Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის ძნელი წყალდიდობის განჭვრეტა


თამარ ჩიქოვანი, პრაღა რუსეთში და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში წყალდიდობების შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ზარალმა კი რამდენიმე მილიონ ევროს გადააჭარბა.

ისინი, ვინც წყალდიდობით დაზარალდა, დღეს აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომელმაც ვერ შეძლო წყალდიდობის შედეგების წინასწარგანჭვრეტა და მოსალოდნელი საფრთხის სიმძიმის შესუსტება. თუმცა, მეტეოროლოგები და ჰიდროლოგები ამბობენ, რომ პროგნოზირების თვალსაზრისით გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ასეთი მოვლენების განჭვრეტა რთულია და დიდწილად დამოკიდებულია ნალექების ოდენობასა და მდინარეთა გამტარუნარიანობაზე.


გასულ კვირაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასიათასობით ადამიანი სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული რამდენიმე მდინარის ადიდების გამო. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, გერმანიის ქალაქ დრეზდენში, რამდენიმე პატარა ქალაქში ათასობით ადამიანი იძულებული გახდა წინასწარ მოუმზადებლად დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. მაგალითად, პრაღაში წყალდიდობის დღეებში ხელისუფლებამ ისიც კი განაცხადა, რომ იძულების წესს გამოიყენებდა მათ წინააღმდეგ, ვინც ნებით არ დატოვებდა დატბორილ სახლებს.
დღეს ისინი, ვინც ყველაფერი ან ბევრი რამ დაკარგა სტიქიის გამო, აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომელმაც ვერ შეაფასა წყალდიდობის შესაძლო საფრთხე და რომლის ქმედებები ხშირად დაგვიანებული აღმოჩნდა. გერმანიაში, როცა ადიდებულმა ელბამ დრეზდენი დატბორა, გაბრაზებული მოქალაქეები ამბობდნენ, რომ წლების განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურად არ იღო მათი შეშფოთება, რომ წყალდიდობის შემაკავებელი ნაგებობები მოძველებული და არასაკმარისი იყო. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა შეიქმნა პრაღაშიც, სადაც პრაღის მერმა იგორ ნემეცმა თავიდან განაცხადა, რომ ვლტავა კალაპოტიდან არ გადმოვიდოდა, მაგრამ ამ განცხადებიდან მეორე დღეს ადიდებულმა მდინარემ დატბოტა ქალაქის ისტორიული ნაწილი.
წყალდიდობების შემდეგ განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა, შესაძლოა თუ არა წყალდიდობების წინასწარი განჭვრეტა და მისი შედეგების თავიდან აცილება. მეტეოროლოგების განმარტება მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ჟღერს. მათი თქმით, ამინდის პროგნოზის სფეროში მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, წყალდიდობის განჭვრეტა მხოლოდ რამდენიმე დღით ადრეა შესაძლებელი. მაგალითად, გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ჰიდროლოგიისა და წყლების რესურსების დეპარტამენტის დირექტორის არტურ ესკიუს თქმით, დუნაის ნაპირებზე განლაგებულმა ბრატისლავამ, ვენამ და ბუდაპეშტმა იმიტომ შეძლეს წყალდიდობის შედეგების თავიდან აცილება, რომ მოსამზადებლად რამდენიმე დღე ჰქონდათ. მისივე განმარტებით, ნალექების მატება ისეთ პატარა ან საშუალო ზომის მდინარეებში, როგორიც ვლტავა და ელბაა, უფრო საშიშია, რადგან მეტეოროლოგებისთვის ძნელია პროგნოზის გაკეთება. ამავე დროს, არტურ ესკიუ შენიშნავს, რომ კატასტროფული წყალდიდობები იშვიათი და ძნელად პროგნოზირებადი მოვლენებია. იგი წინააღმდეგია წყალდიდობის შემაკავებელი ძვირადღირებული სისტემების მშენებლობისა იმის მოლოდინში, რომ ოდესმე წყალდიდობა მოხდება. აჯობებს, ეს თანხები ინფორმაციის შეკრებისა და განაწილებისთვის დაიხარჯოს, რათა ამინდის პროგნოზი ზუსტი და უტყუარი იყოსო, თვლის გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ჰიდროლოგიისა და წყლების რესურსების დეპარტამენტის დირექტორი არტურ ესკიუ.

22 აგვისტოს ჩეხეთის ქალაქ კოსტოვიცაში გამართულ შეხვედრაზე ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებმა განიხილეს კატასტროფული წყალდიდობით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის პროგრამა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეხვედრაში არ მონაწილეობდა ვიშეგრადის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი სახელმწიფოს მეთაური – სლოვაკეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, 10 დღის წინათ წყალდიდობებმა საგრძნობი ზარალი მიაყენეს აღმოსავლეთი ევროპის ამ სახელმწიფოებს.
XS
SM
MD
LG