Accessibility links

logo-print

ნატოს მთავარსარდლის მოადგილის ვიზიტი და საქართველოს ახალი ინიციატივა


საქართველოში ოთხშაბათს დასრულდა ევროპაში გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილის, გენერალ დიტერ შტოკმანის ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გახდა ნათელი,

რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს სტრუქტურებთან, ეს სრულიადაც არ არის საკმარისი პირობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. თუმცა, ნატოელი მაღალჩინოსნის ვიზიტს დაემთხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა მომდევნო სამიტზე, საქართველო აპირებს წამოჭრას საკითხი ნატოს სამშვიდობო ოპერაციათა მომზადების რეგიონული ცენტრის თბილისში გახსნის თაობაზე.
მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში საქართველოს "მშვიდობისათვის პარტნიორობის" ორ მრავალეროვნულ სწავლებას – "ბესტ ეფფორტ 2002"-სა და "ეთერნეთ 2002"-ს უმასპინძლა. ნატოს სტანდარტებისა და სამშვიდობო-ჰუმანიტარული სცენარით ჩატარებული ამ მანევრებით საქართველოს სამხედრო უწყებამ ორმაგი მოგება ნახა – ქართველი სამხედროები კიდევ ერთხელ ეზიარენ თანამედროვე სამხედრო გამოცდილებას და ვაზიანის ბაზაც, სადაც სწავლება ტარდებოდა, გარემონტებული ყაზარმებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ობიექტებით, ასევე ოდნავ მიუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს.
პირველად სწორედ მაშინ წამოიჭრა საკითხი, ნატოს პროგრამის ფარგლებში სამშვიდობო ოპერაციების რეგიონული ცენტრის თბილისში დაარსების თაობაზე: ეს ინიციატივა დავით თევზაძემ ბრიუსელში ჯერ კიდევ აპრილში გაუზიარა თავის კოლეგებს და ნატოს ხელმძღვანელობისგან თანადგომა ითხოვა. ნატოს რეგიონული ოფისის დანიშნულებას თავადცვის მინისტრის მოადგილე გელა ბეჟუაშვილი ასე განმარტავს:
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ეს არის ოფისი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მშვიდობისათვის პარტნიორობის სწავლებების დაგეგმარებას. ასეთი ოფისები არსებობს თურქეთში, სხვა ქვეუნებში. ჩვენს შემთხვევაში ვფიქრობდით რეგიონულ ოფისზე, რომელიც დაფარავს სომხეთსა და აზერბაიჯანს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი თანამშრომლობისათვის."
ბუნებრივია, ასეთი ოფისის შექმნა საქართველოში მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, თუმცა ასეთი საკითხების დადებითად გადაწყვეტას გარკვეული დრო და, რაც მთავარია, ფინანსების მოზიდვა სჭირდება. ფული კი, რა თქმა უნდა, ნატოს შტაბ-ბინამ უნდა გამოჰყოს. "იდეა ჩვენი, ფული – თქვენი", ფაქტობრივად ასე ჟღერს თბილისის ახალი ინიციატივა, მაგრამ ასეთი "პატარა ეშმაკობები", როგორც ირკვევა, შესაძლოა სავსებით მისაღები იყოს ნატოსთვის, რომლის რანგით მეორე სამხედრო პირმა, გენერალმა შტოკმანმა სამშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა ალიანსის გრძელვადიან ინტერესებში შედის.
[გენერალ დიტერ შტოკმანის ხმა] "ჩვენ იმის დემონსტრირებას ვახდენთ, რომ ყველა ეროვნებასთან მუშაობა შეგვიძლია. და მე ვფიქრობ, რომ სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში, რომლის მთავარი გარანტი საქართველო ხდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ ოპერაციაში, რომელიც მთელ მსოფლიოში ტარდება."
ბუნებრივია, აქ გენერალი შტოკმანი გლობალურ ანტიტერორისტულ ოპერაციას გულისხმობს, რომლის ერთ-ერთ მგრძნობიარე არტერიას პანკისის ხეობაც წარმოადგენს. რაც შეეხება საქართველოში ნატოს რეგიონული ოფისის დაარსებას, ეს იდეა ჯერ მხოლოდ ერმბრიონულ მდგომარეობაში იმყოფება და ამ საკითხის განხილვას ნატოს შტაბ-ბინა, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ დეკემბრისთვის დაუბრუნდება.
XS
SM
MD
LG