Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზანი აქვს რუსეთს საქართველოს დაბომბვისას


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ავიაციის შეტევას ბოლო დროს ლამის რეგულარული ხასიათი მიეცა. აღმოსავლეთი საქართველოს მთას რუსეთი უკვე მესამე წელია ბომბავს და ჯერაც გაუგებარია,

რას მიაღწია ამით. რა მიზანს შეიძლება ისახავდეს რუსეთის აგრესია?

1999 წელს ომალოს დაბომბვის შემდეგ რუსებმა პირველად და, ჯერჯერობით, უკანასკნელად მოიხადეს ბოდიში. საჰაერო დაბომბვების ანგარიში შეიძლება უკვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც აერიათ. 99 წლიდან მოყოლებული დღევანდლამდე რუსეთს არ უღიარებია დაბომბვის არც ერთი ფაქტი, ამდენად, ოფიციალური კომენტარიც აგრესიის მოტივებსა და მიზნებზე არავის გაუკეთებია. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი მოტივები და მიზნები არ არსებობს. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რისთვის ბომბავს რუსეთი საქართველოს.

პოლიტოლოგი ზურაბ ჭიაბერაშვილი ასე განმარტავს რუსეთის ქმედებას [ჭიაბერაშვილის ხმა]: “რუსეთის მიზანი არის საქართველოს რეპუტაციის შერყევა, ჩამოყალიბება უუნარო ქვეყნის რეპუტაციისა, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა, საკუთარი ტერიტორიების გაკონტროლება, კონსტიტუციური და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ა.შ. მეორე ის გახლავთ, რომ რუსეთი ისევ ურევს საქართველოს შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას. ხალხში გროვდება უკმაყოფილება საკუთარი ხელისუფლების მიმართ. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ არსებული ვითარებითა და ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი ჩამოაგდებს ხელისუფლებას და რუსეთი აქ დასვამს პრორუსულ ძალას”.

ზურაბ ჭიაბერაშვილი იქვე შენიშნავს, რომ ძლიერი პრორუსული ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს. ან როგორ უნდა ჩამოყალიბდეს იმ სახელმწიფოზე მრავალმხრივ ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც პერიოდულად თავლაფს ასხამს შენს ქვეყანას. თუ რუსეთს განზრახული ჰქონდა საქართველოში ძლიერი პრორუსული პარტიის შექმნა, მაშინ მას განზრახვა გაუწბილდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებას ლოგიკურად აგრძელებს პოლიტოლოგი გია ნოდია [ნოდიას ხმა]: “მართალი გითხრათ, არ არის აუცილებელი, რუსეთის მოქმედება ყოველთვის ავხსნათ შორსმიმავალი და კარგად გააზრებული მიზნებითა თუ სტრატეგიით. მე მგონი, ეს უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლაა და საქართველოს კიდევ ერთხელ “დასჯა”, რადგან ის არ თანამშრომლობს რუსეთთან რუსების პირობებით. სხვა, მაინცდამაინც შორსმიმავალ სტრატეგიულ ჩანაფიქრს ამის უკან ვერ ვხედავ. ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი ხედავს თავის სისუსტეს და ჩვენც უნდა დავინახოთ რუსეთის ეს ქმედება, როგორც სისუსტის აქტი: მართალია, პოლიტიკურად ვერ გვჯობნის, მაგრამ, რაღაცნაირად “გვსჯის” და თავის ჭიას იხარებს”.

ირაციონალურს უწოდებს რუსეთის ქმედებას მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი მჭედლიშვილიც [მჭედლიშვილის ხმა]: “ძირითადია ირაციონალური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც რუსეთს აქვს და ახალი ამაში არაფერია. აქ არის “მარტივი” პრობლემა: რუსეთი ებრძვის თავის მოქალაქეებს, ჩეჩნებს. ძირითადი წინააღმდეგობის ძალა ისევ რუსეთშია, ძირითადი შეიარაღებაც რუსეთში იყრის თავს, საქართველო არაფერ შუაშია, კლიმატს ის არ ქმნის. რუსეთის ირაციონალობა იმითაც ვლინდება, რომ თავის შიგნით პრობლემათა ძიების ნაცვლად, ცდილობს მისი პრობლემები დააბრალოს, მიაწეროს საქართველოს”.
XS
SM
MD
LG