Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოიტანს სამარშრუტო ტაქსების ახლებური დაბეგვრა


სამარშრუტო ტაქსების დაბეგვრის ახალი მექანიზმი, როგორც ჩანს, ამ ტიპის ტრანსპორტის მძღოლთა მოწონებას ვერ დაიმსახურებს. მიუხედავად იმისა,

რომ ხსენებული მექანიზმი ჯერჯერობით მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივის დონეზეა, მძღოლებამდე ამ ინფორმაციამ, როგორც ჩანს, უკვე მიაღწია და მათი ვნებათაღელვაც უკვე გამოიწვია. გესაუბრებათ ლელა კუნჭულია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა სამარშრუტო ტაქსების ფიქსირებულ დაბეგვრას გულისხმობს. გადასახადის სიდიდე სამგზავრო ადგილების მიხედვით განისაზღვრება და თუკი ამ ტიპის 12-ადგილიან ტრანსპორტს ყოველთვიურად, სავარაუდოდ, 120 ლარის გადახდა მოუწევს, უფრო ნაკლებ ადგილიანმა დაახლოებით– 80-90 ლარი უნდა გადაიხადოს.

ამასთან, გადასახადისგან თავის არიდება არც ისე ადვილი საქმე იქნება, რადგანაც ურჩი გადამხდელი მძღოლი საგადასახადო დეპარტამენტისგან ვერ მიიღებს (თანხის გადახდის დამადასტურებელ) სპეციალურ მარკას, რომელმაც მისი სამარშრუტო ტაქსის საქარე მინა უნდა დაამშვენოს. საგულისხმოა, რომ მარკის ფერი ყოველთვიურად შეიცვლება და ამით კიდევ უფრო ადვილად კონტროლირებადი გახდება. მარტივად რომ ვთქვათ, მაკონტროლებლებისთვის ყველაფერი ერთი შეხედვითაც ნათელი იქნება, თუკი მაცდურმა ქრთამმა მათ თვალის დახუჭვის სურვილი არ გაუჩინა.

დაბეგვრის სავარაუდო პარამეტრები, რომლებზეც დასაწყისში მოგახსენებდით, დედაქალაქზეა გათვლილი. ბუნებრივია, რომ ისინი თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მოძრავი სამარშრუტო ტაქსებისთვის ერთნაირი არ უნდა იყოს. საგადასახადო დეპარტამენტის ინფორმაციით, (იმიტომ რომ, არავინ დაიჩაგროს) პარამეტრების დასაზუსტებლად აქტიური მსჯელობა კვლავაც მიმდინარეობს. რადგანაც ამ ტიპის ტრანსპორტის შემოსავლის სიდიდე ყველა რეგიონში სხვადასხვაა და დედაქალაქისას, ცხადია, ვერც ერთი ვერ ეწევა.

თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, თუ რა ხდება ამ მხრივ, თუნდაც, თბილისში. გასაკვირი არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული არაოფიციალური სტატისტიკა ოფიციალურზე ბევრად უფრო სანდოდ ჟღერს. არაოფიციალური გათვლებით, დედაქალაქში ყოველდღიურად 6 ათასი სამარშრუტო ტაქსი დადის. თუმცა, თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის რეგულირებისა და მართვის საქალაქო სამსახურის უფროსის ოთარ ჭიპაშვილის განცხადებით, 64 ფირმაში ოფიციალურად გაერთიანებულია ამ ტიპის ტრანსპორტის 4500 ერთეული, მაგრამ ქალაქში ყოველდღიურად მხოლოდ 3200 მათგანი დადის.

ჭიპაშვილი არაოფიციალური ციფრის შესახებ, ცხადია, ვერაფერს ამბობს. ამასთან, მას ეჭვი ეპარება, რომ ზემოთ ხსენებული ფიქსირებული გადასახადის შემოღება სახელმწიფოს შემოსავლებს გაუზრდის. სამაგიეროდ, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე იასე ზაუტაშვილი დარწმუნებულია, რომ დაბეგვრის ახლებური მექანიზმი აღრიცხვიანობის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს და ჯერ მხოლოდ თბილისში, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის მობილიზებას მოახერხებს. ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ ამჟამად თითოეული სამარშრუტო ტაქსი, მოსაკრებლის სახით, ყოველთვიურად 50 ლარს იხდის და ამ გზით სახელმწიფო მათგან მხოლოდ 150 ათას ლარს ღებულობს.

ფიქსირებული გადასახადის აჩრდილით შეშინებული მძღოლები მიიჩნევენ, რომ მათთვის ეს საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება, თუმცა ფინანსთა სამინისტრო გადასახადების აკუმულირების სხვა, უფრო რეალურ გზას ვერ ხედავს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG