Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მსოფლიო სამიტი იოჰანესბურგში


ორიოდე დღეც და იოჰანესბურგში გაეროს მსოფლიო სამიტი გაიხსნება. ორშაბათს სამხრეთი აფრიკის უდიდეს ქალაქში მსოფლიოს 100-ზე მეტ ლიდერი, გარემოს დაცვის აქტივისტები,

ბიზნესის მოღვაწეები შეიკრიბებიან, რათა 10 დღის განმავლობაში იმსჯელონ მსოფლიოს სტაბილური განვითარების საკითხებზე. რას ნიშნავს ეს?

გაეროს მსოფლიო სამიტს სტაბილური განვითარების საკითხებზე ”გარემოს დაცვის სამიტიც” შეიძლება ეწოდოს, და მას ბოლო შანსად მოიხსენიებენ: ბოლო შანსად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ანუ ყოველი ჩვენგანისათვის, განვსაზღვროთ გარემოს დაცვის გონივრული კურსი ან დედამიწის ეკოსისტემა კატასტროფისათვის გავწიროთ.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ნიტინ დესაიმ, რომელიც სამიტის თავმჯდომარე იქნება, იცის, რომ გარემოს დაცვის არაერთ სფეროში მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო უარესდება. დესაი ხელმძღვანელობს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტს, რომლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დღეს უკვე 800 მილიონი ადამიანი ქრონიკულად შიმშილობს, სულ მალე მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი აღმოჩნდება სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემის წინაშე, კლიმატური ცვლილებები ზღვაში წყლის დონის აწევას, სულ უფრო მასშტაბურ წყალდიდობებსა და გვალვებს იწვევს. [სიუზან კავანას ხმა] ”ბოლო წყალდიდობები ევროპაში ადასტურებს იმას, რის შესახებ დიდი ხანია გვაფრთხილებენ მეცნიერები. ასე რომ, დაუყოვნებლივ არის მისაღები ქმედითი ზომები”, - აღნიშნა იოჰანესბურგში გარემოს დამცველი ორგანიზაცია ”გრინპისის” დელეგაციის ხელმძღვანელმა, სიუზან კავანამ ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ბრეფნი ორურკთან საუბარში.

გარემოს დაცვის დაუყოვნებლივ გაუმჯობესებას მოითხოვს მსოფლიო ბანკიც, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ეკოლოგიური და სოციალური სისტემები დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. როგორც ამ საფინანსო უწყების საანგარიშო მოხსენებაშია ნავარაუდევი, 2050 წლამდე მსოფლიოს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 3,3 პროცენტით გაიზრდება. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელ სერჯო იელინეკის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ 2050 წლისთვის: [სერჯო იელინეკის ხმა] ”მსოფლიო ეკონომიკა წლიურად 140 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც 4-ჯერ აღემატება ამჟამინდელ ეკონომიკურ მაჩვენებელს. ცხადია, რომ ეს ტენდენცია არაერთ რისკს უკავშირდება: როგორ მივაღწევთ იმ ეტაპს ეკოლოგიური და სოციალური დესტაბილიზაციის გარეშე?”

აი შეკითხვა, რომელიც იოჰანესბურგის სამიტზე ყურადღების ცენტრში იდგება: ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგი არავინაა, ოღონდ მისი კალაპოტი გონივრულად უნდა განისაზღვროს, რათა საქმე დედამიწის განადგურებამდე არ მივიდეს...

იოჰანისბურგის სამიტის მონაწილეებს სულ სამი რთული ამოცანა ეძლევათ: ერთია სამოქმედო გეგმის შემუშავება მსოფლიოში სიღატაკის, შიმშილობის, შიდსის გავრცელების მასშტაბების შესამცირებლად; მეორე - პოლიტიკური დეკლარაციის მიღება ბიზნესის სფეროში; და მესამე – სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად სამოქალაქო და კერძო სექტორებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმება.

გამოიყენებენ თუ არა მსოფლიოს განვითარების სტაბილიზაციის ამ, ბევრის ვარაუდით, ბოლო შანსს იოჰანისბურგის სამიტზე, სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა.
XS
SM
MD
LG