Accessibility links

logo-print

სახელმწიფოს მიერ პოლიციის კორუმპირებულობის ხელშემწყობი ერთი გადაწყვეტილება


მასობრივი უმუშევრობის პირობებში, პოსტსაბჭოურ საქართველოში გაჩნდა თვითდასაქმებულთა სოციალური ფენა, რომელიც, არაოფიციალური სტატისტიკით, დასაქმებულთა უმრავლესობას შეადგენს.

თვითდასაქმებულთა უმრავლესობაში კი, თავის მხრივ, იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებული გარე ვაჭრობებით გადიან ფონს. სახელმწიფოს მხრიდან გარემოვაჭრეებთან ურთიერთობას, ზოგადად, დისკრიმინაციული უნდა ეწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად თვითდასაქმების ეს ფორმა არ იკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით ვაჭრობას ეხება. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გარე მოვაჭრეებიდან ამოღებული საგადასახადო თანხები, ბიუჯეტის ნაცვლად, ძირითადად პოლიციელთა ჯიბეებში მიდის, მაშინ კიდევ უფრო გაუგებარი ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ის შესწორება, რომელიც პოლიციას გარემოვაჭრეებზე კონტროლს აკისრებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, მალეფუჭადი კვების პროდუქტების რეალიზაციაში დადანაშაულებული პირის მიმართ 10 მინიმალური ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაწესდა, დაჯარიმების უფლება კი მიენიჭა პოლიციას, რომელიც ამ უფლების გარეშეც პირად კონტროლზე იქვემდებარებდა გარე მოვაჭრეებს. თუმცა, კონტროლი, ისევე როგორც დაჯარიმება, პირობითი ცნებაა, იმდენად, რამდენადაც გარემოვაჭრეთა გაჩენის დღიდანვე მოქმედებს პოლიციელებთან გარემოვაჭრეების სავალდებულო, მაგრამ ამასთანავე არაოფიციალური ფულადი ანგარიშსწორების ინსტიტუტი, რომელიც არსებობს და იხვეწება დღესაც, – მოგეხსენებათ, რომ გარე ვაჭრობის დინამიკა ყოველწლიური მატებით ხასიათდება და არა კლებით, რასაც სახელმწიფო სტრუქტურებიც აღიარებენ.
[ჯუღული ახვლედიანის ხმა] “მთავრობის დადგენილებით, გარე ვაჭრობა არ იკრძალება, აქ არის ლაპარაკი უკანონო გარე ვაჭრობის აკრძალვაზე. ყველა ქვეყანაში არის დაშვებული ცივილური ფორმით გარე ვაჭრობა და თუ გამგეობის მიერ იქნება ადგილი შერჩეული და ტერიტორია იქნება ნორმალურად მოწყობილი, პრეტენზია არ ექნება არც ქალაქის ხელმძღვანელობას, არც სანიტარულ სამსახურს და არც სხვას. თქვენ მოგეხსენებათ ცენტრალურ ქუჩებზეც არის მაცივრები დადგმული და გამაგრილებელი სასმელებითა და ნაყინით ვაჭრობა, პრესით და სიგარეტით ვაჭრობა და ამაზე არანაირი გართულება არ არის, – ძირითადად არის საუბარი მალეფუჭადი საკვები პორდუქტების ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით რეალიზაციაზე.”
თბილისის სანიტარული ინსპექციის უფროსი, ჯუღული ახვლედიანი იმედოვნებს, რომ ახალი ფუნქციით აღჭურვილი პოლიცია შეძლებს უნებართვო გარემოვაჭრეებთან ბრძოლას და თბილისში არსებული ანტისანიტარიის აღმოფხვრას. არადა, თავად ბატონ ჯუღულისაც და თვითოეულ ჩვენთაგანს კარგად მოეხსენება, რომ გარე ვაჭრობებს ფაქტობრივად პოლიცია არეგულირებს და არა გამგეობა, რომ პოლიციას ხელს აძლევს ყოველი ახალი უნებართვო მოვაჭრის გამოჩენა და თუ მისი დაჯარიმება მას ამჯერად უკვე კანონითაც შეუძლია, მაშინ იგი კანონიერებაზე მით უფრო აღარ იზრუნებს. სახელმწიფოს მიერ პოლიციის კორუფციული იმიჯის პრაქტიკული დაკანონების ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით კი კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყნის ზედა ეშელონებს კოსმეტიკური ცვლილებები უფრო აძლევთ ხელს ისეთ თითქოსდა უმნიშვნელო სფეროშიც კი, როგორიც გარე ვაჭრობაა და რომელიც ლუკმა-პურის მაძიებელმა უმუშევარმა ადამიანებმა თვითგადარჩენის ინსტიქტით შექმნეს.
XS
SM
MD
LG