Accessibility links

logo-print

ანტიკრიმინალური გაურკვევლობა პანკისის ხეობაში


თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში პანკისის ხეობასთან დაკავშირებულ ძირითად გაურკვევლობას იქ მყოფი კრიმინალების არსებობა წარმოადგენდა,

ამჟამად ვითარება შეიცვალა და საზოგადოება მოუთმენლად ელის, თუ როდის დაიწყება და რა განვითარება ექნება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ანტიკრიმინალური ოპერაციას. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ძალოვან უწყებათა წარმომადგენლების განცხადებას, რომ ხეობაში აღარ იმყოფებიან უცხოელი შეიარაღებული პირები, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთელი ძალების გადასროლის აუცილებლობა ერთ ხეობაში, როცა კრიმინალური ვითარება ლამის ყველა მიმართულებით უარესდება.

რამდენიმე დღეა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ოპერატიული ინფორმაციის საიდუმლოების მოტივით, საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ღონისძიებების დაწყების თარიღს. სამაგიეროდ ქართული სპეცსამსახურის მესვეურები დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ ხეობა დატოვეს ჩეჩენმა და არაბმა "ბოევიკებმა", რომელთა საერთო რაოდენობა, იმავე უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, ორი თვის წინათ დაახლოებით 300-400 კაცს აღწევდა.

უფრო ტრანსპარენტულ რეჟიმში მუშაობს მეორე ძალოვანი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მართალია, ასევე არ იცის, თუ როდის მიიღებს უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანებას ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანის თაობაზე, მაგრამ როგორც სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" შინაგან ჯარების სარდალმა, გენერალმა გიორგი შერვაშიძემ განუცხადა, მათ უკვე მიღებული აქვთ ბრძანება, რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავდეთ ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკაც, რომელსაც ხეობის მისადგომებთან განალაგებენ.
მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად კი რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტოს ცენტრალურმა აპარატმა, რეგიონულმა და ადგილობრივმა დანაყოფებმა ხეობაში უკვე მიავლინეს ათობით ოპერატიული თანამშრომელი.

ახმეტის რაიონში კი ყველაზე მეტი სამხედრო ძალა მაინც თავადცვის სამინისტროს ჰყავს, რომელმაც ოთხშაბათს, როგორც იქნა, დაასახელა ფართომასშტაბიანი წვრთნის – "კახეთი 2002"-ის დაწყების თარიღი. სამხედრო უწყების მიერ დაგეგმილ ანტიტერორისტულ ოპერაციაში ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მძიმე ტექნიკა და ამერიკელთა მიერ ნაჩუქარი სატრანსპორტო შვეულმფრენი "იროკეზებიც" მიიღებენ მონაწილეობას.

პანკისის ხეობის ზედმეტი მილიტარიზება იმ ფონზე, როცა კრიმინალური ვითარება აშკარად უარესდება საქართველოს ყველა ეგრეთ წოდებულ ცხელ წერტილებში, ექსპერტების გაკვირვებას იწვევს. უკვე დამაჯერებლობას კარგავს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებები, რომ მათ შორის არსებობს მჭიდრო კოორდინაცია და რომ მიღებულია ყველა წინასწარი ზომა შესაძლო პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად.

ამ თვალსაზრისით ძალზე საგულისხმოა "კავკას-პრესის" სააგენტოს მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 21 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კინაღამ საომარი შეტაკებები მოხდა. ამის მიზეზი კი გამხდარა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთპიროვნული ბრძანება – გაძლიერებული შეიარაღებული ფორმირებებით გზა გადაეკეტათ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი მშვიდობის დამცველებისათვის, რომლებმაც დაარღვიეს მანდატით გათვალისწინებული მოთხოვნები და სამშაბათს ქართველების მიერ კონტროლირებად ახალგორის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ყველაზე დამაფიქრებელი ისაა, რომ სააგენტოს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ეს ბრძანება შეთანხმებული არ ყოფილა ქვეყნის პრეზიდენტთან და ასეთი შეუთანხმებელი ქმედება პირველი შემთხვევა არ არის ჩვენს სინამდვილეში.
XS
SM
MD
LG