Accessibility links

logo-print

წარსულის გააზრება დასავლეთსა და ყოფილ კომუნისტურ სამყაროში. რუმინეთი


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა განვაგრძობთ გადაცემათა სერიას დასავლეთისა და აღმოსავლეთი

ევროპის ქვეყნების მიერ საკუთარი ისტორიის ბნელი ფურცლების გააზრებისა და აღიარების სიძნელეების შესახებ.

დღეს ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის ჩარჩოებში “ათასწლეულთა მიჯნაზე” რუმინეთის შესახებ გესაუბრებით.

მე-20 საუკუნის ნახევარი – 1938-დან 1989 წლამდე – რუმინეთმა დიქტატურის ქვეშ გაატარა. კომუნიზმის დამხობიდან თითქმის 13 წლის შემდეგ რუმინელებს დღესაც უჭირთ საკუთარი ისტორიის უბნელესი მომენტების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობა. ბევრს შეუძლებლად მიაჩნია იმის აღიარება, რომ მათი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დიქტატორის იონ ანტონესკუს მმართველობის ქვეშ მონაწილეობდა ჰოლოკოსტში – ებრაელების მიზანდასახულ განადგურებაში.

მარტში რუმინეთის მთავრობამ გადაწყვიტია, რომ ჰოლოკოსტის საჯაროდ უარყოფა დანაშაულია, რომელსაც სასჯელი მოჰყვება; მთავრობამ აკრძალა აგრეთვე მონუმენტების აგება ისეთი პირებისთვის, რომლებიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიოდნენ. ამ გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ წამოჭრა მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა განადგურებაზე ანტონესკუს პასუხიმგებლობის საკითხი.

პრემიერ-მინისტრმა ადრიან ნასტასემ მხოლოდ ახლახან, გასულ მარტში აღიარა, რომ რუმინეთმა, მისი სიტყვით, “უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის წარსულზე”. ამავე დროს თქვა, რომ არ შეიძლება “მთელი რუმინელი ხალხის დადანაშაულება მხეცობებში, რომლებიც ქვეყნის ომისდროინდელმა მთავრობამ ჩაიდინა.”

ამერიკელი ისტორიკოსი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, აღმოსავლეთი ევროპის თანამედროვე ისტორიის სპეციალისტი იშტვან დიკი ამბობს, რომ რუმინელებს, ზოგიერთი ისტორიკოსის ჩათვლით, არა აქვთ ისეთი სრული წარმოდგენა მეორე მსოფლიო ომის მოვლენების შესახებ, როგორც, მაგალითად, დასავლეთ გერმანელებს. ბევრი დღემდე თვლის, რომ რუმინეთი სამაგალითოდ იქცეოდა და რომ რუმინეთის მაშინდელი მთავრობა ებრაელებს იფარავდა.

1941-1944 წლებში რუმინეთი ნაცისტური გერმანიის მოკავშირე იყო. დასავლელი ისტორიკოსების სიტყვით, რუმინეთსა და მის მიერ ორკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მილიონიანი ებრაული მოსახლეობიდან მეოთხედი განადგურდა.

მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ომისწინა პერიოდის 600 ათასამდე ებრაელთა ნახევარი გადარჩა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ 1942 წლის შემოდგომაზე ანტონესკუმ შეწყვიტა ებრაელების საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა რუმინეთის ცენტრალური და სამხრეთი რეგიონებიდან.

დიკის აზრით, ანტისემიტმა ატონესკუმ რომელიღაც მომენტში გაიაზრა, რომ გერმანელები ომს აგებენ და საჭიროდ სცნო დარჩენილი ებრაელების გადარჩენა.

რუმინელი ისტორიკოსები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სწორედ ამ 300 ათასი ებრაელის გადარჩენას ახსენებდნენ, და სავსებით უგულებელყოფდნენ 1941-42 წლებში ებრაელთა მკვლელობას. მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ მათმა ქვეყანამ, მიუხედავად იმისა რომ ჰიტლერთან ალიანსში იყო, მოახერხა ებრაელების გადარჩენა განადგურებისგან და რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ცალკეულ სამწუხარო ინციდენტებს.

სამაგიეროდ, რუმინელები თითს მეზობელი უნგრეთისკენ იშვერენ, სადაც, ამბობენ ისინი, ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში გადამეტებული გულმოდგინეობით აგზავნიდნენო.

დასავლელი ისტორიკოსების თქმით, უნგრეთმა მოახდინა 150 ათასი ებრაელის დეპორტაცია ჩრდილოეთი ტრანსილვანიიდან. რუმინეთის ეს პროვინცია ომის პერიოდში უნგრეთის კონტროლის ქვეშ იყო.

რუმინელი ისტორიკოსის ანდრეი პიპიდის აზრით, ის, რომ რუმინეთი ოფიციალურად უსვამს ხაზს 1942 წლის შემდეგ ებრაელების გადარჩენას, შეიძლება სინდისი ქეჯნის ნიშანი იყოს

“სინამდვილეში არავის არ სჯერა, რომ რუმინელები ებრაელთა გადამრჩენები იყვნენ”, ამბობს პიპიდი. მისი სიტყვით, რუმინელები თავს ყოველთვის მეზობლებს ადარებენ, ჰოლოკოსტის მსხვერპლს უნგრეთში და არა თავისთან ითვლიან და ჰგონიათ, რომ სხვებზე უკეთეს პოზიციაში არიან.”

დიკიც ადასტურებს, რომ რუმინელები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ყველაზე უარესად არ იქცეოდნენ, მაგრამ საქმე არც საამაყოდ აქვთ.

ანტონესკუ, როგორც ომის დამნაშავე, 1946 წელს სიკვდილით დაისაჯა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ მყოფი რუმინეთის სამხედრო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი განაჩენით.

ბოლო დროს ულტრანაციონალიტსებმა, არმიის ზოგიერთი ოფიციალური წარმომდგენლის მხარდაჭერით, ანტონესკუს რეაბილიტირება სცადეს. დაიდგა რამდენიმე ძეგლი, რამდენიმე ქუჩას მისი სახელი დაერქვა. ამას ჰოლოკოსტს გადარჩენილთა ორგანიზაციებისა და დასავლეთის ოფიციალური პროტესტები მოჰყვა.

მხოლოდ 1999 წელს შევიდა ისტორიის სახელმძღვანელოებებში ჰოლოკოსტი, როგორც სავალდებულოდ შესასწავლი თემა. მიუხედავად ამისა, მაღალი კლასების ზოგიერთი სახელმძღვანელო დღემდე საერთოდ არ ახსენებს ჰოლოკოსტში რუმინეთის მონაწილეობას. სხვებში თუ გაკვრით არის ნახსენები ანტონესკუს მმართველობის პერიოდში ჩადენილი მხეცობები, ყურადღება ძირითადად ებრაელების გადარჩენაზეა გამახვილებული.

იმ მცირერიცხოვან სახელმძღვანელოებში, რომელშიც ახსენებენ ებრაელთა დეპორტაციას და განადგურებას, მსხვერპლის რიცხვი “ათასობით” ან “ათიათასობით” არის მოცემული. არ არის ნათლად ახსნილი, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი.

მაგრამ, როგორც ჩანს, რუმინელებს არ ადარდებს ეს ბუნდოვნობა მათ ომისდროინდელ ისტორიაში ისევე, როგორც უფრო ახლო წარსული – ჩაუშესკუს კომუნისტური დიქტატურა და მისი დამხობის სისხლიანი მოვლენები.

ჩაუშესკუ მისი საიდუმლო პოლიცია “სეკურიტატეს” მეშვეობით თითქმის 25 წლის განმავლობაში რკინის ხელით მართავდა რუმინეთს, და ქვეყანა სრულ გაღატაკებამდე და დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციამდე მიიყვანა.

სისხლიანი აჯანყება 1989 წლის დეკემბერში ჩაუშესკუს ჩამოგდებითა და მისი სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯით დამთავრდა

იმ მოსვლენებიდან თითქმის 13 წლის შემდეგ ხელისუფლებას ჯერაც არ დაუდგენია, ვინ არის პასუხისმგებელი აჯანყებაში 1000-ზე მეტი ადამინის დაღუპვაზე და ვერ გაუცია დამაკმაყოფილებელი პასუხი ბრალდებაზე, რომ აჯანყება კომუნისტური აპარატჩიკების მიერ იყო ორგანიზებული.

“სეკურიტატეს” დოსიეები საზოგადოებისთვის მხოლოდ შარშან გახდა ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, დიდი ინტერესი მათ მიმართ შემჩნეული არ ყოფილა.

ისტორიკოს პიპიდის თქმით, სეკურიტატეს არცერთი წევრი არ ყოფილა გასამართლებული პოლიტიკურ რეპრესიებში მათი როლის გამო.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება ისტორიული სიმართლე, რუმინეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებში, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ მიაწოდებენ ახალგაზრდობას ამ სიმართლეს.
XS
SM
MD
LG