Accessibility links

logo-print

რატომ იმატა კრიმინალმა დევნილთა შორის


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს ღამით მცხეთისაკენ მიმავალ გზაზე მძევლების დახსნამ და დამნაშავის ლიკვიდირებამ უაღრესად თვალშისაცემი გახადა ერთი ტენდენცია:

ბოლო დროს გაიზარდა აფხაზეთიდან დევნილ პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა. მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სისხლის სამართლის სხვა მძიმე დანაშაულს დევნილები ახლა უფრო ხშირად სჩადიან, ვიდრე უწინ. ამასთან, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს დიდი რისკი ახლავს ხოლმე: მაგალითად, შეიძლება გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღისით-მზისით, საიუველირო მაღაზიის ძარცვა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, რასაც ქუჩაში სროლა, ერთი თავდამსხმელის შეპყრობა და პოლიციელის დაჭრა მოჰყვა. რა მიზეზები აქვს დევნილთა მხრიდან გახშირებულ კრიმინალს?

დევნილი მოქალაქეების გახშირებული კრიმინალური ქმედება ფანტომი არ გახლავთ, ანუ ეს მხოლოდ ჩვენი აზრი ან შთაბეჭდილება არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბოლო დროს იმატა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ მძიმე და განსაკუთრებით საშიში დანაშაულის ჩადენის ფაქტებმა. შინაგან საქმეთა უწყებიდან ზუსტი ან ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მოწოდებაზე თავი შეიკავეს, თუმცა არ უარუყვიათ, რომ ამ საკითხზე მონაცემები არსებობს. ინფორმაციას ძირითადად ოპერატიული სამსახურისა და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები ფლობენ და გახმაურებას ერიდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ დევნილთა კრიმინალი ფაქიზი და მტკივნეული თემაა.

ერთი მიზეზი ამ მოვლენისა შეიძლება დევნილთა უკმარი სოციალური ადაპტაცია იყოს გარემოსთან, რომელშიც აფხაზეთიდან აყრის შემდეგ უხდებათ ცხოვრება. სახელმწიფოს, შეიძლება ითქვას, არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ დევნილები, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ შეგუებოდნენ ახალ პირობებს. ცნობილი არ არის არც ერთი სარეაბილიტაციო ან საადაპტაციო პროგრამა დევნილთათვის, რომელიც ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელდა. სოციალური სირთულეების გარდა არსებობს სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების წყება, რის შესახებაც მესაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი რევაზ ჯორბენაძე.

რევაზ ჯორბენაძის დაკვირვებით, ორი წლის მანძილზე ემპირიული მასალის შესწავლამ აჩვენა, რომ როგორც კი სახელმწიფო დონეზე იწყება ლაპარაკი აფხაზეთში დაბრუნებაზე, აქტუალური ხდება იძულებით მიტოვებულ საცხოვრებელ ადგილზე მალე დაბრუნების თემა, იზრდება დანაშაულის რიცხვი და თავად კრიმინალსაც რისკი ემატება. ეს არ ახასიათებს მხოლოდ საქართველოს. რევაზ ჯორბენაძის თქმით, იგივე ტენდენცია თვალსაჩინო იყო ყოფილ იუგოსლავიაშიც.

დაბრუნების მოტივი უბიძგებს ადამიანებს იზრუნონ იმისთვის, რომ ხელცარიელები არ დაბრუნდნენ. უქონელი ახალგაზრდები ამ ბიძგმა შეიძლება სწორედ თავზეხელაღებულ კრიმინალამდე მიიყვანოს. ცნობილია, რომ დევნილი მოსახლეობა აფხაზეთიდან აყრის შემდეგ თავისი უბედურების მიზეზად მარტო არძინბას ხელისუფლებასა და რუსეთს არ მიიჩნევდა: სრულიად ლოგიკურად, ეს ადამიანები თვლიდნენ, რომ ახლობლები და სახლ-კარი მათ დააკარგვინა თბილისიდან წამოსულმა ჯარმაც, რომლის ნაწილი, როგორც ცნობილია, არ თაკილობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვასა და ხოცვას. ხომ არ არის დევნილთა გახშირებული დანაშაული თავისებური დაგვიანებული შურისგება იქაურობის მიმართ, საიდანაც დევნილებს თავს უბედურება დაატყდათ. რევაზ ჯორბენაძემ არ გამორიცხა, რომ არაცნობიერ დონეზე ეს შეიძლება მართლაც რევანში იყოს, მაგრამ დიდ კრიმინალში მის გადაზრდაზე ლაპარაკი ნაადრევია.
XS
SM
MD
LG