Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის ყოფილი ოფიციალური პირი უარყოფს, რომ იცოდა მასუდის მკვლელობაში ბინ ლადენის მონაწილეობის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 2001 წლის 9 სექტემბერს ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლებმაც ავღანეთის ჩრდილოეთის ალიანსის მეთაურს აჰმად შაჰ მასუდს თავი ტელეჟურნალიტებად წარუდგინეს,

ინტერვიუს მსვლელობაში ააფეთქა ბომბი და მოკლა მასუდი.

მას შემდეგ არ წყდება ვარაუდები, რომ მასუდის მკვლელობაში “ალ-ყაიდის” ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ხელი ერია.

პარასკევს, 16 აგვისტოს თალიბანის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოლა მუჰამედ ხაკსარმა ასოშიეიტედ პრესის სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ იცის, რომ ბინ ლადენი პირდაპირ იყო ჩარეული მასუდის მკვლელობაში. ხაკსარის სიტყები ციტირებულ იქნა სააგენტოს ისლამაბადის ბიუროს უფროსის ჟურნალისტ კათი კანონის მასალაში.

ხაკსარმა უთხრა ჟურნალისტს, რომ მასუდის მკვლელობის დღეს, საუდის არაბეთის ორმა მოქალაქემ, რომელებიც, ხაკსარის აზრით, “ალ ყაიდის” წევრები იყვნენ, უთხრეს მას, რომ მკვლელობა ბინ ლადენის პირდაპირი განკარგულებით მოხდა. ხაკსარის თქმით, საუბარი მიმდინარეობდა თალიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის აბდულ რაზაკის მამის პანაშვიდზე.

ორი დღის შემდეგ, ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან საუბარში, ხაკსარმა განაცხადა, რომ ასოშიეიტედ პრესის კორესპონდენტმა მას სწორად ვერ გაუგო და დაამახინჯა მისი სიტყვები.

ხაკსარმა დაადასტურა, რომ პანაშვიდზე შეხვდა საუდის არაბეთის ორ მოქალაქეს, მაგრამ, თქვა მან, ბინ ლადენის განკარგულების შესახებ არ გვილაპარაკიაო.

ასოშიეიტედ პრესი დაჰპირდა ჩვენს რადიოს, რომ შეამოწმებს ინფორმაციას. თვით კათი კანონთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ხაკსარმა ისიც თქვა, რომ პანაშვიდზე არავის არ დაუძრავს კრინტი 11 სექტემბრის ტერაქტებზე, თუმცა იქამდე მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი.
ისე რომ, არ არის გასაკვირი, თუ გაცილებით უფრო მცირმასშტაბიან ტერაქტზე – მასუდის მკვლელობაზე – არ ულაპარაკიათ.

ვაშინგტონის აზრით, ბინ ლადენს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზადდება მასუდის მკვლელობა, მაგრამ ამერიკელებმა არ იციან, რა დონემდე იყო ბინ ლადენი ამ საქმეში ჩარეული.

ასოშიეიტედ პრესი ვარაუდობს, რომ ბინ ლადენმა შეიძლება იმიტომ გაანადგურა მასუდი, რომ თალიბანის ლიდერის მოჰამედ ომარის მადლობა დაემსახურებინა. და თუ შეერთებული შტატები 11 სექტემბრის შემდეგ ავღანეთს დაესხმოდა თავს, თალიბანის მფარველობა არ მოჰკლებოდა.

ტერორისტები ავღანეთში ბელგიიდან ჩავიდნენ ყალბი დოკუმეტებით. ერთი თვის შემდეგ მასუდის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით ლონდონსა და პარიზში ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ის, ვინც მკვლელები ყალბი დოკუმენტებით უზრუნველყო.

ხაკსარი იყო თალიბანის პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ქაბულის დაცემის შემდეგ ზურგი აქცია თავის ორგანიზაციას. დღეს ის ირწმუნება, რომ ყოველთვის უჭერდა მხარს ავღანეთის კოალიციური მმართველობის იდეას, მთავრობისა, რომელშიც ყველა ეთნიკური და პოლიტიკური ჯგუფი (მათ შორის ჩრდილოეთის ალიანსი) იქნებოდა წარმოდგენილი. და რომ პირადად მასუდს ის ყოველთვის დიდ პატივს სცემდა.
XS
SM
MD
LG