Accessibility links

”ალ-ყაიდის” წევრებმა ერაყში ნახეს თავშესაფარი


ანდრო ეული, პრაღა როგორც შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს,






”ალ-ყაიდის” რამდენიმე წამყვანმა წევრმა ერაყში ნახა თავშესაფარი. მანამდე, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ ავღანეთიდან გაქცეული ”ალ-ყაიდის” მებრძოლები ერაყს აფარებენ თავს. თუმცა, ამჯერად ახალი ისაა, რომ ერაყში ჩასულთა შორის, ”ალ-ყაიდის” წამყვან წევრებსაც მოიხსენიებენ.


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს კარგად მოეხსენება, რომ მის ქვეყანაში ”ალ-ყაიდის” წევრები იმყოფებიან. პრესკონფერენციაზე, პენტაგონში, დონალდ რამსფელდმა განაცხადა: [დონალდ რამსფელდის ხმა] ”ერაყის სხვადასხვა რაიონებში ”ალ-ყაიდის” წევრები იმყოფებიან, და სასაცილოა იმის მტკიცება, რომ მთავრობამ, ესოდენ უხეშად რომ არღვევს საკუთარი მოსახლეობის მოქალაქეობრივ უფლებებს, არ იცის ”ალ-ყაიდის” წევრთა ადგილსამყოფელი, ანდა რას საქმიანობენ ისინი”.

ცნობამ იმის შესახებ, რომ ერაყში ”ალ-ყაიდის” წევრები იმყოფებიან კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა პრეზიდენტ ბუშის მტკიცება, რომ აუცილებელია ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ამ მხრივ ჩეხეთის პრესაში გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ 2001 წლის აპრილში, ერაყის სადაზვერვო უწყების აგენტი, პრაღაში შეხვდა მოჰამად ათას, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობდა.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა გაიხსენა, ბაღდადში, გასულ კვირაში მოკლული პალესტინელი ტერორისტი აბუ ნიდალი, რომელიც ერაყში ცხოვრობდა უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, და სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში განაცხადა: ”თავად ის ფაქტი, რომ მხოლოდ ერაყმა მისცა თავშესაფარი აბუ ნიდალს – გლობალურ ტერორიზმში ერაყის რეჟიმის თანამონაწილეობის დასტურია”-ციტატის დასასრული.

ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თარიქ აზიზმა, ტელეკომპანია ”სიბიესისათვის” მიცემულ ინტერვიუში სამშაბათს განაცხადა, რომ ”ალ-ყაიდის” წევრები მართლაცდა საქმიანობენ ერაყში, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც ბატონ რამსფელდის მოკავშირე, ქურთების ოპოზიციის ლიდერი ჯალალ თალაბანი აკონტროლებს.

ყუბათ თალაბანიმ, რომელიც ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენელია ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრები ქურთების პარტიაში – ”ქურთისტანის პატრიოტული კავშირი”, განაცხადა, რომ ქალაქ ბიარაში, გასულ სექტემბერს, ”ალ-ყაიდასთან” დაკავშირებულ არაბთა 120-კაციანი ჯგუფი ჩავიდა. ”მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ანტიტერორისტული ომი დაიწყო ავღანეთში, ბიარაში საგრძნობლად იმატა არაბების რიცხვმა”-დასძინა ყუბათ თალაბანიმ.
XS
SM
MD
LG