Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

449-ე გამოშვება.


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 449-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი: ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 449-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით დასავლეთის მაღალგანვიართებული ქვეყნების განათლების სისტემებზე; შემდეგ მოგითხრობთ საქართველოში გინესის რეკორდების წიგნთან დაკავშირებულ მოძრაობაზე; ვნახავთ, რა შეიცვალა რუსეთში აგვისტოს პუტჩის მე-11 წლისთავზე; შემდეგ შემოგთავაზებთ ორ მასალას კულტურის სფეროდან: ვისაუბრებთ გამოჩენილ ესპანელ მოქანდაკეზე, ედუარდო ჩიიდაზე, და ბრიტანელ დირიჟორზე, სერ საიმონ რატლზე. დღევანდელ გამოშვებას დაასრულებს ტრადიციული რუბრიკა ”საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი”.
პრაღაში გადაცემას ბიძინა რამიშვილი უძღვება.


როგორ აგრძელებენ სწავლას დასავლეთში

ბიძინა რამიშვილი:
ერთი კვირის წინ, მეათე სტუდიის გადაცემაში გესაუბრებოდით საქართველოს განათლების სისტემაში სამომავლოდ ისეთი რეფორმისტული ელემენტის შეტანის შესახებ, როგორიცაა საერთო გამოცდები. საერთო გამოცდების შემოღება გულისხმობს მისაღები გამოცდების ჩვენთვის კარგად ცნობილ სისტემაზე უარის თქმას. ჯერჯერობით, საქართველოში ამ სისტემის შეცვლას არ ჩქარობენ. განათლების სფეროში ჩახედული ადამიანების აზრით, საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები და განათლების სისტემის მაღალჩინოსნები საერთო გამოცდების სისტემაზე გადასვლას, ან მისაღებ გამოცდებზე პრინციპულად უარის თქმას არცთუ ახლო მომავალში – 10-12 წლის შემდეგ ფიქრობენ. არადა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში მისაღები გამოცდების ოდესღაც არსებულ წესებს თანდათან ელევიან. მაგალითად, რუსეთის რამდენიმე რეგიონში უკვე განახორციელეს შესაბამისი ექსპერიმენტი და საერთო გამოცდები ჩაატარეს, მათი შედეგების მიხედვით ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის გარანტიით. დღეს კი დავით პაიჭაძე გაგაცნობთ უნივერსიტეტში ჩაბარებისა თუ სწავლის გაგრძელების იმ წესებს, ზოგიერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში რომ მოქმედებს.

დავით პაიჭაძე:
საქართველოში დღეს არსებული მისაღები გამოცდების სისტემა, ასეთი სახით, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ მოქმედებს. გერმანიაში, მაგალითად, მისაღები გამოცდების ან მათი შემცვლელი სხვადასხვა პროცედურის გავლა აუცილებელია მხოლო იმ სპეციალობაზე მოსახვედრად, რომელიც განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. ასეთ სპეციალობებს განეკუთვნებიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, მედიცინა და იურისპრუდენცია. აქვე აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა პროცედურაში ვგულისხმობთ გასაუბრებას ან თხზულების (იმავე ესეს) წარდგენას. უმაღლეს სასწავლებელებში ყველა სხვა სპეციალობაზე უგამოცდოდ აბარებენ. მთავარი კრიტერიუმია სიმწიფის საგანგებო ატესტატის საშუალო ქულა. სიმწიფის ატესტატს 13 წლიანი საშუალო განათლების შემდეგ გასცემენ, ხოლო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საკმარისი საშუალო ქულის ოდენობას თითოეული უმაღლესი სასწავლებელი ცალკე განსაზღვრავს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩაბარებისას უპირატესობა მიენიჭოს პირს, ვინც, უბრალოდ, სხვას დაასწრო განცხადების შეტანა. უნივერსიტეტში თავისუფალი ადგილების არქონის გამო ჩაურიცხავი პირები რიგში დგებიან და მომავალ წელს სხვებზე ადრე ჩაირიცხებიან.

საფრანგეთში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად მთავარი კრიტერიუმია ბაკალავრის დიპლომი, რომელსაც გასცემენ სამწლიანი ზოგადსაგანმანათლებლო ლიცეუმის დასრულებისას ჩაბარებული გამოცდების შემდეგ. დიპლომები სამი ძირითადი მიმართულებისაა: ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებანი, ლიტერატურა და ენები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი. უნივერსიტეტებს არა აქვთ უფლება, სტუდენტობაზე უარი უთხრან შესაბამისი დიპლომის მქონე აბიტურიენტს. უარის ერთადერთი მიზეზი შეიძლება გახდეს თავისუფალი ადგილების არქონა, ოღონდაც რიგი, გერმანიისაგან განსხვავებით, გათვალისწინებული არ არის.

დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებსა და უმაღლესი განათლების კოლეჯებში მისაღები გამოცდები ასევე არ არსებობს. უმაღლეს სასწავლებელში სწავლას აგრძელებენ სასკოლო გამოცდების საფუძველზე, რომელთაც აბარებენ მაღალი დონის სიმწიფის ატესტატის მისაღებად. ასეთ ატესტატს შემოკლებით - ეველ(ეი-ლეველ)-საც უწოდებენ ხოლმე. ყოველი ფაკულტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს სასკოლო გამოცდების ჩასარიცხად აუცილებელ შედეგს. განსაკუთრებით პრესტიჟული უნივერსიტეტები არც იხილავენ იმ - ეველ ატესტატებს, სადაც სამ საგანზე მეტი შეფასებულია არა ფრიადზე. უნივერსიტეტში ცაბარება სტუდენტს ავტომატურად აძლებს უფლებას, მიიღოს გრანტი სწავლის საფასურის დასაფარად, რომელსაც მთავრობა ან ადგილობრივი ხელისუფლება იძლევა. მაგრამ, რეალურად, შეიძლება - ეველ-ის გამოცდათა წარმატებით გავლაც არ აღმოჩნდეს საკმარისი. უნივერსიტეტს აქვს უფლება, მოითხოვოს დამატებითი მისაღები გამოცდების ჩაბარება გასაუბრების ან ესეს წარდგენის ფორმით.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ ყველა უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებელი ყოველწლიურად აცხადებს მისაღებად საკმარის ქულას, რომელიც სკოლის კურსდამთავრებულებმა უნდა მოაგროვონ საერთოეროვნულ გამოცდებზე. ამ გამოცდას შ თ (ეს-ეი-თი) ეწოდება და ნიშნავს ტესტს, რომელიც ადგენს ადამიანის უნარს, ისწავლოს (შცჰოლასტიც პტიტუდე თესტ). შ თ-ის გამოცდები არ არის სავალდებულო ყველა კურსდამთავრებულისათვის, მისი შედეგი არ ახდენს გავლენას სიმწიფის ატესტატზე, ამიტომაც მისი ჩაბარება ფასიანია. არცთუ იშვიათად, ამ გამოცდაზე მიღებული ქულა საკმარისი არ არის უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად; აბიტურიენტებს სთავაზობენ, ჩააბარონ სპეციალიზებული გამოცდები (საამისოდ არსებობს სპეციალური ორგანო – ეროვნული საგამოცდო სისტემა), მიიღონ მონაწილეობა გასაუბრებაში ან გააგზავნონ უნივერსიტეტში ესე, ჩვეულებრივ, ასეთ თემაზე: “რატომ მსურს თქვენს უნივერსიტეტში სწავლა”.
დავით პაიჭაძე რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


გინესის რეკორდების წიგნთან დაკავშირებული მოძრაობა საქართველოში

ბიძნა რამიშვილი:
ერთი კვირის წინანდელ გადაცემაში ჩვენ გიამბეთ იმ ვითარებაზე, რომელიც საქართველოშია შექმნილი მსოფლიო მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავასდაბრუნებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ 63 წლის ლეგენდარული მოგზაური, რომელიც გინესის არაერთგზის რეკორდსმენიც გახლავთ ხელებზე აზიდვებში, ოქტომბრის მიწურულს ან ნოემბრის დამდეგს აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. საქართველოში ჯუმბერ ლეჟავამ პირველმა ჩაუყარა საფუძველი მოძრაობას, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას ისახავს მიზნად. მოუსმინეთ გიორგი კაკაბაძეს.

გიორგი კაკაბაძე:
პირველი ასპარეზობები გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად ჯუმბერ ლეჟავამ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გამართა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში და რამდენიმე რეკორდი დაამყარა ხელებზე აზიდვებში. წინა გადაცემაში აღინიშნა, რომ ჯუმბერ ლეჟავამ მოგზაურობის დროსაც შემატა თავის აქტივს ოთხი რეკორდი, მათ შორის, ერთწუთიან აზიდვებში. კიდევ ერთი საინტერესო რეკორდის მოწმენი გახდნენ ჩილეს დედაქალაქ სანტ-იაგოს სტადიონზე შეკრებილი მაყურებლები. ჯუმბერ ლეჟავამ 12 საათის განმავლობაში ათასზე მეტჯერ შემოუარა სტადიონის მინდორს.

ბუნებრივია, რომ გინესის მრავალგზის რეკორდსმენს არაერთი მიმდევარი
გამოუჩნდა თავის სამშობლოში. როგორც მოგზაურობის სააგენტოსა და კლუბ “გიორგის” ხელმძღვანელი გვანჯი მანია აღნიშნავს, [მანიას ხმა] ”საინტერესოა,
რომ გინესის დებულების მიხედვით, ჩვენ ისეთ პიროვნებებს ვუწევთ
პოპულარიაზაციას, რომლის რეკორდი არის მსოფლიო მასშტაბის, ანუ
ქართველი კაცი, ამ შემთხვევაში, მსოფლიოს ექვს მილიარდ ადამიანს ეჯიბრება”.

გინესის რეკორდისათვის ემზადება 56 წლის ისტორიკოსი ჰენრი კუპრაშვილი. 30 აგვისტოს მან დარდანელის სრუტე უნდა გადაცუროს ხელფეხშეკრულმა. ეს არის მივიწყებული კოლხური სტილი, რომელიც ჰენრი კუპრაშვილმა თავად ააღორძინა
და მისი დემონსტრირება პირველად სპორტულ კომპლექს “ლაგუნა-ვერეზე”
მოახდინა. შარშან იანვარში ხელფეხშეკრულმა მოცურავემ 2 კილომეტრის
გაცურვას ერთი საათი და 32 წუთი მოანდომა.
დარდანელის სრუტის მარათონული გადაცურვისას ჰენრი კუპრაშვილს 3-5 კილომეტრის დაფარვა მოუწევს, რასაც, სავარაუდოდ, 3-4 საათი დასჭირდება.
გინესის წიგნში ასეთი რეკორდი რეგისტრირებული არ არის, ამიტომ გადაცურვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რისი იმედიც ნამდვილად უნდა
ვიქონიოთ, რეკორდის დაფიქსირებას გარკვეული დრო დასჭირდება.
გადაცურვის ექსპედიციის პროგრამაშია დოკუმენტური ფილმის გადაღება, ფოტოგამოფენის მოწყობა, წიგნის გამოცემა და კოლხური სტილის
პოპულარიზაცია საქართველოსა და უცხოეთში.
მსოფლიო მოგზაურობის სააგენტოსა და კლუბ “გიორგის” ხელშეწყობით კიდევ
ერთი რეკორდისთვის მიმდინარეობს მზადება. გვანჯი მანია გვამცნობს, რომ
[მანიას ხმა] “აფროსანი ნუგზარ კიკნაძე ემზადება დედამიწის შემოვლისათვის უძველესი კულტურის კერების გავლით, – საქართველო, საბერძნეთი, რომი,
აცტეკები, მაია, ინკები, ინდოჩინეთი, არაბეთი, ისრაელი, კვიპროსი, საქართველო.
ეს არის მსოფლიოში ყველაზე მცირე თვითნაგები კრეისერული იახტა: სიგრძე – 3 მეტრი და 10 სმ, სიგანე ერთი მეტრი და 60 სმ, სიმაღლე ერთი მეტრი და 80 სმ”.

1995 წელს ინჟინერ-ელექტრიკოსს, ნუგზარ კიკნაძეს ამგვარი მოგზაურობის ცდა
უკვე ჰქონდა. მან ფოთში აიღო სტარტი და თვითნაგები იახტით კანარის
კუნძულებს მიაღწია, მაგრამ მოგზაურობის სპონსორებმა მას ბოლომდე ვერ უერთგულეს.

საქართველოში გინესის რეკორდებთან დაკავშირებული მოძრაობის შესახებ
გვანჯი მანია ამბობს:

[მანიას ხმა] “ჩვენი მონაცემებით, საქართველოში გინესის წიგნის ასზე მეტი კანდიდატია, – მაგალითად, წარსულში სახელგანთქმული ბადროს მტყორცნელი,
შვიდგზის მსოფლიო რეკორდსმენი ნინო დუმბაძე. გინესის წიგნის გამოცემა 1995 წლიდან დაიწყო. ჩვენ გვსურს, რომ ქართველების მიერ მანამდე დამყარებულ
ყველა რეკორდს თავი მოვუყაროთ და ცალკე წიგნადაც გამოვცეთ”.

გარდა ამისა, ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ გინესის რეკორდების წიგნი მსოფლიოს 40 ენაზეა თარგმნილი.
“ძალიან კარგი იქნებოდა წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა, მაგრამ სპონსორების გარეშე ეს, რასაკვირველია, არ მოხერხდება”, – ამბობს გვანჯი
მანია და იმედოვნებს, რომ სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერის პირობებში ამ საკითხის გადაჭრა შესაძლებელი იქნება.
გიორგი კაკაბაძე რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.



რა შეიცვალა რუსეთში პუტჩის 11 წლისთავზე

ბიძინა რამიშვილი:
ამ კვირის დასაწყისში, 19 აგვისტოს მოსკოვში საკმაოდ მოკრძალებულად აღინიშნა 1991 წლის 19 აგვისტოს პუტჩის მე-11 წლისთავი. 11 წლის წინათ მოსკოვში, თეთრი სახლის წინ განვითარებული მოვლენების შემყურეთ, სადაც ახალგაზრდა დემოკრატიის დასაცავად ათასობით მოსკოველმა მოიყარა თავი, ბევრი ვარაუდობდა, რომ ახალი რუსეთის დაბადების ისტორიული მოვლენა გარდაუვალი იყო. სწორედ მაშინ აფრიალდა პირველად თეთრი სახლის თავზე დამოუკიდებელი რუსეთის დროშა, მაშინ დაიბეჭდა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული გაზეთების პირველ ფურცლებზე ტანკზე მდგომი ბორის ელცინის ფოტო, მაშინ, ალბათ, პირველად რუსეთის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო რამ – როცა ხალხის დასარბევად მოსკოვის ქუჩებში გამოსულმა საბჭოთა არმიამ უარი თქვა დასამჯელო ოპერაციის ჩატარებაზე და აჯანყებულ ადამიანებს დაუჭირა მხარი. რა შეიცვალა პუტჩის ბობოქარი დღეების შემდეგ რუსეთში? თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
მოსკოვის პუტჩის შემდეგ რუსეთში ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, საეჭვოა ამ ცვლილებების უმეტესობა ეხმიანებოდეს იმ იდეალებს, რომელთა დასაცავადაც ამ 11 წლის წინათ მოსკოვის ქუჩებში ათიათასობით ჩვეულებრივი ადამიანი გამოვიდა. დღეს დამოუკიდებელი რუსეთის ჰიმნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი იქცა, მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი ლენინი ისევ განისვენებს მავზოლეუმში, რუსეთის ქალაქები და ოლქები კვლად მგზნებარე ბოლშევიკების სახელებს ატარებენ, რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის – ვლადიმერ პუტინის ფიგურისადმი დამოკიდებულება კი მეტად წააგავს უძრაობის პერიოდში ლეონიდ ბრეჟნევისადმი მლიქვნელური სიყვარულის გამოხატვის ყველაზე ცუდ ფორმებს.
შესაძლოა, ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ გარეგნულ გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს იმისა, თუ რა ხდება რუსეთის საზოგადოებაში. ამ მხრივ, ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება იმ სამარცხვინო ფაქტებზე საუბარი, რაც ასევე ძალიან წააგავს საბჭოური ცხოვრების ფრაგმენტებს.
" ყველას აქვს უფლება იკითხოს ის, რაც სურს", – ეს რომანების
” განთიადი აქ ჩუმია" და "ნუ ესვრით თეთ გედებს" ავტორმა, მწერალმა ბორის ვასილიევმა შეახსენა იმ ახალგაზრდებს, ვინც სულ ცოტა ხნის წინათ ხმაურიანი აქციით შეეცადა საზოგადოებისთვის განემარტა, რომელი მწერლის ნაწარმოებების წაკითხვაა აუცილებელი და რომლის ნაწარმოები არ წარმოადგენს არავითარ ღირებულებას. რუსეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდული ორგანიზაციის "ერთად მავალნის" უკან არაერთი დამკვირვებელი პრეზიდენტ პუტინის ჩრდილს ხედავს და არცთუ უსაფუძვლოდ – ორგანიზაციის დამფუძნებელი და უცვლელი ლიდერი ვასილი იაკიმენკო მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ამის გარდა, "ერთად მავალნის" წევრები არც მალავენ თავის აღფრთოვანებულ დამოკიდებულებას ახალგაზრდა პრეზიდენტის მიმართ. უკვე მეორე წელია, რაც პუტინის ინაუგურაციის დღეს ორგანიზაცია ხალხმრავალ მიტინგებს მართავს მოსკოვში. წელს მაისში პუტინის ინაუგურაციის მეორე წლისთავზე ახალგაზრდებმა პუტინის ოპონენტებისა და არარუსი მოსახლეობის მოსკოვიდან გასახლება მოითხოვეს, ახლა კი საზოგადეობის "ლოტერატურული გემოვნების" შექმნის პროცესში მონაწილეობაც გადაწყვიტეს. "ერთად მავალნის" წევრები თვლიან, რომ თანამედროვე რუსი მწერლები ვლადიმერ სოროკინი, ვიქტორ პელევინი და ვიქტორ ეროფეევი " მავნებლები" არიან და რამდენიმე აქციაც გამართეს მოსახლეობიდან ამ მწერლების წიგნების ამოღების მიზნით. კერძოდ, ის, ვინც სოროკინის, პელევინისა და ეროფეევის წიგნებს ჩააბარებდა აქტივისტებს, მიიღებდა ბუნინის, ჩეხოვის, ლესკოვის და კუპრინის წიგნებს.
ისე, როგორც ჩანს, რუსეთის მკითხველი გემოვნებას არ უჩივის – აქციის შედეგად მოსკოვის "გადაცვლის" პუნქტებში პელევინის მხოლოდ 148 წიგნი ჩააბარეს. კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა: ზუსტად მაშინ, როცა "ერთად მავალნი" პელევინის წიგნების ამოღების აქციას ატარებდნენ, ვიქტორ პელევინს ჰამბურგის კულტურული ფონდის ლიტერატურული პრემია გადასცეს ლიტერატურული სატირისთვის. ასე რომ, ლიტერატურული სატირისთვის პელევინს ცხოვრებისეული მაგალითების მოძიება თანამედროვე რუსეთში ნამდვილად არ გაუჭირდება.


გარდაიცვალა ედუარდო ჩიიდა

ბიძინა რამიშვილი: 19 აგვისტოს მშობლიურ სან სებასტიანში ხანგრლივი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა გამოჩენილი ბასკი ხელოვანი ედუარდო ჩიიდა, რომელმაც როგორც პლასტიკოსმა და მხატვარმა დიდი როლი ითამაშა მეოცე საუკუნის ხელოვნების განვითარებაში.
როცა 1924 წლის 10 იანვარს დაბადებული ჩიიდა 1948 წელს პარიზში ჩავიდა, მას უკვე არქიტექტურის მრავალწლიანი სკოლა ჰქონდა გამოვლილი. მანამდე კი ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის მეკარეობაც მოესწრო. პარიზში დროის უდიდეს ნაწილს ლუვრში ატარებდა. იქ უპირველეს ყოვლისა ანტიკურ ბერძნულ ქანდაკებებს უკირკიტებდა და ცდილობდა საკუთარ დროში გადმოეტანა ანტიკური სული. სამი წლის მერე მიხვდა, რომ წინ ვერ მიდიოდა. ”ბასკონიაში დაბრუნებისთანავე მივხვდი, რაში იყო საქმე. ჩემ ქვეყანაში სინათლე ბნელია. ატლანტის ოკეანე ბნელია, ხმელთაშუა ზღვა კი არაო”. ამ პერიოდიდან იწყებს იგი ”ბნელი” მასალით, რკინით მუშაობას – გზას, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდებული და თვითმყოფადი ხელოვნებით დაგვირგვინდა. ამ ხნის მანძილზე ჩიიდას შემოქმედებამ ”რკინის პოეზიის” სახელი დაიმკვიდრა.
თავის თავს იგი ”სიცარიელის არქიტექტორსაც” უწოდებდა ხოლმე. ცარიელი სივრცე ჩიიდას ცხოვრების დიდი თემაა. მის ნამუშევრებში ფორმები სიცარიელეს საკუთარ თავში იღებენ, მას ჩაენაცვლებიან, მას აცოცხლებენ. ზოგჯერ ძნელიც არის ზუსტად განსაზღვრა, რა არის ფორმა და რა სიცარიელე ჩიიდას რიტმულ მონაცვლეობაში. ისინი მჭიდროდ არიან ერთმანეთს გადაჯაჭვული, ერთმანეთში გადადიან, მონაცვლეობით გამოკვეთენ ერთმანეთს. მაგალითად გამოდგება ხელის თემა, რასაც ჩიიდას მრავალი ნახატი ეძღვნება. თითებს შორის ცარიელი სივრცე სხვა, ასე ვთქვათ ”ცარიელი” ხელის თითებად აღიქმება და პირიქით. ისინი ავსებენ, უშუალოდ განაპირობებენ ერთმანეთს.
დიდი სახელი ჩიიდამ 50-იანი წლების ბოლოს მოიხვეჭა პარიზში. მას უპირველეს ყოვლისა რკინის გიგანტური აბსტრაქტული ქანდაკებებით იცნობნენ. ისეთებით, როგორიცაა, მაგალითად, მისი მონუმენტი პარიზში, იუნესკოს შენობის წინ, ანდა გერმანიის დედაქალაქში, კანცლერის ოფისის წინ აღმართული პლასტიკა სახელწოდებით ”ბერლინი”.
რკინით, ბეტონით, ფოლადით, მარმარილოთი თუ ხით შესრულებული მისი პლასტიკური ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ პარიზისა თუ ნიუ იორკის, ბელნისა თუ ბილბაოს, ამსტერდამისა თუ ლონდონის მუზეუმებსა და გალერეებში ან ღია ცის ქვეშ.
მაგრამ მისი ერთ-ერთი მთავარი პროექტი, სანუკვარი ოცნოება, განუხორციელებელი დარჩა. მას სურდა კანარის კუნძულ ფუერტევენტურაზე ტინდაიას მთის მღვიმე ხელოვენების ნიმუშად გადაექცია. პროექტს გარემოს დამცველები და ადგილობრივი პოლიტიკოსები აღუდგნენ წინ.
სან სებასტიანის ყურეში, ციცაბო კლდის პირას დგას ედუარდო ჩიიდას სახლი. აქიდან მზერა შორეულ სივრცეებს წვდება, შორეულ ჰორიზონტს, ფორმისა და სიცარიელის გასაყარს. აქ, ამ სახლში გარდაიცვალა ედუარდო ჩიიდა 19 აგვისტოს. მას ჰორიზონტის შესახებ ერთხელ უთქვამს: ”ვინ იცის, იქნებ ჰორიზონტი ყველა ადამიანის სამშობლოაო.”

[მუსიკა]
დირიჟორი საიმონ რეტლი

ბიძინა რამიშვილი: 19 აგვისტოს, ზუსტად იმ დღეს, როცა დასრულდა ესპანელი ხელოვანის, ედუარდო ჩიიდას ცხოვრება, შეიძლება ითქვას, დაიწყო გამოჩენილი ბრიტანელი დირიჟორის, სერ საიმონ რეტლის ”ახალი ცხოვრება”. ამ დღეს მან ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან მოაწერა ხელი ათწლიან კონტრაქტს მთავარი დირიჟორის ადგილის დასაკავებლად. მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ორკესტრის ხელმძღვანელის პოსტზე 47 წლის რეტლი ასევე დიდ ხელოვანს, იტალიელ კლაუდიო აბადოს შეცვლის.
რეტლი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს ბერლინელებთან. ორკესტრმა იგი მთავარ დირიჟორად ორი წლის წინათ, 2000 წლის ივნისში აირჩია. ასე რომ კონტრაქტის ხელმოწერას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა. მაგრამ მსოფლიოს კულტურულ საზოგადოებრიობაში ცხოველი ინტერესი და დიდი გამოხმაურება მოჰყვა თაობათა ამ ცვლას.
თავის წინამორბედზე რეტლმა თქვა, რომ სწორედ აბადოს დიდი დამსახურებაა, რომ კარაიანი დავიწყებას მიეცა. მიუხედავად ამისა, იგი გატკეპნილ გზაზე სიარულს არ აპირებს და დიდი ცვლილებების გატარებას გეგმავს. როგორც გერმანულ გაზეთ ”დი ცაიტს” განუცხადა ამ კვირაში, ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ შეუძლია ბრწყინვალე დივასავით განზე დგომა და პრივილეგიებით ნებივრობა. ”ამ პრივილეგიების სანაცვლოდ რაღაც უნდა გავიღოთო”, თქვა რეტლმა.
ჰანს ფონ ბიულოს, არტურ ნიკიშის, ვილჰელმ ფურტვენგლერის, ჰერბერტ ფონ კარაიანისა და კლაუდიო აბადოს გზის გამგრძელებელს გადაწყვეტილი აქვს ახალი საგანმანათლებლო პროგრამით უფრო აქტიურად ჩართოს პუბლიკა ორკესტრის საქმიანობაში.
პირველი სამი წლის მანძილზე მას სურს გაწონასწორებული და სტილისტურად მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგეს მსმენელის წინაშე. არ შეიძლება მუსიკის ისტორიის შელამაზება და მისი დაყვანა განვითარების მხოლოდ რამდენიმე ძირითად მიმართულებაზეო, მიაჩნია სერ საიმონ რეტლს.

[მუსიკა]

საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი
ბიძინა რამიშვილი: მუსიკაზე საუბარს გავაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაშიც ”საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი”. იგი დღეს მარიამ ჭიაურელმა მოამზადა.

მარიამ ჭიაურელი:

მე ვარ ბახი
”მე ვარ ბახი. იოჰან სებასტიან ბახი” – ასეთი სათაური აქვს ფილმს, რომელსაც ამჟამად იღებენ პოტსდამის სახელგანთქმულ სასახლე ”სანსუსიში”. ფილმი ასახავს დიდი კომპოზიტორის ისტორიულ შეხვედრას ახალგაზრდა მეფე ფრიდრიხ მეორესთან და შვეიცარელი რეჟისორის, დომინიკ დე რივას სიტყვებით, მიზნად ისახავს ”ადამიანების დანახვას პრუსიის მეფესა და მუსიკის მეფეში”.
ბახი 1747 წელს იმყოფებოდა ფრიდრიხ მეორის სასახლის კარზე, სადაც მისი მრავალრიცხოვანი შვილებიდან ერთ-ერთი – კარლ ფილიპ ემაუნელ ბახი, ჩემბალისტად მოღვაწეობდა. ამ სტუმრობას ვუმადლით ბახის ერთ-ერთ ცნობილ კომპოზიციას: საქმე ის არის, რომ მუსიკის მოტრფიალე მეფემ მაესტროს დაავალა იმპროვიზაცია ”ბახის” თემაზე, რაც კომპოზიტორს არ გაჭირვებია: მისი გვარის გერმანული დაწერილობა – B, A, C, H – ხომ ნოტებს შეესაბამება: ესენია სი ბემოლი, ლა, დო, სი. ასე შეიქმნა დიდებული ნაწარმოები, რომელსაც კომპოზიტორთა მეფემ მრავლისმეტყველი სათაური გამოუნახა: ”მუსიკალური მსხვერპლი”.

