Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბუშის განცხადება ერაყში ამჟამინდელი რეჟიმის შეცვლის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, ტეხასის შტატში, პრეზიდენტმა ბუშმა სადამ ჰუსეინს, ცივილიზებული სამყაროს მუქარა უწოდა და განაცხადა,

რომ ერაყელი დიქტატორის დამხობა – ყოველი ადამიანის ინტერესებს მოემსახურება. ჯორჯ ბუშმა ქალაქ კროუფორდში, მის რანჩოში მისულ კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა ეს, სადაც მანამდე, ეროვნული უშიშროების საკითხებში თავის მრჩევლებს ეთათბირა.


ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ თათბირზე თავის მრჩევლებთან, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მისივე თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდიც ესწრებოდა, არ უმსჯელიათ იმის შესახებ, უნდა გამოიყენოს თუ არა შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ძალა ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის დასამხობად.

ეს საკითხი კორესპონდენტებმა წამოჭრეს იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონის რამდენიმე მოკავშირე უარზეა - შეერთებულ შტატებს შეუერთდეს მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაში ერაყის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”თეთრი სახლის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ სადამ ჰუსეინი საფრთხეს უქმნის დანარჩენ მსოფლიოს. ასეთი იყო იმთავითვე ჩვენი პოზიცია და იგი არ შეცვლილა. ჰუსეინის ვერცერთმა ნამოქმედარმა ვერ დამარწმუნა იმაში, და ამაში თავდაცვის მინისტრიც მეთანხმება, რომ ერაყის პრეზიდენტი მზადაა - მოსპოს თავისი მასობრივი განადგურების იარაღი, და რომ მას, მშვიდობიანი ურთიერთობა სურს თავის მეზობლებთან”.

ჯორჯ ბუშმა განაცხადა აგრეთვე, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს კონსულტაციებს თავის მეგობრებთანა და მოკავშირეებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ერაყთან მიმართებაში. ვაშინგტონი, ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობასა და ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს სადამ ჰუსეინს.

თათბირს, პრეზიდენტ ბუშის რანჩოში ესწრებოდნენ: ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, ბუშის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისი, თეთრი სახლის კანცელარიის უფროსი ენდრიუ კარდი და შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი რიჩარდ მაიერსი. სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ამ შეხვედრას არ დასწრებია.

მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუშმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ამჟამინდელი რეჟიმის შეცვლა აქვს განზრახული ერაყში, ვაშინგტონის მისამართით კრიტიკა გამოითქმის იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყზე თავდასხმა დესტაბილიზაციას გამოიწვევს მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და საგრძნობლად დააზარალებს ამასთანავე მსოფლიო ეკონომიკას.

დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ამგვარი კრიტიკა ნაწილობრივ დემოკრატიული პარტიის სტრატეგიულ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს ნოემბრისათვის დანიშნული, ეგრედ წოდებული ”შუალედური” არჩევნების წინ, თუმცა ამგვარ კრიტიკას ზოგიერთი თვალსაჩინო რესპუბლიკელი კონგრესმენიც შეუერთდა.

მაგრამ ოთხშაბათს, პრეზიდენტ ბუშის ინიციატივას ტეხასელმა კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა ტომ დილეიმ დაუჭირა მხარი. ქალაქ ჰიუსტონში, საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას დილეიმ განაცხადა: ”პრეზიდენტ ბუშის გადაწყვეტილება – სწორია. მხოლოდ რეჟიმის შეცვლით შევძლებთ იმის მიღწევას, რომ სადამს აღარ ექნება ბირთვული იარაღი”-ციტატის დასასრული.

ამასობაში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ, რადიოსადგურ ”ბიბისისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღარ დაემუქრება სამხედრო ძალის გამოყენებით ერაყს, თუ პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაუშვებს ერაყში გაეროს განიარაღების კომისიის საქმიანობის განახლებას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მიანიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუერთდება მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაში ერაყის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG