Accessibility links

logo-print

საბერძნეთის ბალეტი თბილისში


აგვისტოში საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შექმნილი ტრადიციული “საზაფხულო სიცარიელე” საბერძნეთის ბალეტის დასმა, “სხედიამ” შეავსო,

– ვაკის პარკში ბერძენმა მსახიობებმა კუბურ ანსამბლთან ერთად რამდენიმე საქველმოქმედო წარმოდგენა გამართეს.

ბერძნული ქორეოგრაფიული ანსამბლი “სხედია” ნამდვილად არ არის მსოფლიოში სახელგანთქმული კოლექტივი, მაგრამ, თუ არ ვცდები, ანსამბლის ხელმძღვანელი ანასტასია ლირა თავის დასს პროფესიონალთა კოლექტივად არც მიიჩნევს. “სხედია” უფრო მოხეტიალე მსახიობების ანსამბლია, რომელიც წარმოდგენებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მართავს და გამვლელებს არ აიძულებს რომ ყურადღება მიაქციონ. შესაძლებელია, სადღაც ბერლინში ან პარიზში, არ არის გამორიცხული ათენშიც, ბერძენი მოცეკვავეები ქუჩის მსახიობებად აღექვათ და მათი წარმოდგენების ნახვით დრო არც კი დაეკარგათ, მაგრამ თბილისი სულ სხვაა; ზაფხულში აქ გასტროლებზე დიდი ხანია არავინ ჩამოსულა... “სხედიას” გარდა, რომელმაც შარშან, ამ დროს, ქართველებს რაველის მუსიკაზე დადგმული “დაფნისი და ქლოე” უჩვენა და ისე შეუყვარდა თბილისი, რომ წელს ახალი სპექტაკლებით გვესტუმრა, – ისევ ვაკის პარკში მენდელსონის მუსიკაზე შექმნილი “ზაფხულის ღამის სიზმარი” და ბრამსის მეოთხე სიმფონიის ქორეოგრაფიული ინტერპრეტაცია წარმოადგინა. თანაც, თბილისს არა მარტო გასტროლიორები, არამედ მუქთად გამართული სპექტაკლებიც მოენატრა, ამიტომ ანშლაგის გარანტია ბერძენ მსახიობებს თავიდანვე ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა გასულ წელსაც ბევრი “იქილიკეს” საესტრადო ქორეოგრაფიისა და რაველის მუსიკის ამ, ცოტა არ იყოს, ხელოვნურ დაკავშირებაზე, მოცეკვავეთა ერთფეროვან პლასტიკასა და ვაკის პარკის უხარისხო აკუსტიკაზე. ამ თვალსაზრისით არც წელს შეცვლილა რამე... უბრალოდ, ნაყინის გამყიდველებს და აგვისტოს სიცხეში ქალაქში დარჩენილ ბავშვებს ამჯერად მენდელსონისა და ბრამსის მუსიკის მოსმენის საშუალება მიეცათ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთი ნაბიჯი წინ გადაიდგა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში... და ბალეტის პოპულარიზაციის საქმეშიც. თუმცა მაინც საეჭვოა, რომ ამ წარმოდგენების ნახვის შემდეგ ვაკის პარკიდან შინ დაბრუნებულ მოსახლეობას ფირფიტების შეძენის სურვილი გაუჩნდეს ბრამსისა და მენდელსონის მუსიკის ჩანაწერებით, ან შემოდგომაზე, როცა ოპერისა და ბალეტის თეატრი თავის სეზონს გახსნის, “გედის ტბის” სანახავად 5 ლარი აღარ დაინანოს. ბერძენი მსახიობები კი ისევ კმაყოფილები ჩანდნენ და თბილისელი მაყურებლის დახვეწილ გემოვნებაზე საუბრობდნენ – მათი წარმოდგენები ხომ სრული ანშლაგით გაიმართა. ანასტასია ლირა გვპირდება, რომ “სხედია” მომავალ წელსაც ჩამოვა თბილისში და პროკოფიევის “რომეო და ჯულიეტას” წარმოგვიდგენს.
XS
SM
MD
LG