Accessibility links

logo-print

წყალდიდობა ცენტრალურ ევროპაში


ცენტრალურ ევროპაში გრძელდება წყალდიდობა. კვლავაც მძიმე მდგომარეობაა გერმანიაში, თუმცა საქსონიის დედაქალაქ დრეზდენში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა გასულ კვირაში, წყალი უკვე იკლებს.

წყალმა სარეკორდო დონეს მიაღწია ბუდაპეშტში, მაგრამ ზარალი არ მოუტანია ქალაქისთვის. აღდგენითი სამუშაოები დაიწყო ჩეხეთის რესპუბლიკაში და სლოვაკეთში. პრაღაში ისტორიული ცენტრი და ზოგიერთი სხვა რაიონი კვლავაც დაკეტილია. ქალაქის ცენტრში დაკეტილია წყალდიდობით დაზიანებული მეტროს სადგურები, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, წლის ბოლომდე არ გაიხსნება.
კვირას ბერლინში გაიმართა ე.წ. ”წყალდიდობის სამიტი”. გერმანიის კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის მიწვევით გერმანიის დედაქალაქში ჩავიდნენ ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის მთავრობათა ხელმძღვანელები, აგრეთვე ევროკომისიის თავმჯდომარე რომანო პროდი. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, რომ გადაწყვეტილია 500 ევროს ოდენობის საგანგებო ფონდის შექმნა კატასტროფების შედეგების აღმოსაფხვრელად.
მაგრამ ბერლინის სამიტმა ნათელყო, რომ პოლიტიკოსთა ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა უკვე არსებული რეზერვების მობილიზაციისკენ არის მიმართული. მაგალითად, პროდიმ განაცხადა, რომ ჩეხეთისა და სლოვაკეთის დასახმარებლად ამოქმედდება ევროპის კავშირში უკვე არსებული ფინანსები, რომლებიც კავშირში მიღების კანდიდატებისთვის არის განკუთვნილი. ევროპა ამ მძიმე წუთებში სოლიდარობის ევროპად უნდა იქცესო, დასძინა პროდიმ.
სოლიდარობა მართლაც არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ცენტრალურ ევროპაში მომხდარი კატასტროფებისა. სოლიდარობა ქვეყნებს შორის, სოლიდარობა ცალკეული ქვეყნის მოქალაქეებს შორის. მაგალითად, გერმანელი მიმომხილველები ხშირად აღნიშნავენ, რომ წყალდიდობამ კარგად წარმოაჩინა, მრავალი ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემის მიუხედავად რამდენად გამთლიანებულა გერმანია გაერთიანების შემდგომ პერიოდში.
კატასტროფის ჟამს მკრეხელობად ჟღერს იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცამ მოიგო და გამორჩენა ჰპოვა. მაგრამ სავსებით ცხადია, რომ გერმანიის მმართველმა კოალიციამ საგრძნობლად გაიუმჯობესა წინასაარჩევნო იმიჯი.
კანცლერი, სოციალ-დემოკრატების ლიდერი გერჰარდ შრიოდერი ადრეც ცნობილი იყო როგორც კრიზისების კარგი მენეჯერი. თავისი ინიციატივებით იგი ახლაც იოლად ახერხებს თავისი მეტოქის, ოპოზიციის ლიდერის და კანცლერობის კანდიდატის ედმუნდ შტოიბერის დაჩრდილვას.
იმიჯს რაც შეეხება, განსაკუთრებით ”აიწია მარკა” მწვანეთა პარტიამ. ახლა, როცა სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ კოკისპირული წვიმები ეკოლოგიური ბალანსის დარღვევითაა გამოწვეული, მწვანეები მოიაზრებიან გარემოს დაცვის ყველაზე კომპეტენტურ ექსპერტებად.
XS
SM
MD
LG