Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილით დასჯა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მცირდება მსოფლიოში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა აგვისტოში თურქეთმა გააუქმა სიკვდილით დასჯა მშვიდობიანობის დროს. ამ გადაწყვეტილებამ თურქეთის ყველაზე ცნობილ პატიმარს, ქურთ მეამბოხეთა ლიდერს აბდულა ოჯალანს შეიძლება სიცოცხლე შეუნარჩუნოს.



ამერიკის შტატ ტეხასში კი, გასულ კვირაში მექსიკელი მოქალაქის, მკვლელ ხავიერ სუარეს მედინას სიკდილით დასაჯის განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი. მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.

გასულ ორშაბათს ნიგერიის სასამართლომ ჩაქოლვით სიკვდილი მიუსაჯა ქალს, რომელმაც შვილი ქორწინების გარეშე გააჩინა. მოსამართლემ განაცხადა, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანა გადაიდება, სანამ 31 წლის დედა თავის რვა თვის ქალიშვილს ძუძუს აძლევს, რაც შეიძლება კიდევ ორ წელს გაგრძელდეს.

ამ სამმა შემთხვევამ კვლავ მიაპყრო მსოფლიო საზოგადოების ყურადღება სიკვდილით დასჯის პრობლემას.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სიკვდილით დასჯა თანდათანობით გამოდის პრაქტიკიდან. ვირჯინია ვენცელი “ამნესტი ინტერნეიშენელიდან” ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია და ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვანი ორგანიზაციის – ევროპის საბჭოს – მცდელობებია.

ამჟამად სიკვდილით დასჯა მსოფლიოს 111 ქვეყნაშია გაუქმებული. აქედან 74 ქვეყანაში – ყველა სახის ბოროტმოქმედებაზე; 15 ქვეყანაში – ყველა დანაშაულზე, გარდა ომის ბოროტმოქმედებისა და 22 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა თუმცა არ არის კანონით გაუქმებული, იგი 10-თ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოიყენება.

ვენცელი ამბობს, რომ ეს ტენდენცია არ ეხება ჩინეთს, იაპონიას, შეერთებულ შტატებსა და მაჰმადიანური ქვეყნების დიდ რიცხვს. პირველი ადგილი ჩინეთს ეკუთვნის. მასზე სიკვდილით დასჯის ყველა შემთხვევათა 90 პროცენტი მოდის.

ამერიკის 50 შტატში სხვადასხვა მდგომარეობაა. ზოგიერთში უმაღლესი ზომა არ გამოიყენება ადგილობრივი საკანონმდებლო აქტის თანახმად, ზოგან მორატორიუმია შემოღებული და ზოგანაც მიმართავენ სიკვდილით დასჯას, ყველაზე ხშირად ტეხასში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მშობლიურ შტატში.

ევროპის საბჭო, რომელიც ეწინააღმდეგება სიკვდითი დასჯას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში თვლის, რომ ყველაზე მეტი გავლენა მას შეიძლება ჰქონდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შეერთებული შტატები და იაპონია, რომელთაც საბჭოში მეთვალყურის სტატუსით წარმომადგენლები ჰყავთ. რაც შეეხება მაჰმადიანურ ქვეყნებს, მათთან დიალოგი გაძნელებულია, ვინაიდან ისინი ევროპის საბჭოსთან არ თანამშრომლობენ.

თურქეთის შემთხვევაში, სტიმული იყო ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილი. როცა 1999 წელს ოჯალანი დააპატიმრეს, თურქეთში ბევრი მის სწრაფად დასჯას მოითხოდა. ოჯალანის ფრაქციას, ქურთისტანის მუშათა პარტიას, ბრალს სდებდნენ, რომ მისი პარტიზანული აქტივობის შედეგად 1984-99 წლებში დაახლოებით 35 ათასი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ შეიძლება ვერ უშველოს ოჯალანს, თუ მის დანაშაულს ომის პერიოდის ბოროტმოქმედებად ჩათვლიან.

შეერთებულ შტატებში ევროპის საბჭოსა და მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციათა მიმართვებმა ვერ მოალბო ტეხასის შტატის მთავრობის გული. მედინა სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ მან 1988 წელს დალასში გადაცმული აგენტი მოკლა.

მექსიკამ პროტესტი განაცხადა იმის გამო, რომ მედინას არ აცნობეს, რომ მას, როგორც მექსიკის მოქალაქეს, მექსიკის საკონსულოს დახმარების მოთხოვნის უფლება ჰქონდა.

16-მა ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა, შვეიცარიამ, ბრაზილიამ და არგენტინამ წერილობით მოითხოვეს მედინას შეწყალება, მაგრამ საქმეს არაფერი ეშველა.
XS
SM
MD
LG