Accessibility links

logo-print

ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში


საქართველოში მიმდინარე "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა ამერიკის სამხედრო წრეებისა და პოლიტიკური ელიტის ყურადღების ცენტრში რჩება.

ორშაბათს საქართველოში სტუმრად ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ფრედ ტომპსონი, რომლებიც ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იაღლუჯის პოლიგონზე "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მიმდინარეობას გაეცნობიან. 19 აგვისტოს კი ამერიკელმა სენატორები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოს შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ მომზადებული ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაციას დაესწრნენ.

საერთაშორიოსო რესპუბლიკური ინსტიტუტი დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერ არაკომერციულ და არაპარტიულ ორგანიზაციას წარმოადგენს და საკუთარ პროგრამებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. მათში ძირითადი ადგილი სამოქალაქო პასუხისმგებლობას, საკანონმდებლო პროცესებს, პოლიტიკური პარტიების ფორმირების სტრატეგიებს, საარჩევნო კამპანიებს და პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობისა და მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ჩაბმას ეთმობა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მსგავსად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების, ახალი პოლიტიკური ლიდერების ფორმირებისა და ცივილიზებული საარჩევნო სისტემის დანერგვის თვალსაზრისით. საქართველოს მოქალაქეთა და საერთაშორისო ორგანიზაციების უკეთ ინფორმირების მიზნით, ინსტიტუტმა სპეციალური ორენოვანი ვებ-გვერდი შექმნა, რომლის გახსნას ამერიკის საელჩოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარე, სენატორი ჯონ მაკკეინი ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საინტერნეტო გვერდზე საქართველოს შესახებ ჯერჯერობით სულ რამდენიმე მასალაა განთავსებული, სენატორი მაკკეინი ვებ-გვერდის შექმნას "დემოკრატიისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად" მიიიჩნევს და აცხადებს, რომ "რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ამომრჩეველს, მით უფრო გაიზრდება კონკურენცია პოლიტიკურ სისტემაში." ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე სენატორმა მაკკეინმა საქართველოში კორუფციის საშიშროებაზეც გაამახვილა ყურადღება:
[ჯონ მაკკეინის ხმა] "რასაკვირველია, ჩვენ დაინტრესებული ვართ კორუფციის პრობლების გადაწყვეტით ყველგან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვსურს, რომ ამ თვალსზარისით უფრო მეტ პროგრესს ვხედავდეთ. თუმცა, ჩვენ დადებითად ვაფასებთ ოპოზიციური პარტიების ფორმირების პროცესს, რომელიც ხელს უწყობს მთლიანად პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას და ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს."

საქართველოს ხელისუფლება გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსის და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის სტუმრობას, საქართველოსადმი მორალური და პოლიტიკური დახმარების გამოხატვად მიიჩნევს. სენატორ მაკკეინს არ დაუმალავს, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთ მთავრ მიზანს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად პანკისის ხეობაში შექმნილი პრობლემის განხილვა წარმოადგენს.

[სენატორ ჯონ მაკკეინის ხმა] " მე ვიცი, რომ ეს ძალიან რთული, ზოგიერთი შეფასებით კი, გადაულახავი პრობლემაა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ ორივე მხარე – რუსეთი და საქართველო მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, ვიდრე ვითარება კიდევ უფრო სახიფათო გამხდარა."

სენატორ მაკკეინის განცხადებით, ამერიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას, რის საპასუხოდაც საქართველოში "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა ხორცილდება. სამშაბათს ამერიკელი სენატორები სწორედ სწავლების ადგილის მონახულებას და ამერიკელ და ქართველ სამხედროებთან შეხვედრას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG