Accessibility links

logo-print

ავიაკატასტროფა ჩეჩნეთში


ანდრო ეული, პრაღა სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის, ”მი-26”-ის კატასტროფის შედეგად,

ორშაბათს ჩეჩნეთში, ასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 40-დე - მძიმედაა დაჭრილი-განაცხადა ოც აგვისტოს ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ რუდნიკ დუდაევმა. ხოლო სააგენტო ”ინტერფაქსი”, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ტრაგედიის მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი – დაახლოებით 120-ია. ჯერაც არაა ცნობილი, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა შვეულმფრენში; სხვადასხვა მონაცემებით, შვეულმფრენში 132-დან 156-ე ადამიანი იმყოფებოდა, ანუ დასაშვებ ნორმაზე ორჯერ მეტი.


ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ გადატვირთვა გახდა კატასტროფის მიზეზი. ექსპერტები არ გამორიცხავენ ამასთანავე შესაძლებლობას, რომ ”მი-26”-ს რაკეტა მოხვდა.

ჩეჩნეთში განთავსებული ფედერალური ჯარის სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ბორის პოდოპრიგორამ განაცხადა, რომ ”მი-26”-ს, 132 სამხედრო-მოსამსახურე, ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე მოზდოკის სამხედრო ბაზიდან მიჰყავდა გროზნოს მახლობლად მდებარე დაბა ხანკალაში, სადაც ფედერალური ჯარის შტაბ-ბინაა განთავსებული. სააგენტო ინტერფაქსი, ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შვეულმფრენში 156 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ”მი-26” 200 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და 300 მეტრით ასცდა ხანკალის აეროდრომზე დასაფრენ ბილიკს. ეკიპაჟის ხუთივე წევრი ცოცხალი გადარჩა.

გაზეთი ”კომერსანტი” აღწერს საზარელ სურათს, როგორ გადმოდიოდნენ სამხედროები ცეცხლწაკიდებული შვეულმფრენიდან და მიწაზე დაბიჯებისთანავე ფეთქდებოდნენ, ვინაიდან ტერიტორია დანაღმული იყო იმ მიზნით, რათა ხანკალა, ჩეჩენ მეამბოხეთა თავდასხმისაგან ყოფილიყო დაცული. მაგრამ, პოლკოვნიკმა პოდოპრიგორამ უარყო, რომ ”მი-26” დანაღმულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ”შვეულმფრენი ჩამოვარდა და ცეცხლის ალში გაეხვია და, რამდენადა ჩემთვისაა ცნობილი, ნაღმზე არავინ აფეთქებულა”-განაცხადა პოდოპრიგორამ სააგენტო იტარ-ტასისათვის მიცემულ ინტერვიუში.

”მი-26”, რომელიც 1983 წელს მიიღო შეიარაღებაში რუსეთის ჯარმა, უჩვეულოდ დიდი ზომის სატრანსპორტო შვეულმფრენია, რის გამოც, სამხედროები მას ხუმრობით, ”ძროხას” ეძახიან. მას შემდეგ, რაც ფედერალურმა ჯარმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო 1999 წელს, ჩეჩნეთში ორი ”მი-26” ჩამოვარდა. გასულ დეკემბერს მომხდარი კატასტროფის ოფიციალურ მიზეზად ძრავის მწყობრიდან გამოსვლა დაასახელეს, ხოლო 1999 წლის დეკემბერში ”მი-26”-ის ჩამოვარდნა, ექსპერტთა აზრით, გადატვირთვამ გამოიწვია.

მარტო მიმდინარე წელს, სულ ცოტა 7 სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა რუსეთში, მათ შორის ”მი-8”-მ ივლისში განიცადა კატასტროფა ინგუშეთში, რის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო იმავე თვეს, ტაიმირის ნახევარკუნძულზე ”მი-6”-ის ავარიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG