Accessibility links

logo-print

რატომ გააქტიურდნენ რელიგიური ექსტრემისტები


სოზარ სუბელიანი, თბილისი მცირეხნიანი შესვენების შემდეგ რელიგიური ექსტრემისტები ისევ გააქტიურდნენ და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს შეტევა.

ერთი მხრივ, ექსტრემისტებმა რამდენიმე გასვლითი ოპერაცია ჩაატარეს შიდა ქართლის რეგიონში, სადაც, ჩვეულებისამებრ, სასტიკად დაარბიეს იეჰოვას მოწმეები და გაანადგურეს მათი საკუთრება. მეორე მხრივ, ექსტრემისტებმა და მათმა ლიდერებმა საქართველოდან შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ მაილსის გაძევება მოითხოვეს. ამასთან, ექსტრემისტებმა კიდევ უფრო გააფართოვეს თავიანთი პროპაგანდისტული მოღვაწეობა, რომლის დროსაც აქტიურად იყენებენ უამრავ ცილისმწამებლურ ინფორმაციას. და, რაც მთავარია, ხელისუფლებამ, ტრადიციისამებრ, არა მხოლოდ დაუსჯელად ტოვებს რელიგიურ ექსტრემიზმს, არამედ, ასევე ტრადიციულად, დაუფარავად თანამშრომლობს ექსტრემისტებთან და მათ ლიდერებთან.

რელიგიური ექსტრემიზმის ყველაზე აქტიური მქადაგებლები თავიანთ გამოსვლებს ხშირად აგებენ აბსოლუტურ სიცრუეზე და, როგორც წესი, სასურველ შედეგსაც აღწევენ: როცა საზოგადოებას დაჟინებით აწვდიან ერთსა და იმავე ინფორმაციას, ხოლო ამ ინფორმაციის უარყოფა არ ხდება, ადამიანები იმას იჯერებენ, რასაც ხშირ-ხშირად უმეორებენ და, უბრალოდ, არც კი ახსენდებათ, რომ ამგვარი ინფორმაცია შეიძლება გადამოწმდეს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ამ მეთოდს ძალიან ხშირად იყენებს პარლამენტის წევრი გურამ შარაძე, რომელიც შეგნებულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებით ხელს უწყობს რელიგიური და ეთნიკური ექსტრემიზმის გაღვივებას.

ერთ-ერთი ასეთი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც ბოლო დროს აქტიურად ავრცელებდა გურამ შარაძე, შიდა ქართლთან იყო დაკავშირებული და წინ უსწრებდა იმ დარბევებს, რომლებიც გასულ კვირაში გორისა და კასპის რაიონებში განხორციელდა. კერძოდ, შარაძე ყველა თავის გამოსვლასა და ინტერვიუში ამტკიცებდა, თითქოს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში იეჰოვას მოწმეებმა წაბილწეს ეკლესია და შეურაცხყვეს მართლმადიდებლური ჯვარ-ხატები. ეს ბრალდება შარაძემ იმდენჯერ გაიმეორა, რომ მასში ეჭვის შეტანა, თითქოს, შეუძლებელი იყო, თუმცა, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციას სიმართლესთან არაფერი ჰქონდა საერთო. გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, “შიდა ქართლის ანტიკორუფციული კავშირის” წევრები ჩავიდნენ მეჯვრისხევში, რათა ადგილზე შეემოწმებინათ გავრცელებული ინფორმაცია. ორგანიზაციის თავმჯდომარის, მიხეილ ქარელის თქმით, ისინი სოფლის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ, ადგილობრივ მართლმადიდებლებსაც და იეჰოვას მოწმეებსაც, მაგრამ ინფორმაცია არ დადასტურდა: [მიხეილ ქარლის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და შევხვდით მართლმადიდებლებსაც და იეღოველებსაც, მაგრამ ორივე მხარემ უარყო ეს ფაქტი, საერთოდ. მეჯვრისხევში დღემდე ასეთი ფაქტი არ მომხდარაო, არც იეღოველების მხრიდან და არც არავისგან.”
-
“ისე, მოსახლეობას თუ ჰგონდა გაგონილი ამგვარი ხმები?”
-
“ეს ინფორმაცია მოსახლეობამ მხოლოდ ჭორის დონეზე გაიგო და თვითონვე არკვვდნენ, სიმართლეს შეესაბამება თუ არაო…”

