Accessibility links

logo-print

ადგილობრივი არჩევნების შედეგების გადათვლის პროცესის ეტაპობრივი მონაცემები


უამრავი სასამართლო პროცესის შემდეგ დაწყებული თბილისის არჩევნების შედეგების გადათვლის პროცესი გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძველს უკვე იძლევა. როგორც ჩანს,

საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ საარჩევნო სუბიექტების ხმათა რაოდენობა დიდად არ შეიცვლება, თუმცა არჩევნების შედეგები შეიძლება მაინც დადგეს კითხვის ქვეშ. ამის თქმის საფუძველს იძლევა შემოწმებისას აღმოჩენილი საარჩევნო კოდექსის მნიშვნელოვანი დარღვევები, რაც ოპოზიციურ პარტიებს კენჭისყრის შედეგების ბათილად გამოცხადების მოთხოვნის უკვე იურიდიულ საფუძველსაც აძლევს.

ოპოზიციურმა ეროვნულ-დემოკრატიულმა და სახალხო პარტიებმა სასამართლოსგან თბილისის საკრებულოს არჩევნების მთლიანად გაუქმება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ ამ მოთხოვნის განხილვამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გადამოწმება დაავალა. საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ უკვე გადათვლილია საარჩევნო ბიულეტენებით სავსე 63 ტომარა, სულ 450-მდე ტომარაა გადასამოწმებელი. გადათვლილი ბიულეტენებისა და შემოწმებული საარჩევნო დოკუმენტების მდგომარეობა პარტიულ დამკვირვებლებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს უკვე აძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძველს.

სახალხო პარტიის წარმომადგენელის, პაატა კიკვაძის განცხადებით, კიდევ 2 თვე მაინც არის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციის მთლიანად შესამოწმებლად. იგი ბიულეტენების გადათვლის პროცესის შედეგებს ასე აფასებს:

[კიკვაძის ხმა] „ძაან საშინელებები არ ხდება, თუ არ ჩავთვლით, რომ სიებს არ აქვს ხელი მოწერილი და ბეჭდები არ აქვს დარტყმული. არის დარღვევები, რა თქმა უნდა, რომელზეც კომისია იმსჯელებს მერე. ჯერ ახლა, ვინმეს მოაკლდა, მოემატა, გაუბათილდა, არ გაუბათილდა, აქ ლაპარაკი ზედმეტია, ეგ კომისიის გადასაწყვეტია და ბოლოს ერთად დაჯდებიან და გადაწყვიტავენ. სიების დიდ ნაწილს, დიდ უმრავლესობაში ხელმოწერები არ არის გაკეთებული, დარღვეულია საარჩევნო კოდექსი და, ჩვენის აზრით, სიები ბათილია, რასაც თავიდანვე ვაცხადებდით. სასამართლომაც იმსჯელა ამ საკითხებზე და ყალბ სიებს თუ წარვადგენთ სასამართლოში, არჩევნების შედეგების ბათილობის საფუძველია ეს ყალბი სიები.“

ამაზე მეტ რა საშინელებას ელოდა სახალხო პარტიის წარმომადგენელი, ძნელი სათქმელია. საუბნო კომისიის თავმჯდომარეთა ხელმოუწერელი და ბეჭდით დაუდასტურებელი ამომრჩეველთა სიები აკურატულად გადათვლილ და დალაგებულ ბიულეტენებს ფასს დაუკარგავს.

ამომრჩეველთა სიების არასწორად შედგენას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე ასე ხსნის:

[ლომინაძის ხმა] „ჩვენ საარჩევნო კულტურა გვაკლია. უბნის წევრები ისეთი გამოუცდელი ხალხი მოხვდა, დრო არ იყო, გვიან გამოქვეყნდა სიები, ვჩქარობდით და ვერ დააჯამეს, იმას ბალანსირება ჰქვია ოქმის და ყველაფერმა ერთად რომ თავი მოიყარა, აი, ასეთი სურათი მივიღეთ. ვნახოთ რა იქნება, მერე ჩვენ ვიმსჯელებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს ცალკე.“

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწევს ისეთი დარღვევების შეფასება, როგორიცაა შეუსაბამობა თავად საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებში. მაგალითად, ერთ-ერთში წერია, რომ დარიგდა 500 ბიულეტენი, ვარგისია 490 და შემდეგ კი ამომრჩეველთა რაოდენობა 100-ს არ სცილდება. ამას ჯუმბერ ლომინაძე მექანიკურ შეცდომად თვლის და დასძენს, რომ კომისიის თავმჯდომარე ამას თავის საწინააღმდეგოდ არ გააკეთებდაო. სხვაგვარად ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მონაცემთა ასეთ სხვაობას გაყალბებად მიიჩნევენ. როგორიც არ უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, მას გასაჩივრება მაინც ელოდება.

[ლომინაძის ხმა] „ვთქვათ, ჩვენ დავადგინეთ, რომ დამტკიცდა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მეორე დღესვე პარტიები შეიტანენ სარჩელს სასამართლოში, რომ აი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ შედეგები დარჩეს ძალაში და გვიჩივლებენ. თუ პირიქით, თუ გავაუქმებთ არჩევნებს, მაშინ მეორე ნაწილი... ამაზე კიდეც იყო საუბარი, რომ შეიძლება გაუთავებლად გაგრძელდეს, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რომ გაუთავებლად გაგრძელდეს.“

სავარაუდოა, რომ დედაქალაქის საკრებულოს არჩევნების ბედი საბოლოოდ მართლაც სასამართლოში გაირკვევა და ამ პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ მტკიცებულებების შექმნის ფუნქციაღა შემორჩა.
XS
SM
MD
LG