Accessibility links

logo-print

კორუფციასთან ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლის ჭრილში – დარტყმა პრეზიდენტის ყოფილი თანაგუნდელების მისამართით


მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლის არა ერთი და ორი წელი მიითვალა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პირველი ნაბიჯების გადადგმა იწყება.

“ეს იქნება ბრძოლა რთული, მაგრამ, კეთილშობილი”, – ვინ იცის, უკვე მერამდენედ ამბობს ის, მთავრობა კი, კორუფციის წინააღმდეგ ყოველი გააქტიურებით ძველ და კარგად ნაცნობ სიმღერას მღერის. ასე მოხდა 21 აგვისტოს მთავრობის სხდომაზეც, რომლის მთავარ თემას კორუფცია და მასთან ბრძოლა წარმოადგენდა, მთავარ მომხსენებელს კი – კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი. დარტყმა ერთი მიმართულებით – მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ცქიტიშვილის და დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა. სხვა მიმართულებებით გაცილებით ნაკლები სიმწვავე და შემართება იგრძნობოდა.

კონტროლის პალატის თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მოხსენებაში მთავარ კორუმპირებულებად მიხეილ სააკაშვილი, “საქგაზის” დამფუძნებელი, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რძის პროდუქტების მწარმოებელი ფირმის “ამალთეას” მფლობელი ზურაბ ცქიტიშვილი გამოიკვეთნენ. იყო საუბარი სხვა ადამიანებზე და ზოგიერთ კონკრეტულ უწყებაზეც, თუმცა, მთავარი აქცენტების იმ პირებზე გაკეთება, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის ახალ ოპოზიციაში ან ამ ოპოზიციასთან ახლოს ჩანან, ხელისუფლების მორიგი ანტიკორუფციული შემართების პოლიტიკურ ელფერზე მეტყველებდა. დავით ბეჟუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, ამავდროულად – გაზის გამანაწილებელ სისტემაში არსებულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირად. 21 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ მის უძლველობასაც კი გაუსვა ხაზი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავების გასაგონად.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “გვესმის ერთი და იგივე გვარი, ამხელა ძალა გვაქვს, კანონი ჩვენს მხარესაა და ყველაფრი. თუ ასეთი უძლეველია ეს კაცი, მოვიყვანოთ პრეზიდენტად და წაიყვანს ამ ქვეყნის საქმეს კარგად.”

დავით ბეჟუაშვილს გაზგამანაწილებელი კომპანიების მიზერულ ფასებში პრივატიზაციაზე მოეთხოვება პასუხი, მიხეილ სააკაშვილს კი – ბეჟუაშვილის და ზურაბ ცქიტიშვილის ლობირებაში. ეს უკანასკნელი პარლამენტში “რეალური კაცის რელური დაპირებებით” მივიდა, იყო და არის ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელი, ამავდროუალდ ბიზნესმენი, სულხან მოლაშვილის მოხსენების მიხედვით კი – ენერგეტიკის სფეროში საპარლამენტო ლობისტი, რომელიც სხვადასხვა დანაშაულებრივი ინიციატივების ლობირების სანაცვლოდ, საკუთარ კომპანიას შეღავათფასიანი ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა, ამავე კომპანიის მიერ წარმოებულ რძის პროდუქტს კი, ჩათვლების სახით, “ საქენერგოში” ასაღებდა. უნდა ითქვას, რომ ბეჟუაშვილის და ცქიტიშვილის გვარები, მათი კორუფციულობის კონტექსტში, მთავრობის სხდომაზე პირველად არ გაჟღერებულა. ბეჟუაშვილის საეჭვო საქმიანობაზე ვრცელი მასალა მთავრობას და გენერალურ პროკურატურას კონტროლის პალატის თავმჯდომარემ შარშანაც წარუდგინა. არ არის გამორიცხული, ზემოდასახელებული პირების მიმართ გამოთქმული ბრალდებები სამართლიანიც იყოს, – ეს სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ, – თუმცა, კორუფციასთან ბრძოლის მხოლოდ ხსენებულ პირებზე გატარება და გაუთავებელი საუბარი მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გაფლანგულ 105000 ლარზე, როცა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მილიონები გაიფლანგა, არასერიოზულად გამოიყურება. 21 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოლაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ასე მოიხსენია:

[სულხან მოლაშვილის ხმა] “ ესეთი გმირი იყო ყაზბეგის – აპრაკუნე, რომელიც მოხევეების სისხლს სვამდა და გადამთიელის ინტერესებს ემსახურებოდა. როცა ამას დავუსაბუთებ, ის კლდიაშვილის გაჭირვებულ კაროჟნას დაემსგავსება და დემაგოგიის გარდა არაფერი არ შეუძლია. “

მთავრობამ კორუფციასთან ბრძოლა ლიტერატურული გმირების თანხლებით განაახლა. ედუარდ შევარდნაძემ მთელ ამ პროცესში კორუფციასთან ბრძოლის დაწყება და ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ გადასადგმელი პირველი ნაბიჯები დაინახა.
XS
SM
MD
LG