Accessibility links

ევროკავშირმა დახმარება აღუთქვა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს


ანდრო ეული, პრაღა წყალდიდობით გამოწვეული კრიზისი, რომლის შესახებ გასულ დღეებში არაერთხელ ვისაუბრეთ,





ცენტრალურ ევროპაში განმუხტვის გზაზეა, და როგორც უკვე ვიუწყებოდით, უკვე დაწყებულია ზარალის შეფასება, აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა და მომზადება. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც დახმარებას ითვალისწინებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკუნის უდიდესი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ქვეყნებისთვის. შეთანხმება დახმარების თაობაზე კვირას იქნა მიღწეული ბერლინში ევროკომისიის თავმჯდომარეს რომანო პროდისა და წყალდიდობით დაზარალებული ქვეყნების: გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის ლიდერებს შორის.

საგანგებო შეხვედრაზე, ბერლინში, რომანო პროდიმ განაცხადა, რომ დახმარება, არა მარტო ევროკავშირის ამჟამინდელი წევრების, არამედ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატი- ქვეყნებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ”დადგა ჟამი, როცა ყველას უნდა დავანახოთ, რომ ევროპა – სოლიდარობის კონტინენტიაო”- თქვა პროდიმ, რომელსაც ნავარაუდევი დახმარების დეტალებზე ბევრი არ ულაპარაკია. უფრო ინფორმატიული ბერლინში გამართული შეხვედრის მასპინძლის, გერმანიის კანცლერის გერჰარდ შრიოდერის გამოსვლა: მან წყალდიდობით დაზარალებულთა უაღრესად მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ [გერჰარდ შრიოდერის ხმა] ”ხვალიდან ჩვენი ძალისხმევა იმისკენ იქნება მიმართული, რომ ერთიანი ევროპა სოლიდარობის ასპარეზი გახდეს ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის”.

შრიოდერის თქმით, ევროკავშირმა კონკრეტული სალიკვიდაციო პროგრამა შეიმუშავა, სახელდობრ, კონტრაქტები, აღდგენითი სამუშაოების თაობაზე სწრაფად იქნება ხელმოწერილი; დაჩქარდება ფერმერებისთვის სუფსიდიების გადახდა; ფურაჟი – შეღავათიან ფასებში მიეყიდება წყალდიდობით დაზარალებულ ფერმებს, ხოლო ფერმერებს მიეცემათ უფლება მოსავალი მოიყვანონ იმ მიწებზე, რომლებიც ადრე, დამუშავებისათვის არ იყო განკუთვნილი. ეს ზომები, რომლებიც ”ნაღდ ფულთან” არაა დაკავშირებული, ძირითადად ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს ეხება. რაც შეეხება გაწევრიანების კანდიდატებს, ისინი ფულად დახმარებას მიიღებენ.

ჯერჯერობით არაა დაზუსტებული, ვის რამდენ თანხას გამოუყოფენ, თუმცა ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების ვარაუდით, ჩეხეთის რესპუბლიკა 60 მილიონ ევროს მიიღებს. ხოლო ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ შპიდლა აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, წყალდიდობამ მის რესპუბლიკას ორიდან სამ მილიარდამდე ევროს ზარალი მიაყენა.

ევროკავშირის ექსპერტმა, როტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა რენუს ფონ შენდელენმა განაცხადა, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის ”ახალ ფულს” გამოჰყოფს ბრიუსელი, რაც ევროკავშირის ბიუჯეტით ჯერჯერობით არაა გათვალისწინებული.

ექსპერტების გამოანგარიშებით, სულ, წყალდიდობით მიყენებული საერთო ზარალი ევროპაში ალბად 20 მილიარდ ევროს გაუტოლდება.

ბერლინში კვირას გამართული შეხვედრის მონაწილენი იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში დაარსდეს ეგრედ წოდებული ”სტიქიურ უბედურებათა საგანგებო ფონდი”, რომელიც დაუყოვნებლივ აღმოუჩენს მომავალში დახმარებას წყალდიდობისა თუ სხვა კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს. მაგრამ, ეს წინადადება, ევროკავშირის 15-ვე წევრი ქვეყნის მიერ უნდა იქნეს მოწონებული.
XS
SM
MD
LG