[მუსიკა]

ბერლუსკონი კომპოზიტორი
თანამედროვე ხელისუფალთაგან მუსიკის მოტრფიალეებს სილვიო ბერლუსკონი მიეკუთვნება. ოღონდ ბერლუსკონი თავად ეჭიდება კომპოზიტორის ამოცანას: როგორც იტალიის გაზეთები იუწყებიან, პრემიერ-მინისტრი აგვისტოს შუა რიცხვებში სარდინიაზე გატარებული შვებულების დროს სატრფიალო სიმღერებს თხზავდა და თავის სტუმრებს ყოველ საღამოს ასმენინებდა ახალ-ახალ ქმნილებებს. რამდენად შესაშურად უნდა მივიჩნიოთ ბერლუსკონის სტუმრების მდგომარეობა, დეკემბერში გამოჩნდება, როცა პრემიერ-მინისტრის სიმღერები კომპაქტ-დისკად მოგვევლინება. მანამდე კი ძველ იტალიურ ჰიტებს მოვუსმინოთ: ისინი ბერლუსკონის პირველი შემოსავლის წყარო იყო 50იან წლებში, როცა ახალგაზრდა კაცი სხვადასხვა გემზე ჰიტების შესრულებით ირჩენდა თავს. დღეს სილვიო ბერლუსკონი, თუ დიდი მუსიკოსი არა, იტალიის უმდიდრესი მოქალაქე მაინც არის.

[მუსიკა]

ლეონარდო დი კაპრიო
ახლა კინოს სამყაროში გადავინაცვლებთ, რათა თვალი გავუსწოროთ ლეონარდო დი კაპრიოს რთულ არჩევანს: მილიონობით მოზარდი გოგონას კერპს ამჟამად ორ დიდ როლს სთავაზობენ და მსახიობს ვერ გადაუწყვეტია, რომელს მიანიჭოს უპირატესობა – ექსცენტრიკოსი მულტიმილიონერის, ჰაუარდ ჰიუს თუ ალექსანდრე მაკედონელის განსახიერებას. კაცმა რომ თქვას, საყოყმანო არაფერია, მაგრამ ჰაუარდ ჰიუს სასარგებლოდ ერთი გასათვალისწინებელი არგუმენტი მეტყველებს: მის შესახებ ფილმის გადაღებას დიდი კინორეჟისორი, მარტინ სკორსეზე აპირებს. და მაინც, ძნელი წარმოსადგენია, ახალგაზრდა მსახიობმა უარი თქვას ლეგენდარული მზეჭაბუკისა და გენიალური მხედართმთავრის: ალექსანდრე დიდის განსახიერებაზე! იმათ დასამშვიდებლად, ვინც ფიქრობს, რომ ლეონარდო დი კაპრიო არისტოტელეს მოწაფის როლში არ ივარგებს, ვიტყვი, რომ 2003მ წელს ჰოლივუდში ერთდროულად ორ ფილმს გადაიღებენ ალექსანდრეს შესახებ: მეორე, ანუ იმ ფილმის რეჟისორი, რომელშიც დი კაპრიოს მიწვევას არ აპირებენ, სახელგანთქმული ოლივერ სტოუნია.

[მუსიკა]

”ტუალეტი შესანიშნავი სამკითხველოა”
წარმოგიდგენიათ ჰაინრიხ ჰაინეს ლექსები ტუალეტის ქაღალდზე? არ იფიქროთ, უგემოვნო ხუმრობას ისმენდეთ –სამხრეთ გერმანიაში დაარსდა გამომცემლობა, რომელიც სულ მალე გამოაქვეყნებს ... ტუალეტის ქაღალდზე დაბეჭდილ ლიტერატურულ ტექსტებს: ლექსებს, იუმორესკებს, მოკლე დეტექტივებს. ეს უჩვეულო რულონები ეტიკეტით ”წიგნი” დამშვენდება და ფართო საზოგადოების წინაშე ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარდგება. პროექტის ავტორი გახლავთ მაიკ ბარტელი, რომელიც საკუთარი ლიტერატურული ქმნილებების პოპულარობით ჯერ-ჯერობით ვერ დაიკვეხნის. მკითხველის გულის მონადირებას მოწყურებული მწერალი ყურადღებას მიქცევას ახლა ორიგინალური იდეით ლამობს და ირწმუნება, რომ ტუალეტი ”შესანიშნავი სამკითხველოა”.

[ტუალეტის ხმა; მუსიკა]

წამყვანი: თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG