Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის და რა პრინციპების ირგვლივ გაერთიანდნენ ეროვნულ-დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატები და ტრადიციონალისტები


“ურთიერთობის სრულიად ახალი სისტემა ქართულ პოლიტიკაში” – ასეთი კომენტარი გაუკეთა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭოს შექმნას.

ამ ახალი გაერთიანების დეკლარაციას სამი პოლიტიკური ორგანიზაცია შეუერთდა: “ეროვნულ- დემოკრატიული პარტია”, “გაერთიანებული დემოკრატები” და “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი”. აღნიშნულ ორგანიზაციათა ლიდერებმა საკოორდინაციო საბჭოს ოფიციალური გაფორმება გიორგი ჭანტურიას დაბადების დღეს დაამთხვიეს. “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი” და “ახალი მემარჯვენეები” ახალი გაერთიანების მიღმა დარჩნენ, თუმცა, პოლიტიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ გაერთიანების ინიციატივას თავის დროზე ისინიც გამოეხმაურნენ.

ეროვნულ- დემოკრატების, გაერთიანებული დემოკრატებისა და ტრადიციონალისტების საერთო მიზნებით გაერთიანება მოულოდნელი არ ყოფილა და არც პოლიტიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ გაერთიანების მიზნის ქვეშ სამად სამი ორგანიზაციის შემორჩენა არის ისეთი სიახლე, რომელსაც არავინ ელოდა.
19 აგვისტოს გაფორმებული საკოორდინაციო საბჭო არის შედეგი ინიციატივისა, რომელსაც ბიძგი თემურ ხაჩიშვილის, გიგა გელაშვილის და გურამ პაპუკაშვილის შეწყალებამ მისცა და, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერისგან წამოვიდა. ამ ინიციატივას თვე-ნახევრის წინ “ნაციონალური მოძრაობის” და “ახალი მემარჯვენეების” გარდა, რამდენიმე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციაც გამოეხმაურა, მაგრამ, წარსული ურთიერთდაპირისპირებების დაძლევა სამმა ორგანიზაციამ შეძალო.

“ახალი მემარჯვენეები” გაერთიანების წინა შეხვედრებზე დაუსწრებლობას სხვადასხვა ფორმალური მიზეზებით ხსნიდნენ და ამით მოსალოდნელ გამიჯვნას ადასტურებდნენ. “ნაციონალური მოძრაობა –დემოკრატიული ფრონტის “ ლიდერებმა კი საკუთარი უარი რამდენიმე მოტივით ახსნეს: პირველი – “ნაციონალური მოძრაობა” განაწყენებულია იმის გამო, რომ თბილისის ახალი საკრებულოს შეკრება “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” სარჩელმაც შეაფერხა; მეორე – ნაციონალები მიიჩნევენ, რომ მათთან გაერთიანებული გამსახურდიას მომხრეები ვერ ითანამშრომლებდნენ ძალებთან, რომლებიც თბილისის ომის დროს ბარიკადების სხვა მხარეს იდგნენ; პრობლემა რესპუბლიკელებშიც უნდა ვიგულისხმოთ, მათ ეროვნულ-დემოკრატებთან თანამშრომლობაზე უარი არც თუ დიდი ხნის წინ თქვეს, და მესამე – როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანებულ ძალებს არა აქვთ ჩამოყალიბებული მკვეთრი პოზიცია შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ.
მოკლედ, პოლიტიკურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც ზურაბ ჟვანია პოლიტიკურ ძალთა ურთიერთობის სრულიად ახალ სისტემას ხედავს, ჯერჯერობით, სამსუბიექტიანია. ის არ წარმოადგენს პოლიტიკურ გაერთიანებას, არც წინასაარჩევნო ალიანსს, რადგან ლიდერების – აკაკი ასათიანის, ზურაბ ჟვანიას და ირინა სარიშვილი-ჭანტურიას თქმით, უფრო მაღალი იდეებით ნაკარნახევი ერთობაა:

[აკაკი ასათიანის, ზურაბ ჟვანიას და ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმები]

აკაკი ასათიანი:“ამოცნაა მარტივი, რომ ერთი წლის თავზე აქ იყოს საშუალება ნორმალური საარჩენო გზით განვითარდეს ქვეყანა.”

ზურაბ ჟვანია: “ ეს იქნება თანამშრომლობა, რათა არ დავუშვათ პოლიტიკის საბოლოო კრიმინალიზაცია, არ დავუშვათ ის, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ სცადოს თავისი უძიმესი პრობლემების არაკონსტიტუციური გზით გადაწყვეტა.”

ირინა სარიშვილი-ჭანტურია: “ჩვენ საკმაოდ სერიოზული ადამიანები ვართ საიმისოდ, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები არ დავუშვათ. ჩვენ არ შევალთ პოლიტიკურ კინკლაობაში არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან.”

იდეის მიხედვით, 19 აგვისტოს გაფორმებული საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს თანამშრომლობის ისეთი პრინციპებით, როგორსაც თავის დროზე გიორგი ჭანტურია ამუშავებდა. გამართავს კონსულტაციებს კონსტიტუციური რეფორმისთვის, საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფისთვის, ქართული პოლიტიკის ზნეობრივი კოდექსის შექმნისთვის და, რაც მთავარია, ხელისუფლების კანონიერი გზით შეცვლის მიღწევისთვის.
XS
SM
MD
LG