Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ჩატარდა არჩევნები ქუთაისში ანუ რა სახის დარღვევებს მიაგნო პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ


თუ როგორ ჩატარდა 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნები, ამას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ უკვე მოპოვებული მასალაც ცხადყოფს.

კომისიამ, რომელიც საარჩევნო დარღვევებზე მუშაობს, ქუთაისის 10 საარჩევნო უბნის შემოწმებით 17000 გაყალბებულ ბიულეტენს მიაგნო. ქუთაისში 100 საარჩევნო უბანია, ასე რომ, ელემენტარული მათემათიკური გაანგარიშებით, გაყალბება ასივე უბანზე გაცილებით მასშტაბური უნდა იყოს. ასეა თუ ისე, ქუთაისის საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ძალაში რჩება. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი კი სამართლებრივ გამოსავალს ქუთაისში ჩატარებული არჩევნების გაბათილებაში ან ხმების ხელახალ დათვლასა და შედეგების ხელახალ დაჯამებაში ხედავს.

არჩევნები ქართულად და, შესაბამისად, არჩევნები ქუთაისურად ნიშნავს იმას, რასაც
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საარჩევნო დარღვევების შესწავლისთანავე მიაკვლია. ეს არის 17000 გაყალბებული ხმა 10 უბანზე და არჩევნების გაყალბების მეთოდთა ნაირსახეობა. პირველი – ბეჭედდაურტყმელი ბიულეტენებით სარგებლობა (აქვე შეგახსენებთ, რომ ნამდვილ ბიულეტენად ითვლება ბიულეტენი, რომელსაც აქვს კომისიის ორი წევრის ხელმოწერა და რომლესაც არტყია ბეჭედი).

ქუთაისის 10 საარჩევნო უბნის შედეგების შემოწმებისას საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბევრ ბეჭედდაურტყმელ ბიულეტენს მიაკვლიეს. საარჩენო კომისიის წევრებმა კი ეს ფაქტი ტექნიკური მიზეზით ახსნეს, განმარტეს, რომ ბეჭედი გაფუჭებული ჰქონდათ. პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეეცდება გაარკვიოს, შეეფერება თუ არა ეს განმარტება სინამდვილეს. ამავე კომისიის წევრებმა დაადგინეს, რომ ქუთაისის საკრებულოს არჩევნებისას მუშაობდა გაყალბების სხვა ხერხიც. კერძოდ, კომისიის წევრები გაყალბებისთვის არჩევნების დასრულების შემდეგ მუშაობდნენ, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოუყენებელი ბიულეტენებით სარგებლობდნენ და მათ საარჩევნო ურნაში ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ ყრიდნენ. ამას გარდა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემოწმებულ 10 უბანზე გამოვლენილია სერიოზული ცდომილებები. ამა თუ იმ კანდიდატს დაკლებული აქვს ხმები, – ზოგს 1000, ზოგს კი 1500. ძნელია, ასეთი ცდომილებები მექანიკური მიზეზებით ან კომისიის წევრების გადაღლილობით ავხსნათ. საგამოძიებო კომისიამ მიაკვლია იმასაც, რომ გამარჯვებულ კანდიდატებს ზედმეტი ხმები ჰქონდათ მითვლილი, რა თქმა უნდა, არა ერთი და ორი. ისინი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არიან და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილიც ფიქრობს, რომ ქუთაისის შემთხვევაში გაყალბება პარტიულ ნიშანზე მეტად პერსონალურ ხასიათს ატარებდა, რომ იქ არჩევნები იმ კანდიდატების სასარგებლოდ გაყალბდა, რომლებმაც უფრო მეტი ფული გადაიხადეს. მოკლედ, ქუთაისის 10 საარჩევნო უბნის შედეგების გადასინჯით სერიოზული დარღვვები გამოვლინდა, თუმცა

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა]“ქუთაისის საქმის გამოძიება ამით არ დასრულებულა. თუ პირველმა ეტაპმა მოგვცა საშუალება აღმოგვეჩინა დარღვევის ფაქტები, მეორე ეტაპის სამუშაო წარიმართება ამ დარღვევების ჩამდენი პირების გამოსავლენად. მე, როგორც კომისიის თავმჯდომრე, თავს ვალდებულად ვთვლი გავიდე არა მარტო შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე. შემსრულებლის დასჯა ეს იქნება ამ პირის სისხლის სამართლის პასიხიგებაში მიცემა, დამკვეთს კი უკანონოდ მიკუთვნებული მანდატი ჩამოერთმევა“.

ასე ამბობს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი, საარჩევნო დარღვევების დამკვეთები და შემსრულებლები კი თავს მშვიდად გრძნობენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქუთაისის საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ძალაში რჩება. ეს ერთი, და მეორე: როგორც ჩანს, დამკვეთებს და შემსრულებლებს აქვთ იმედი, რომ საგამოძიებო კომისიის წევრების მიერ გაწეულ მუშაობას წყლაში ისევ სასამართლო ჩაყრის. ასე იქნება თუ ისე, როგორც ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს,

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] “ახლადაღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას არჩევნების გაბათილება. ამ ათი უბნის შემოწმება ცხადყობს, რომ ქუთაისში არჩევნები გაყალბებულია სერიოზული დარღვევბით. შეიძლება მოძებნილ იქნა მეორე სამართელბრივი გამოსავალიც – სასამართლოს მეშვეობით ეთხოვოს შესაბამის ორგანოს ხელახლა გადაითვალოს ხმები და ხელახლა შეაჯამოს შედეგები.”

ქუთაისის საკრებულოს არჩევნების გამყალბებლების მიკვლევის მიზნით საგამოძიებო კომისია გააგრძელებს ქუთაისში მუშაობას.
XS
SM
MD
LG