Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოსგან საზღვრის დარღვევისთვის დაკავებულ ჩეჩენთა ექსტრადიციას მოითხოვს


აგვისტოს დასაწყისი ორ ჯგუფად დაკავებულ 13 ჩეჩენ მეომარს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისა და საზღვარზე იარაღის უკანონო გადმოტანისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

რუსეთი ამ პატიმრების ექსტრადიციას უკვე მეორედ მოითხოვს და თუ მოსკოვის მოთხოვნა უახლოეს 2 თვეში არ დაკმაყოფილდა, ჩეჩენ მეომრებს საქართველოს კანონების მიხედვით გაასამართლებენ. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოსკოვიდან ექსტრადიციის მეორე მოთხოვნა და სათანადო დოკუმენტები 19 აგვისტოს მიიღო.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საზღვრის დამრღვევ ჩეჩენთა რუსეთში ექსტრადიციას იმის ბარომეტრად მიიჩნევდა, მართლაც ებრძვის თუ არა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ტერორიზმს. ჯერჯერობით პუტინის ეს წინაპირობა დაუკმაყოფილებელია და მიუხედავად თბილისზე მძლავრი პოლიტიკური ზეწოლისა, მოსკოვს იმ ფორმალობების დაცვა მაინც უწევს, რაც დამნაშავეთა ერთი ქვეყნიდან მეორეში ექსტრადიციისთვისაა საჭირო. პირველი მოთხოვნისას საქართველომ უარით გაისტუმრა რუსეთის გენერალური პროკურორი და დამნაშავეთა გადასაცემად მხოლოდ მისი მოთხოვნა არ მიიჩნია საკმარისად.

19 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეჩნეთის პროკურატურის დოკუმენტები მიიღო. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ირწმუნებიან, რომ ამ დოკუმენტებში 100 პროცენტითაა დამტკიცებული საქართველოს საზღვარზე დაკავებული 13 ჩეჩენის თანამონაწილეობა რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილ მძიმე დანაშაულებებში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის პრესცენტრის წარმომადგენლმა თემურ კვირკველიამ ჩემთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დოკუმენტაციის შესწავლა და შეჯერება საქართველოს პროკურატურაში არსებულ მასალასთან და ასევე უნდა დაზუსტდეს, არის თუ არა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საჭიროა ექსტრადიციისთვის. მისივე თქმით, ის რომ დაკავებული 13 ჩეჩენი რუსეთის მოქალაქეა, არ არის საკმარისი პირობა ექსტრადიციის განსახორციელებლად:

[კვირკველიას ხმა] „უნდა დავიცვათ საერთაშორისო ნორმები, საქართველოს კანონები და გამომდინარე აქედან უნდა ვიმოქმედოთ. ამას რატომ ვამბობ? იმიტომ, რომ თუკი რუსეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში უტყუარად იქნება დადასტურებული, რომ ეს პირები იმხილებიან მძიმე დანაშაულში, რომელიც ჩადენილი აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე და ეს პირები თუ ნამდვილად არიან ისინი, ვიზეც დოკუმენტაციაა მოსული, ასეთ შემთხვევაში უკვე ალბად გართულება არ იქნება გადაცემასთან დაკავშირებით.“

მოსკოვისთვის 13 ჩეჩენი მეომრის ექსტრადიცია პრინციპული საკითხია და იგი მას საქართველოს იმიჯის კიდევ უფრო შესაბღალად იყენებს. მაშინ, როდესაც თბილისმა, მიუხედავად სირთულეებისა, პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, მოსკოვში ამ ძალისხმევის დაჩრდილვასა და დაკნინებას ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა პანკისში რუსული შეიარაღებული ძალების შესაყვანად საზოგადოებრივი აზრი მოამზადონ.

რუსეთის ტელეარხ „ოერტესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფონდ „პოლიტიკის“ პრეზიდენტმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა აი, რა განაცხადა:

[ნიკონოვის ხმა] „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერისაა კატა, მთავარია, რომ ის იჭერდეს თაგვებს. ჩემთვის ცხადია, რომ ქართული კატა პანკისის ხეობაში თაგვებს ვერ იჭერს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოყო 63 მილიონი დოლარი საქართველოს სპეცრაზმების მოსამზადებლად, რომელსაც პანკისის ხეობა უნდა გაესუფთავებინა, სად არის ეს ფული? შეერთებულმა შტატებმა გამოყო 10 მილიონი დოლარი, რათა საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი მოეწესრიგებია, სად არის ეს ფული?“

ამ ტიპის განცხადებებიდან ნათლად ჩანს ის, რაზეც თბილისში ხუმრობენ კიდეც. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა პანკისის ხეობაში მყოფი ყველა ჩეჩენი დევნილი და მათთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლებიც რომ დაიჭიროს, რუსეთ-საქართველოს საზღვარის უკანონო და კანონიერი გადამკვეთი ყველა მოქალაქე ერთად რომ მოსკოვს გადასცეს, რუს პოლიტიკოსებს მაინც დარჩებათ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის განხორციელების დაჟინებული სურვილი.
XS
SM
MD
LG