაური გადაწყვეტილება და ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციაში ჩაბმულ ქართულ ბატალიონს, ბოლო მომენტში, მონაწილეობის მიღება აუკრძალა სამშვიდობო ძალების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმში, რომელიც ცხინვალის სტადიონზე უნდა გამართულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს შესაძლოა არავითარი პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს ქართველი ოფიცრის ამასწინანდელ გატაცებასთან, სოფელ ნიქოზში დისლოცირებული ქართველი მშვიდობისდამცველების თქმით, ასეთი დემარშის შემდეგ ურთიერთობა ქართული ბატალიონის წარმომადგენლების მიმართ აშკარად გაუარესდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG