Accessibility links

logo-print

პუტინი აძლიერებს კავშირებს ქვეყნებთან, რომლებსაც ამერიკის პრეზიდენტი ბუში “ბოროტების ღერძს” მიაკუთვნებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ერთი შეხედვით უცნაური დამთხვევაა: მაშინ, როცა ვაშინგტონში ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებაზე ლაპარაკობენ, რუსეთმა გააძლიერა ურთიერთობები ირანთან, ერაყვთან და ჩრდილოეთ კორეასთან – იმ სამ ქვეყანასთან,

რომელთაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში “ბოროტების ღერძს” მიაკუთვნებს. ხომ არ ავნებს ეს მოსკოვსა და ვაშიგტონს შორის ურთიერთობებს, რომლებიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შარშანდელი 11 სექტემბრის შემდეგ?

ოთხშაბათს ჩრდილოეთი კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი საგანგებო დაჯავშნული მატარებლით ჩავიდა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ კომსომოლსკში ამურზე, სადაც მას წითელი ხალიჩა გაუშალეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა. პარასკევს ის ვლადივოსტოკში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმრ პუტინს ხვდება, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განსახილველად.

შარშან ზაფხულში კი კიმ ჩენ ირი, რომლსაც თვითმფრინავით მგზავრობა არ უყვარს, ორი კვირის განმავლობაში მატარებლით მიემგზავრებოდა შორეული აღმოსავლეთიდან მოსკოვში, რითაც მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსეთის სარკინიგზო მოძრაობა.

დაახლოებით ერთი თვის წინათ მოსკოვმა განაცხადა, რომ აპირებს ირანისთვის 5 ბირთვული რეაქტორის აშენებას. თეთრი სახლი შიშობს, რომ ნავთობით მდიდარმა ირანმა, რომელიც ენერგიის ნაკლებობას არ განიცდის, რეაქტორები შეიძლება ბირთვული იარაღის განვითარებისთვის გამოიყენოს.

პუტინის ბოლო ნაბიჯი “ბოროტების ღერძის” ქვეყნების მიმართ ერაყს ეხება. გასულ კვირაში მოსკოვმა განაცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს ბაღდადთან ხუთწლიან, 40 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტს. ეს მოხდა სწორედ იმ მომენტში, როცა შეერთებული შტატები გეგმავს ერაყზე შესაძლო დარტყმას დიქტატორ სადამ ხუსეინის რეჟიმის დამხობის მიზნით.

მაგრამ ანალიტიკოსები, მათ შორის ამერიკელი ექსპერტები, თვლიან, რომ მოსკოვის ეს დემარშები არა პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ხასიათს ატარებს.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ არ ეწინააღმდეგება მოსკოვ-ბაღდადის გარიგებას, თუ ის არ არღვევს ერაყის წინააღმდეგ გაეროს მიერ დაწესებულ სანქციებს. როგორც მოსკოვი, ისე ბაღდადი აცხადებენ, რომ არა.

ვიქტორ კრემენიუკი ანალიტიკოსი მოსკოვის შეერთუბული შტატებისა და კანადის ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ პუტინის ასეთი მიდგომა “ბოროტების ღერძის” ქვეყნებისადმი შეიძლება იყოს შედეგი იმისა, რომ ბუში სადათანადოდ ვერ გამოეპასუხა შარშანდელი წლის განმავლობაში მოსკოვის მიერ ვაშინგტონის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს. პუტინი მოელოდა, მაგალითად, რომ მოხდებოდა რესტრუქტურიზაცია რუსეთის ვალებისა, რომელთა დიდი ნაწილი მოდის მომავალ, საპარლამენტო არჩევნების წელზე.

ვიაჩესლავ ნიკონოვი, მოსკოვის პოლიტიკის ფონდის დირექტორი კი თვლის, რომ ახალი არაფერი მომხდარა და, რომ რუსეთი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ირანთან, ერაყთან და ჩრდილოეთ კორეასთან და ბოლო ნაბიჯები სულაც არ ემუქრება ვაშიგტონთან ურთიერთობებს.
XS
SM
MD
LG