Accessibility links

logo-print

ისრაელი პალესტინელთა ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანაზე დათანხმდა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას 18 აგვისტოს პალესტინელები და ისრაელი მორიგდნენ, რომ ისრაელი დაიწყებს თავისი ჯარების გაყვანას ღაზის სექტორიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ბეთლემიდან.



შეთანხმების პირობებით, ისრაელის ჯარისკაცების ადგილს დაიკავებენ პალესტინელთა უშიშროების ძალები, რომლებიც არ მისცემენ ექსტრემისტულ ჯგუფებს ამ რეგიონებიდან ტერორისტული აქტების განხორციელების საშუალებას.

ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა სისხლიანი შეტაკებების შემდეგ, რომლებიც თითქმის ორი წელი გრძელდება, ექსტრემისტული ორგანიზაცია “ჰამასის” განცხადება რომ არა. ორშაბათს “ჰამასის” პრესმდივანმა ისმაილ ჰანიამ თქვა, რომ მისი ორგანიზაცია ისრაელზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.

შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილ იქნა თელ-ავივში სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენიამინ ბენ-ელიეზერისა და პალესტიენლთა შინაგან საქმეთა მინისტრ აბდელ რაზაყ იაჰიას შორის, ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ” მოწოდებას შეიცავს.

ჰანიას თქმით, “შეთანხმება არის ისრაელის მცდელობა, შეაჩეროს ინტიფადა. პალესტინელთა აჯანყება არის თავდაცვის კანონიერი ზომაო,” უთხრა “ჰამასის” წარმომადგენელმა ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარკ სოფერმა კი შეთანხმება შეაფასა, როგორც “იმედის ნაპერწკალი”, ამასთან დაამატა, რომ ისრაელი პალესტინელთა ხელისუფლებისგან “ჰამასისა” და სხვა ექსტემისტების ტერორისტული საქმიანობის აღკვეთას მოელის.

“თუ პალესტინელები შეძლებენ და მოინდომებენ უსაფრთხოების სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას, ჩვენ შეგვეძლება პალესტინელთა ჰუმანიტარული და ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება. მაგრამ საწუხაროდ, რეგიონიდან ჩვენი ჯარების გაყვანიდან ან საკონტროლო პოსტიებდან ჩვენი ძალების მოხსნის ხუთი წუთის შემდეგ, ჩვენ ვეღარ შევამჩნევთ თვითმკვლელ ტერორისტს ან ბომბებით დატენილ მანქანასო” თქვა სოფერმა.

კვირას ბენ-ელიეზერმა განაცხადა კაბინეტის სხდომაზე, რომ ბოლო კვირის განმავლობაში პალესტინელთა თავდასხმების რიცხვი შემცირდა, მაგრამ ეს უფრო ისრაელის ოპერაციების ეფექტიანობას მიეწერება, ვიდრე პალესტინელთა თავშეკავებას.

მრავალი თვის დაპირისპირების შემდეგ, ეს შეთანხმება პირველი პოზიტიური ნაბიჯია სამშვიდობო დარეგულირების მიმართულებით.

კვირასვე ბენ-ელიეზერი შეხვდა გაეროს ჰუმანიტარული პროგრამის საგანგებო წარგზავნილს კეთრინ ბერტინის პალესტინელთა მდგომარეობის გაუმჯოებესის თაობაზე. პალესტინელები დღეების განმავლობაში არიან გამოკეტილი თავიანთ სახლებში ისრაელის მიერ დაწესებული კომენდანტის საათის გამო, რაც გამანადგურებელ გავლენას ახდენს მათ ეკონომიკაზე.

კვირას ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა დროებითი გადაწყვეტილება – აუკრძალა არმიას ე.წ “მეზობლური პროცედურა”, რომლის მიხედვით, ისრაელის ჯარისკაცები აიძულებდნენ მშვიდობიან პალესტინელ მოქალაქეებს, დაეკაკუნებინათ იმ სახლის კარზე, სადაც გაჩხრეკისა და დაკავების ოპერაცია იყო გათვალისწინებული.

გასულ კვირაში ჯარისკაცებმა უბრძანეს 19 წლის ნიდალ დარაღმეს, მისულიყო პალესტინელი ექსტრემისტის კართან და შეეთავაზებინა დანებება. დარაღმეს სახლიდან ესროლეს და მოკლეს. ისრაელისა და პალესტინელთა ადამინის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა ერთობლივ პეტიციაში ამგვარი პრაქტიკის შეწყეტა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG