Accessibility links

საბაჟო დეპარტამენტში მორიგი რეფორმა ტარდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ფინანსთა სამინისტროში გაერთიანების შემდგომ მირიან გოგიაშვილი საბაჟოზე რეფორმის გატარებას იწყებს. რეორგანიზაცია ძირითადად სტრუქტურულ

ხასიათს ატარებს და გრაფიკის თანახმად, მისი დასრულება 10 სექტემბრისათვისაა ნავარაუდევი. რას ითვალისწინებს საბაჟოს რეფორმა?

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი მორიგი რეფორმის პოლიგონი ხდება. ფისკალური სტრუქტურების ჯერ ფინანსთა სამინისტროში, შემდგომ კი სპეციალურად შექმნილ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნის პერიოდში ამ სტრუქტურებში არაერთი რეორგანიზაცია ჩატარდა, თუმცა მათი ეფექტიანობა, სამწუხაროდ, არავის უგრძვნია. წელს ფისკალური სტრუქტურები კვლავ ძველ წიაღს, ანუ ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდა და ახალი ფინანსთა მინისტრიც საბაჟოზე ახალი სიოს დაბერვას იწყებს.

პრეზიდენტ შევარდნაძის 2 აგვისტოს ბრძანებულების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ საბაჟო დეპარტამენტში რეორგანიზაცია დაიწყო.
აღნიშნული ბრძანებულების მიხედვით, რეფორმა ძირითადად სტრუქტურულ ხასიათს ატარებს და დაგეგმილია რეგიონალური საბაჟოების ჩამოყალიბება. არსებული 17 საბაჟოს ნაცვლად შეიქმნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველო, რეგიონალური საბაჟოები – “აღმოსავლეთი”, “ჩრდილოეთი”, “სამხრეთი” და “დასავლეთი”. ასევე რეგიონალური პრინციპით ჩამოყალიბდება საბაჟო – “რკინიგზა” და რეგიონალური საბაჟო – “ენერგეტიკის საბაჟო”.

ამავე ბრძანებულებით, რეგიონალურ საბაჟო “აღმოსავლეთს” დაექვემდებარება საბაჟო გამშვები პუნქტები – “წითელი ხიდი,” “სადახლო,” ”ახკერპი,” “გუგუთი” “მტკვარი,” “ლაგოდეხი,” “სამთაწყარო,” “უდაბნო,” “საბათლო,” “ვაშლოვანი” და “თბილისის აეროპორტი”; რეგიონალურ საბაჟო “ჩრდილოეთს” – საბაჟო გამშვები პუნქტები “ყაზბეგი” და “გორი”; რეგიონალურ საბაჟო “დასავლეთს” – “ფოთის პორტი”, “ქუთაისის აეროპორტი”, “სენაკის აეროპორტი”, “მამისონი”;
რეგიონალურ საბაჟო “სამხრეთს” – საბაჟო გამშვები პუნქტები “ვალე” და “ნინოწმინდა”; რეგიონალურ საბაჟო “რკინიგზას” – საბაჟო გამშვები პუნქტები “გარდაბანი”, “სადახლო” და “ფოთი”.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, საბაჟო დეპარტამენტის პირველი რიგის ღონისძიებები 10 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. ამ დრომდე საბაჟო დეპარტამენტის უკლებლივ ყველა თანამშრომელი მოვალეობას ასრულებს.
საინტერესოა, რომ რეორგანიზაციის პროცესი არ ითვალისწინებს თანამშრომელთა რიცხვის შემცირებას, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგრძნობლად მცირდება თანამდებობების დასახელება და რიცხვი, ანუ ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, შესაკრებთა გადანაცვლებასთან გვაქვს საქმე.

რეორგანიზაციის პირველი რიგის ღონისძიებების დასრულების შემდეგ, რეფორმის შემდგომი პერიოდი საბაჟოს თანამშრომელთა ტესტირებას ითვალისწინებს, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG