Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საპენსიო პოლიტიკის მოლოდინში


საარსებო მინიმუმზე დაახლოებით ათჯერ ნაკლები პენსიის მისაღებად სოცუზრუნველყოფის ადგილობრივ ფილიალებთან წარმოქმნილი გრძელი რიგები საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ზუსტი ბარომეტრია და,

როგორც ჩანს, ეს სურათი კიდევ დიდხანს არ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, საპენსიო რეფორმების პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი ფონდის წარმომადგენლებს უჭირთ იმის პროგნოზირება, თუ არსებული ეკონომიკის პირობებში როდის გაიზრდება პენსიების მოცულობა საქართველოში. ხელისუფლების მიერ წამოწყებული საპენსიო რეფორმის ეფექტიანობის თაობაზე სკეპტიკურად არიან განწყობილნი დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანონპროექტები მხოლოდ ერთადერთი მიზნით – უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ახალი გრანტების მისაღებად არის შექმნილი.

დაახლოებით ათი წელია, რაც საქართველოში ნიველირებული საპენსიო პოლიტიკა არსებობს, და იმისდა მიუხედავად, რომ ცხოვრება ყოველწლიურად ძვირდება, საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეები 14 ლარს ვერ გასცდნენ. მეტიც, ეს მიზერული თანხა ადრესატებამდე წლების განმავლობაში ვერ აღწევდა, რის გამოც სოცუზრუნველყოფის ფონდს დაახლოებით ასი მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა.

იმისთვის, რათა პრობლემა მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ორი წლის წინ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. ერთი კვირის წინ კი სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა ფონდმა საზოგადოების სამსჯავროზე წარმოადგინა რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც, ფონდის სამათვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, რამდენიმე ძირეულ ცვლილებას ითვალისწინებენ.
კერძოდ, უნდა მოხდეს გადასახადების დიფერენციაცია მოქალაქის საპენსიო სისტემაში მონაწილეობისა და სტაჟის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი პენსია უნდა შედგებოდეს საბაზისო და სადაზღვევო კომპონენტების ჯამისაგან. გარდა ამისა, სოფრომაძის თქმით, სამსაფეხურიანი საპენსიო სისტემა კერძო საპენსიო ინსტიტუტების მონაწილეობასაც გულისხმობს.

[ზაზა სოფრომაძის ხმა] "არსებობს, უკვე მიღებულია კანონი კერძო საპენსიო ფონდების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეს ნებაყოფლობითი სოცილაური დაზღვევა, საპენსიო დაზღვევა მთლიანად კერძო სექტორზეა მინდობილი. არის კიდევ გარკვეული წინადადებები, სისტემის მეორე საფეხურის გარკვეული ნაწილის განხორციელებაც კერძო სექტორმა აიღოს თავის თავზე."

სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვს ეკონომიკის დამოუკიდებელ ექსპერტს პაატა შეშელიძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ "რეფორმის მოცემული ვარიანტი უცვლელად ტოვებს სოცუზრუნველყოფის ფონდის პრივილეგირებულ მდგომარეობას და მასში სახელმწიფოს მხრიდან სახსრების მობილიზების წესზე გადასვლა. გარდა ამისა, სადაზღვევო შენატანებიდან ამოღებული თანხა არ აკუმულირდება საპენსიო სისტემაში, რის გამოც, შეშელიძის თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავისთავად პრიორიტეტული სადაზღვევო ნაწილის ამოქმედება.

[პაატა შეშელიძის ხმა] "ყველაზე დიდი ნაკლი ის არის მასში, რომ ადამიანები იხდიან გადასახადს, ფულს აძლევენ, უბრალოდ, სახელმწიფოს. სახელმწიფო ამ ფულს იყენებს მიმდინარე ხარჯების გასტუმრებისათვის, ეს არის საპენსიო ხარჯები და არანაირი რეალური ფონდი ამ ფულის უკან არ დგას. ესე იგი ხვალ თუ რითი გადაუხდიან იმ დღევანდელ მომუშავე ადამიანებს პენსიას, გარკვეული არ არის სინამდვილეში. ესე იგი ფაქტიურად დაგროვება არ ხდება და ეს არის ხარჯვა, რაც ძალიან ცუდია ეკონომიკისთვის".

მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ პროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპის დასრულება ნავარაუდევია 2020 წლისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი როგორც ახალი სადაზღვევო ტარიფის მიღება, ასევე შრომითი პენსიის კომპონენტებს შორის მისი გადანაწილების ახალი წესი. თანაც ამ ყველაფერს წინ უნდა უსწრებდეს უმთავრესი პირობა, ეკონომიკის ზრდა, რის პროგნოზირებასაც ვერც დამოუკიდებელ ეკონომისტებს მოსთხოვ კაცი და ვერც სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებს, რომლებმაც მთელი ეს რეფორმა წამოიწყეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG