Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების უახლოესი პერსპექტივები


რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცეში 23 აგვისტოს ღამით განხორციელებული მორიგი იერიშის გამო, საქართველოს ოფიციალური წრეების მიერ წარმოებული

საპროტესტო მოქმედებების პარალელურად, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ამ იერიშის უარმყოფელი ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს. ქართული სოფლების დაბომბვაში რუსეთის მხრიდან რუსული კვალის წაშლის მცდელობების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული ხდება ფაქტებით ამტკიცოს ის, რასაც მტკიცება არ სჭირდება – ირაკლი მენაღარიშვილი 23 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის რუსული წარმომავლობის სამ არგუმენტზე მიუთითებს.

საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევის დამადასტურებელი პირველი საბუთია საავიაციო დაკვირვებების ოფიციალური დოკუმენტი, რომელზეც თითოეული მოიერიშე თვითმფრინავის მარშრუტი და მანევრირების დროა მითითებული, მეორე საბუთია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებელთა მისიის მიერ გაკეთებული მოხსენება 23 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის რუსული თვითმფრინავების მიერ დარღვევისა და ავიადარტყმების განხორციელების შესახებ და, ბოლოს, მესამე და ყველაზე მთავარი –უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ცინიზმი წინასწარმეტყველებასავით უძღვოდა.
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა]“მე იძულებული ვარ გავიხსენო გასული წლის ნოემბერი, როდესაც ერთ-ერთი ასეთი ავიადარტყმის შემდგომ, დსთ-ს სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა კომენტარს გაუკეთებდა მსგავს შეტევას, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ არ ყოფილა არანაირი შეტევა და თავდასხმა, რამეთუ არ არის მსხვერპლი. სამწუხაროდ, დიდის გულისტკივილით მე იძულებული ვარ დღეს ვთქვა, რომ თუ ბატონ პრეზიდენტს ეს არგუმენტი სჭირდებოდა, დღეს მსხვერპლი სახეზეა. იმედი მაქვს, ახლა მაინც გააკეთებს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დასკვნას ამ ტრაგიკული ფაქტიდან.”
მაშინ, როცა რუსეთის ხელმძღვანელობას საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის წინა შემთხვევებიდან, ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, არც ერთი არ გამოუძიებია ბოლომდე, ცხადი ხდება, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების სტრატეგია გადახალისებას საჭიროებს. ასეთ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული თუნდაც უკანასკნელი მკაცრი განცხადების ფონზეც კი ნათელია ქართული მხარის დაბნეულობა – საქართველოს ხელისუფლების ნომერი პირველი მიზანი ამ ეტაპზე რუსეთის აგრესიის შეჩერებაა, რადგან, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის მიუხედავადაც კი, ფაქტი ფაქტად რჩება – არ არსებობს გარანტია იმისა, რომ რუსული თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეს ხვალაც არ დაარღვევენ და საავიაციო რეიდს კვლავაც ბომბებით არ დაამთავრებენ. ამიტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ქართული-რუსული ურთიერთობების უახლოეს ეტაპზე აგრესიის შეჩერება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, აგრესიის შეფასება კი – მომდევნო, რათა კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება და კავკასიის სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა რეალურად მიღწევადი მიზანი იყოს.
ქართულ-რუსულ კონფრონტაციაში კომპრომისების ძიებისას კი წინა პლანზე იწევს ფაქტი, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა არცთუ შემთხვევით დაემთხვა ახმეტის რაიონში ანტიტერორისტული სამხედრო მანევრების ჩატარებას, რომლის ვადები არც ამ სამხედრო ინცინდენტის შემდეგ შეცვლილა – იგი ორ დღეში დაიწყება.
XS
SM
MD
LG