Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბუშის პოლიტიკამ ერაყთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია


ანდრო ეული, პრაღა როცა მას ეკითხებიან, როგორ აპირებს ვაშინგტონი ერაყის პრობლემის მოგვარებას,

პრეზიდენტ ბუშის პასუხი მარტივია: იგი ამბობს, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი არის ტირანი, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლეთს, ვინაიდან მთელი მისი ძალისხმევა მასობრივი განადგურების იარაღის შეძენისკენაა მიმართული. მაგრამ ჯორჯ ბუში არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს ვაშინგტონი ხსენებული საფრთხის უვნებელსაყოფად, და აცხადებს მხოლოდ, რომ ”მომთმენი ადამიანია” და არ გამორიცხავს ერაყის პრობლემის მოსაგვარებლად ნებისმიერი საშუალების, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას.


ასეთივე განცხადება გააკეთა ბუშმა ამ კვირაშიც, როცა თავის რანჩოში, ტეხასის შტატში, ვიცე-პრეზიდენტს დიკ ჩეინისა და თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდს ეთათბირა. მან უარყო პრესაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ სულ მალე, შესაძლოა სამხედრო აქცია განხორციელდეს ერაყის წინააღმდეგ, თუმცა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ სადამ ჰუსეინის დამხობა ”თავად ერაყისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებს” მოემსახურება.

და თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ ჩქარობს იმის გამხელას - რის გაკეთებას აპირებს კონკრეტულად, ერაყთან მიმართებაში, დასავლეთის პრესა მოუთმენლად ელის ამ ინფორმაციას. უკანასკნელ დღეებში, ამერიკის წამყვანი გაზეთები მოუწოდებენ თეთრ სახლს - ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს ერაყის საკითხი და, ან დასაბუთოს ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების აუცილებლობა, ანდა შეწყვიტოს საერთოდ, ომზე ლაპარაკი.

როგორც გაზეთ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” მიმომხილველი ელ ჰანტი აღნიშნავს, ამჯერად მთავარი ისაა, ”როგორ და როდის იქნება სადამ ჰუსეინი დამხობილი და რა შედეგებით... თუმცა მანამდე, ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, როგორ მივაღწევთ ამ მიზანს და რას უნდა მოველოდეთ შემდგომო”.

ერაყის პრობლემისადმი მიძღვნილ მოსმენებზე, რომელიც ამ თვის დასაწყისში მოეწყო სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში, ჩვენებებით, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და მთავრობის ყოფილი წევრები გამოვიდნენ. როგორც ხსენებული კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, ასეთივე მოსმენები ამ თვის დამლევს გაიმართება, და მასში, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

იმ ფაქტმა, რომ თეთრ სახლს დღემდე არ გაუცვნია კონგრესისა და ამერიკელი ხალხისთვის კონკრეტული სამოქმედო პროგრამა ერაყთან მიმართებაში, ათასნაირი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ვაშინგტონს სურს, უტყუარი სამხილით დაადასტუროს 11 სექტემბრის ტერაქტებთან ბაღდადის პირდაპირი კავშირი.

ხოლო სხვები იმით ხსნიან ვაშინგტონის ამგვარ გაურკვევლობას, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ორადაა გაყოფილი: ერთნი მხარს უჭერენ შეიარაღებულ ინტერვენციას ერაყში, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ჯერ, ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული და პირველ რიგში, გაეროს განიარაღების კომისიამ უნდა განაახლოს ერაყში თავისი საქმიანობა.

ჩარლს დულფერი გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო ერაყში 1993-2000 წლებში, ხოლო ამჟამად ვაშინგტონის სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში მოღვაწეობს. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: [ჩარლს დულფერის ხმა] ”დიდი კამათი მიდის დღეს ადმინისიტრაციაში სხვადასხვა გეგმისა და იდეის თაობაზე პრეზიდენტის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მთავარი რაც ვაშინგტონს აკლია, ესაა შეთანხმებული, ერთიანი პოზიცია. რაც მე მგონი იმითაა გამოწვეული, რომ ამ საკითხში არცერთ სხვა პიროვნებას, მხოლოდ პრეზიდენტსა აქვს საბოლოო სიტყვა”

იმ დროს, როცა ვაშინგტონი ერაყის პრობლემითაა დაკავებული, დასავლეთის პრესაში შეშფოთებას გამოთქვამენ მიმომხილველები იმის გამო, რომ ერაყზე თავდასხმამ შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს რეგიონში და სერიოზული ზარალი მიაყენოს ამასთანავე მსოფლიო ეკონომიკას.

ამასობაში, თეთრი სახლის ოფიციალური პირები მოუწოდებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს - თავი შეიკავონ ათასნაირი ვარაუდებისაგან იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრატეგიას აირჩევს ვაშინგტონი ერაყთან მიმართებაში.
XS
SM
MD
LG