კიდევ ერთი მითი, რომელსაც იეჰოვას მოწმეებისგან მტრის ხატის შესაქმნელად იყენებენ, მათი მრავალრცხოვნებაა. სიმრავლე, თავისთავად, არ არის დანაშაული, თუმცა, ექსტრემისტი პროპაგანდისტები იეჰოვას მოწმეთა რაოდენობას სავსებით კონკრეტულ საფრთხეებთან აკავშირებენ. ლოგიკა მარტივია: მაგალითად, იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ ჯარში სამსახურზე, ამიტომ, რა გასაკვირია, რომ საქართველომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შექმნა ბრძოლისუნარიანი ჯარი. ამგვარი აქცენტების გაკეთებით გურამ შარაძე, ბასილ მკალავიშვილი და მათი მომხრე იდეოლოგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აცილებენ ხელისუფლებასა და კონკრეტულად პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელმაც საკუთარი მმართველობის 10 წლის განმავლობაში ვერ შეძლო თუნდაც ერთი ბრძოლისუნარიანი სამხედრო დანაყოფის შექმნა.

არადა, ამ მითის გაქარწყლებაც სავსებით ადვილია, რადგან სრულიად შეგნებულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა: საქართველოში, მაქსიმუმ, 500-ამდე იეჰოვას მოწმე წვევამდელია, როცა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, წვევამდელთა რიცხვი, ყოველი გაწვევის დროს, დაახლოებით 60 ათას კაცს აღწევს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არა მხოლოდ საჭირო რაოდენობის წვევამდელთა მობილიზებას ვერ ახერხებს, არამედ ძლივს შეძლო იმ პირველი ბატალიონის დაკომპლექტება, რომელიც ამერიკელების დახმარებით უნდა გაიწვრთნას. სამაგიეროდ, შარაძის, მკალავიშვილისა და მათი მომხრეების რისხვა სწორედ იმ ამერიკისა და ამერიკელების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც საქართველოს ეხმარებიან არმიის მშენებლობასა თუ საზღვრების გამაგრებაში და არა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც კოლაფსამდე მიიყვანა ქართული სახელმწიფო:
-
[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “საქართველო მოვარაჯულეთ, დავაყენეთ მართლმადიდებლურ გზას და დარჩა მხოლოდ ამერიკა, ვისაც აინტერესებს, რომ საქართველო მთლიანად გააიაღოველოს და შემდეგ გახადოს ამერიკის ერთ-ერთი შტატი.”

-
[გურამ შარაძის ხმა] “და ჩვენ გვეუბნება ბატონი რიჩარ მაილსი, რომ საქართველოში ააყვავეთ ჰომოსექსუალიზმი, ააყვავეთ მრუშობა, დაანგრიეთ ოჯახები, ებრძოლეთ მართლმადიდებლობას…”

-
[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “ეს იქნება უკანასკნელი გაფრთხილება: ბატონო ელჩო, მეორედ აღარ მომიყვანო, თორემ, სადაც მივდივარ, ძალიან ცუდად უმთავრდება ყველას თავისი ცხოვრება. და შენც გაფრთხილებ… ეს იქნება უკანასკნელი ჩემი სიტყვა… წავედით… კარგად ბრძანდებოდეთ…”

კასპში განხორციელებული დარბევის შემდეგ ექსტრემიტული პროპაგანდისტული მანქანა სხვადასხვა მიმართულებით ამუშავდა. ერთი მხრივ, დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, თითქოს კასპის მოსახლეობის 30 პროცენტი იეჰოვას მოწმეა, მეორე მხრივ კი გურამ შარაძემ ხმამაღლა განაცხადა, თითქოს იეჰოვას მოწმეებმა თავად გადაწვეს თავიანთი შეკრების ადგილი: [გურამ შარაძის ხმა] “ეს ჩაატარეს თვითონ მათ, რომ რაღაც ორი ფაცხის და ათი საპირფარეშოს დაწვით – ბოდიშს ვიხდი, – მე, მაგალითად, უნდა გითხრათ, რომ ელემენტარულად, წმინდა ჰიგიენური თვალსაზრისით, იმათ საპირფარეშოებს არც გავეკარებოდი და არც დავწვავდი…”

თუმცა, იმავე დღეს, გორის რეგიონული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შარაძეს საკუთარი ნათქვამი დაავიწყდა და სრულიად საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა კი გაარკვია, რომ კასპში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა რამდენიმე ათეულ კაცს არ აღემატება.

