Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეგენდარული კინორეჟისორი ლენი რიფენშტალი 100 წლისაა


ქალის რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, რახანია,

მიეჩვია აღმატებით ხარისხში მოხსენიებას: ეს გახლავთ ლენი რიფენშტალი - კინოს ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი და, იმავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფიგურა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კინემატოგრაფისტთა შორის არც ერთი ქალის ხვედრი არ ყოფილა იმდენი ქება და იმდენი კრიტიკა, რამდენიც წილად ხვდა 100 წლის წინათ, 1902 წლის 22 აგვისტოს დაბადებულ რიფენშტალს თავისი ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების განმავლობაში. თავად განსაჯეთ: ამერიკულ ჟურნალ ”ტაიმს” ლენი რიფენშტალი ჰყავს შეყვანილი ერთადერთ ქალად ”მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი და შთამბეჭდავი 100 ხელოვანის” სიაში, მაშინ როცა გერმანიაში რიფენშტალის ქება უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია, ლამის ტაბუდ რჩება. თუ რატომ, დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” შეიტყობთ.

[მუსიკა: ნაწყვეტი რიჰარდ ვაგნერის ოპერა ”ლოენგრინის” უვერტიურიდან]

მიუნხენის მახლობელ შტარნბერგის ტბასთან, იქ, სადაც შთამბეჭდავი ვილები ბაღებში ეფლობა და გოლფის ფართო მოედნებია გადაშლილი, პრესტიჟული დასახლებებიდან ცოტა მოშორებით მდებარეობს პიოკინგი: პატარა სოფელი, რომელსაც 1979 წლიდან ერთი სახელმოხვეჭილი ბინადარი ჰყავს. ლეგენდარული კინორეჟისორი ლენი რიფენშტალი, რომელსაც ხუთშაბათს 100 წელი შეუსრულდება, დიდფანჯრებიან, სინათლით გაჩახჩახებულ ვილაში ცხოვრობს და მეზობელი მდელოს შესყიდვაზე ოცნებობს, რათა გალერეა გახსნას და იქ აჩვენოს ბოლო წლებში აფრიკაში გადაღებული ფოტოსურათები. ეს ის სურათებია, რომლებიც, უზარმაზარ ალბომში თავმოყრილი, ოქტომბერში გამოქვეყნდება და დამთვალიერებლებს რიფენშტალის შემოქმედებითი აქტიურობის მორიგი ნაყოფით გააოცებს, ისევე როგორც გააოცა ამ რამდენიმე დღის წინ, 15 აგვისტოს, როცა გერმანულ-ფრანგულმა ტელეკომპანია ”არტემ” პირველად აჩვენა რიფენშტალის დოკუმენტური ფილმი ”წყალქვეშა შთაბეჭდილებები”: ეგზოტიკური თევზები, მარჯნის კუნძულები – უთვალავ ფერად მოელვარე სამყარო, რომელიც იმპრესიონისტების ნახატებს მოგვაგონებს და რომლის შექმნაც კინოს ხანდაზმულ ოსტატს 6 წლის შრომად, ყვინთვის სულ ცოტა 2000 სეანსად დაუჯდა!

თუმცა, ლენი რიფენშტალის ერთ-ერთ უდიდეს კინემატოგრაფისტად აღიარება სხვა ნამუშევრებს ემყარება: ესენია ასევე დოკუმენტური ფილმები ”ნებისყოფის ზეიმი”, რომელიც ასახავს ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის ყრილობას 1935 წელს და ”ოლიმპია” 1938 წელს ბერლინის ოლიმპიადის შესახებ. ლენი რიფენშტალის კინოესთეტიკით აღტაცებულთა შორის არიან რეჟისორები ფრენსის ფორდ კოპოლა და ჯორჯ ლუკასი, მომღერლები მიკ ჯაგერი და მადონა. ფრანგი მწერალი და რეჟისორი ჟან კოქტო რიფენშტალს ”კინოს გენიოსს” უწოდებდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯოდი ფოსტერი გაისად გადაიღებს მხატვრულ ფილმს ამ უჩვეულო ქალის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. იმავდროულად, ბოლო არ უჩანს კამათს იმის შესახებ, თუ ვინ იყო ”ნებისყოფის ზეიმისა” და ”ოლიმპიას” ავტორი – ნაცისტური პროპაგანდის იარაღი, ე.წ. ”ჰიტლერის თვალი” თუ ადამიანის სხეულისა და გრანდიოზული თავყრილობების ასახვის ოსტატი, ყოველგვარი იდეოლოგიური ჩარჩოების დამამსხვრეველი დიდი ხელოვანი?

ყველაფერი მოცეკვავის კარიერით დაიწყო: ლენი რიფენშტალი დიდი წარმატებით გამოდიოდა გერმანიისა და უცხოეთის სცენებზე, ვიდრე მას, 25 წლის ასაკში, ტრავმა აიძულებდა ცეკვასთან გამოთხოვებას. იმ პერიოდში რიფენშტალი უკვე დაინტერესებული იყო კინოთი, კერძოდ გერმანელი რეჟისორის არნოლდ ფანკის ნამუშევრებით მთების შესახებ. ახალგაზრდა ქალი თხილამურებით სრიალს და ალპინიზმის ტექნიკას დაეუფლა და მალე მუნჯურ კინოს მთების შესახებ ფილმების მშვენიერ ვარსკვლავად მოევლინა. ლენი რიფენშტალი-რეჟისორის დებიუტი კი 1932 წელს შედგა მხატვრული ფილმით ”ლურჯი სინათლე”, რომელშიც მთავარ როლს თავად რიფენშტალი ასრულებდა და რომელმაც ტრიუმფულ წარმატებასთან ერთად ჰიტლერის ყურადღებაც დაიმსახურა. ასე მოხდა, რომ ფიურერმა ახალგაზრდა ქალს დაავალა ნაცისტური პარტიის ნიურნბერგის ყრილობის ფირზე ასახვა – ”ასე დაიწყო ჩემი უბედურებაო”, ამბობს დღეს რიფენშტალი.

მაგრამ, მის სიტყვებს, სამწუხაროდ, ვერ ვენდობით: ფაქტია, რომ ლენი რიფენშტალმა 1932 წელს, როცა პირველად ნახა ჰიტლერი ბერლინის სპორტის სასახლეში გამოსვლის დროს, თავად, წერილობით სთხოვა ”ფიურერს” პირად შეხვედრაზე დაყაბულება. და, სამართლიანობის გულისათვის, ისიც უნდა ითქვას, რომ რიფენშტალს არასოდეს უარუყვია დიდი შთაბეჭდილება, რომელსაც მასზე ჰიტლერი ახდენდა. რიფენშტალი გახდა ერთ-ერთი იმ სულ რამდენიმე დაუოჯახებელი ქალიდან, რომლებიც ხშირად ჩანდნენ ჰიტლერის გვერდით, ხშირად იყვნენ მისი სტუმრები. თუმცა, როგორც კინორეჟისორის ბიოგრაფი, იურგენ ტრიმბორნი ამბობს, ჰიტლერის ახლო მეგობარი, როგორიც, მაგალითად რიჰარდ ვაგნერის რძალი, ვინიფრედ ვაგნერი იყო, რიფენშტალი არასოდეს გამხდარა.

მაგრამ ჰიტლერისადმი კეთილგანწყობა უკვე საბედისწერო შეცდომა იყო. ”ბევრს ვუყვარდი და ბევრს ვძულდი – ჩემი ხვედრი დღემდე ეს არისო”, ამბობს ლენი რიფენშტალი. მისთვის გაუგებარია, რატომ ისჯება ამდენი წელი ჰიტლერის მეგობართა წრეში გატარებული მოკლე პერიოდის გამო. ის დაუღალავად იმეორებს, რომ ”ნებისყოფის ტრიუმფი”, რომელიც სრულყოფილი სილამაზის კადრებით ასახავს ნიურნბერგში ნაცისტების თავყრილობას, უბრალოდ, ”ხელოვნების ნიმუშია”. ხოლო ”ოლიმპია” ისედაც აღიარებულია კინოისტორიის საუკეთესო სპორტულ ფილმად. როგორც გერმანელი კინომცოდნე და პროდუსერი, ჰანს იურგენ პანიცი ამბობს ლენი რიფენშტალის შესახებ:[პანიცის ხმა] ”მას გაცნობიერებული არა აქვს, რომ პოლიტიკაში ჩაერია. ამბობს, რომ გადაიღო დოკუმენტური ფილმი და არა პოლიტიკური ფილმი და ამ ფილმს, რომ შეეთავაზებინათ, სხვების დავალებითაც გადაიღებდა. მეც ვფიქრობ, რომ ლენი რიფენშტალს მაინცდამაინც ჰიტლერის ხელშეწყობით მუშაობა არ უნდოდა – რიფენშტალი იგივეს გააკეთებდა, დავალება სტალინის, ფრანკოს, ჩერჩილის, ან ნებისმიერი სხვა ლიდერისაგან რომ მიეღო. ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ ლენი რიფენშტალი ყოველთვის ეგოისტი იყო და ასე ფიქრობდა: ”ვინ მომცემს ასპარეზს? სად შევძლებ ჩემი კინოპროექტის საუკეთესოდ განხორციელებას? ვიმუშავებ იმ ადამიანისათვის, ვინც ასეთ შესაძლებლობას მომცემს”.

ამასობაში სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ხმები, რომლებიც
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული კინორეჟისორი ქალის ძველისძველი ცოდვების დავიწყებას მოითხოვენ. და, მართლაც, ლენი რიფენშტალისათვის სულ უფრო აშკარა ხდება ცვლილება მისდამი დამოკიდებულებაში: ომის შემდგომ წლებში გაბატონებულ მკვეთრ კრიტიკას თანდათან ენაცვლება მისი დოკუმენტური ფილმების ობიექტურად შეფასება. ობიექტურად შეფასება კი, კინოს მოყვარულებში, როგორც წესი, ლენი რიფენშტალის ფილმებით აღტაცებას იწვევს...
XS
SM
MD
LG