Accessibility links

logo-print

ქართული ბიზნესი თანამედროვე ბიზნესთეორიების გარეშე ცდილობს განვითარებას


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალგანვითარებული კომუნიკაციების პირობებში სწორი და გათვლილი მარკეტინგის და ბაზარზე პოზიცირების გარეშე ცივილიზებულ ბიზნესს,

ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება. საქართველოში ბაზრის შესწავლას და მარკეტინგული თეორიებს არათუ წვრილი, საშუალო და მსხვილი ბიზნესიც იშვიათად თუ იყენებს და ბიზნესიც ძირითადად სპონტანურად ვითარდება. თანამედროვე ბიზნეს თეორიების მნიშვნელობის შესახებ ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრებათ.

დღეს ნებისმიერ ბიზნესმენს, რაოდენ სოლიდურ საწყის კაპიტალსაც არ უნდა ფლობდეს ის, ახალი საქმის დაწყება ან ძველი საქმიანობის გაფართოება მეტისმეტად გაუჭირდება თუ შესაბამისი კვლევები და ბაზრის შესწავლა ვერ მოახერხა. საქართველოში, სამწუხაროდ მარკეტინგის აპრობირებულ მეთოდებს იშვიათად იყენებენ, არადა ამგავრი თეორიების გათვალისწინების აუცილებლობა ქართული ბიზნესის საქმიანობაში თითქმის ყოველდღიურად იგრძნობა.

სტიქიური ბიზნესის ხანა კარგა ხანია დასრულდა და საქმეში ჩაუხედავი და მარკეტინგული კვლევების გარეშე ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე ადგილის დამკვიდრების მსურველნი ხშირად თავის საქამიანობას კრახით ასრულებენ და თავდაპირველ კაპიტალსაც კარგავს.

დღემდე, სამწუხაროდ, ამგვარი არასერიოზული მიდგომის გამო, თავად სამეწარმეო გარემოც სერიოზულად ზარალობს და ეკონომიკური პრობლემების საერთო ჯაჭვი საბოლოოდ ისევ ქვეყანას და სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება მძიმე ტვირთად.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მსხვილ საწარმოს თუ კომპანიას გააჩნია მარკეტინგის, ან სპეციალური კვლევების განყოფილება, ხშირად ამგვარი სტრუქტურის არსებობა წმინდა ნომინალურ ხასიათს ატარებს და დასავლელ პარტნიორებთან თავის მოსაწონებლად არსებობს.

დასავლეთში საკმაოდ მაღალანაზღაურებად მარკეტოლოგებზე საქართველოში მოთხოვნა ჯერჯერობით არ შეინიშნება. ჩვენთან რატომღაც ყველა თვლის, რომ ბიზნესში ცოტაოდენი გამოცდილება და საწყისი კაპიტალი სრულიად საკმარისია წარმატების მისაღწევად. ამის გამო მეწარმეები ზედმეტი თანხების გაღებას და კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას თავს არიდებენ. შესაბამისად, სრულიად გაუთვითცნობიერებელი მეწარმე თავის საქმიანობაში იმდენ უსიამოვნო სიურპრიზს აწყდება, რომ ბიზნესის ინტერესსაც კარგავს და დაბანდებულ თანხებსაც. თუმცა ამ სფეროშიც არსებობენ ბედნიერი გამოკლისები, ან ისეთები, რომელთაც პირველი წარუმატებლობა ფარ-ხმალს არ დააყრევინებს და შემდეგ იწყებს ბაზრის დაწვრილებით შესწავლას, მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებას.

რაც შეეხება გამონაკლისებს, ანუ იმ კომპანიებ, რომელთაც თანამედროვე ბიზნეს ტექნოლოგიები მეტ-ნაკლებად დანერგილი აქვთ თავის საქმიანობაში, ასეთებად ისედავ ისევ ან ერთობლივი საწარმოები, ან უცხოური კომპანიების წარმომადგენლობები შეიძლება მივიცნიოთ, სადაც საქმის დაწყებამდე აპრიორი ხდება ბაზრის შესწავლა და თავისი საქონლის პოზიცირება. ამგვარ კომპანიათა რიცხვშია ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, ”ყაზბეგი”, ”მინისა და მინერალური წყლების კომპანია”, ”ჯი_ვი_ესი”, ”რუსთავი-2”. ბიზნესისადმი, არატრადიციული ”ქართული” მიდგომის იგნორირება მათ ბაზარზე საკმაოდ მყარ პოზიციებს უქმნის.
სხვათაშორის, აღნიშნული კომპანიები სწორი მარკეტინგის გარდა თავისი ბიზნესის დივერსიფიცირებითაც გამოირჩევიან, ანუ კაპიტალი სხვადასხვა მიმართულების საქამიანობაში აქვთ გაბნეული, რაც ინვესტირების ერთგვარი დაზღვევის საშუალებასაც იძლევა.

სამწუხაროდ, ამგვარი წარმატებული ბიზნესი დღეს საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია და სანამ ჩვენი მეწარმეები თანამედროვე თეორიების და ტექნოლოგიის გამოყენებით არ დაიწყებენ ოპერირებას, მანამდე, ვშიშობთ, რომ სურათი რადიკალურად არც შეიცვლება.
XS
SM
MD
LG