უნდა ითქვას, რომ კასპისა და გორის დარბევები ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ხელშეწყობით განხორციელდა. გორის რაიონის სოფელ ორთაშენში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა წინასწარ აცნობეს პოლიციას, რომ მათი დარბევა მზადდებოდა, მაგრამ როგორც სამხარეო, ისე რაიონული პოლიციის უფროსებმა – ნოდარ დალაქიშვილმა და გელა ცალქალამანიძემ მათ დახმარებაზე უარი უთხრეს, – რაიონში დაძაბული კრიმინოგენული ვითარებაა და თქვენს დასაცავად არ გვცალიაო. რაც შეეხება კასპის რაიონს, თვითმხილველთა თქმით, რაიონის პოლიციელები ექსტრემისტული დაჯგუფების – “ჯვარის” წევრებთან ერთად აჩერებდნენ იეჰოვას მოწმეთა ავტობუსებს და მათ უკან აბრუნებდნენ. თავად პოლიციის უფროსი რამაზ გოგიაშვილი აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჟურნალისტებთან საუბარში გოგიაშვილმა განაცხადა: “სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ იეღოველებს მხოლოდ სიტყვიერად ვურჩიეთ, რომ ამჯერად კონგრესის ჩატარებისაგან თავი შეეკავებინათ, რადგან მორიგი ინციდენტისგან ყოფილიყვნენ დაზღვეული”.

სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც სამხარეო, ისე გორისა და კასპის რაიონის პოლიციის უფროსებმა, მინიმუმ, სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს, რომ არაფერი ვთქვათ, დანაშაულის ხელის შეწყობასა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაზე, მაგრამ ისინი დღემდე აგრძელებნ მუშაობას. თუნდაც ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ ექსტრემიზმის წაქეზება და გაღვივება თავად საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მხარდაჭერით ხდება.

რელიგიური ექსტრემიზმის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება კიდევ ერთი ფაქტიდან ჩანს: რამდენიმე კვირის წინ, უშუალოდ პრეზიდენტ შევარდნაძის ხელშეწყობით, კრწანისის რეზიდენციაში ჩატარდა კავკასიის რელიგიურ მიმდინარეობათა დიდი ფორუმი. გორისა და კასპის დარბევების შემდეგ ამ ფორუმის ორგანიზატორმა, ლელა ჯეჯელავამ გაზეთ “კვირის პალიტრისადმი” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ იეღოველთა პრობლემა მსოფლიოსთვის არახალია. კანადაში და ევროპის ბევრ სახელმწიფოში მათთან დაპირისპირება, თავის დროზე, სისხლის ღვრამდეც კი მივიდა… ყველა ნორმალურ ქვეყანაში ჯერ სახელმწიფო ინტერესს ადგენენ და მერე უსადაგებენ სხვა დანარჩენს, თუნდაც ტრადიციულ თუ არატრადიციულ რელიგიას. ჩვენთან კი, რატომღაც, პირიქით ხდება – იეღოველთა მოძრაობის დაჩაგვრა-არდაჩაგვრაზეა დამოკიდებული სახელმწიფო ინტერესები, ანუ, ვინ რა დახმარებას გამოგვიყოფს.”

რეალურად, ეს არის ხელისუფლების პოზიცია, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები და მათი უფლებები მხოლოდ იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ისინი უცხოურ დახმარებებთან არის დაკავშირებული. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ საკმარის პრინციპულობას სწორედ ის ქვეყანა არ იჩენს, რომელსაც ქართველი ექსტრემისტები ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ: ფორუმი, რომელიც ლელა ჯეჯელავამ და სახელმწიფო კანცელარიამ ჩაატარეს, ნაწილობრივ სწორედ შეერთებული შტატების საელჩომ დააფინანსა.
XS
SM
MD
LG