Accessibility links

logo-print

რუსეთის მხარე კატეგორიულად უარყოფს პანკისის ხეობის დაბომბვაში თავის მონაწილეობას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ოფიციალური თბილისის განცხადებებს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვების შესახებ რუსეთის მხარე სტანდარტულად პასუხობს, რომ არავითარი წვლილი არ მიუძღვის სუვერებული სახელმწიფოს

წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაში. ამჯერადაც, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი უარყოფს რუსეთის თვითმფრინავებით პანკისის ხეობის დაბომბვის ფაქტს და ამბობს, თუ რაიმე მართლა აფეთქდა პანკისის ხეობაში, ეს, ალბათ, საქართველოს მიერ პანკისში დაწყებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას უკავშირდებაო. გაგაცნობთ რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე.

რუსეთის ინტერნეტული გამოცემა " გაზეტა-რუ" თავის მკითხველს 23 აგვისტოს პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის საქართველოს ვერსიას აცნობს, რომლის თანახმადაც, გამთენიისას რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავები 40 წუთის განმავლობაში ბომბავდნენ პანკისის ხეობას. გამოცემას მოჰყავს პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადება, რომ პანკისში მხოლოდ ჩეჩნეთიდან დევნილი ქალები, ბავშვები და მოხუცები უნდა დარჩნენ და ყველა სხვამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. "გაზეტა. რუ"-ს აზრით, ამ განცხადებას რუსეთში არაერთგვაროვნად აღიქვამენ. ჯერ ერთი, ჩათვლიან, რომ შევარდნაძემ პანკისში მყოფი ყველა ჩეჩენი მამაკაცი ტერორისტად აღიარა და მეორე – რომ შევარდნაძე ბოევიკებს ჩეჩნეთში რუსეთთან საომრად უბიძგებს.
"ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა დაბომბვებში საქართველო რუსეთს ადანაშაულებს. მაგრამ პირველი შემთხვევაა, როცა დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. რა თქმა უნდა, რუსეთის მფრინავები ყველაფერს უარყოფენ და ჯიუტად აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო ძალებს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ", – წერს "გაზეტა. რუ", რომელსაც ეჭვი ეპარება რუსეთის სამხედროების გულწრფელობაში ერთი უცნაური დამთხვევის გამო. საქმე ის გახლავთ, რომ დაბომბვის წინა დღეს საქართველოს ტელეკომპანია "რუსთავი-2"- მა პანკისში გადაღებული კადრები უჩვენა, სადაც ადგილობრივი მეცხვარეების ცნობით, წინა დღეს გელაევის ჯგუფს ჰქონდა ბანაკი მოწყობილი. თვითმფრინავებმა სწორედ ის ადგილები დაბომბეს, რაც ტელეკომპანიის ეთერით იყო ნაჩვენები – წერს "გაზეტა. რუ," რომლის შენიშვნითაც, როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურებს უფრო ქართველი ჟურნალისტებისა და მეცხვარეების სჯერათ, ვიდრე თავისი ქართველი კოლეგების, რომლებიც ამტიცებენ, რომ გელაევი თავის მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იმყოფება.
გაზეთი "რასია" ცდილობს გაერკვეს, რით არის განპირობებული რუსეთსა და საქართველოს შორის სრულიად არანორმალური დამოკიდებულება, რომელიც უკვე ომის დაწყების პირას დგას. "ომები სხვადასხვანაირად იწყება. ხანდახან ისეც, რომ ადამიანები ვერ ამჩნევენ ამას. ეუთომ დაადასტურა, რომ რუსეთის თვითმფრინავებმა დაბომბეს სუვერენული საქართველოს ტერიტორია. ამის შემდეგ თბილისში რუსი პოლკოვნიკი მოკლეს. საქართველოში სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს კრასნოდარელი მილიციელები, რომლებიც რუსეთის საკონსულოს თავდებად დადგომის მიუხედავად, მაინც ჩასვეს ციხეში. ცალ-ცალკე ამ ფაქტების ახსნა სხვადასხანაირად შეიძლება, მაგრამ მთლიანობაში მას ერთი სახელი ჰქვია – გამოუცხადებელი, ლოკალური, ფარული, მაგრამ მაინც ომი", –წერს გაზეთი, რომელიც ამბობს, რომ სირთულეები ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ახლა არ დაწყებულა. მანამდე იყო აფხაზეთი, რომელსაც რუსეთი მფარველობდა, რაც ძალიან არ მოსწონდა თბილისს. კიდევ უფრო ადრე იყო რთული პიროვნული დამოკიდებულება ელცინსა და შევარდნაძეს შორის. არსებობს ინფორმაცია, რომ ელცინი მოითხოვდა, შევარდნაძეს არ დახმარებოდნენ ალყაშემორტყმული სოხუმიდან გამოღწევაში. რა თქმა უნდა, ასეთის პატიება წარმოუდგებელია", – წერს გაზეთი, რომლის აზრითაც, კიდევ უფრო გაართულა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებამ, ქვეყნის საპრივატიზაციო პროცესში რუსული კაპიტალის არდაშვების თაობაზე. "ეს ხალხის კი არა, რეჟიმების ომია", – დაასკვნის გაზეთი "რასია", რომლის თქმითაც, პრეზიდენტ პუტინს მეტი არაფერი დარჩენია, უსმინოს, როგორ აშინებს თავდაცვის მინისტრი ივანოვი საქართველოს კასპიის ზღვის ფლოტის სიძლიერით, ან როგორ წინასწარმეტყველებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე საქართველოსთვის პრევენციული დარტყმების მიყენებას. რეალურად, ომი დაიწყო, ომი, რომელიც შეუმჩნეველია რუსეთისთვის, მაგრამ შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს საქართველოსთვის. და კიდევ ერთი – ნებისმიერი პატარა ომი, გამორიცხული არ არის, დიდ ომად გადაიქცეს. შევარდნაძეს "იროკეზებისა" და მათ უკან მდგომი ამერიკის იმედი აქვს. მიუხედავად პარტნიორობისა, რუსეთსა და ამერიკას შორის მძაფრი კონკურენცია მიმდინარეობს კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად, – წერს გაზეთი, რომლის ვარაუდითაც, შესაძლოა, რუსეთი რაღაც "გაუგებრობაში" აღმოჩნდეს გარეული, რადგან უკონტროლო ძალოვნებისგან ყველაფერი მოსალოდნელია.
XS
SM
MD
LG