Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმომხილვა


ანდრო ეული, პრაღა დღევანდელი მიმოხილვის დასაწყისში გაგაცნობთ დასავლეთის სამი წამყვანი გაზეთის რეაქციას კრემლის მორიგ პროვოკაციაზე სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ.

როგორც გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსის” მოსკოველი კორესპონდენტი სტივენ ლი მაიერსი აღნიშნავს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ჯიუტად უარყო რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, მაშინ როცა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელსაც მეთვალყურეები ჰყავს განთავსებული რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, დაადასტურა ხსენებული ფაქტი და განაცხადა, რომ ეუთოს მეთვალყურეებმა დაინახეს, როგორ დაბომბეს, საზღვრიდან დაახლოებით 35 კილომეტრის მანძილზე შეჭრილმა რუსეთის საბრძოლო შვეულმფრენებმა საქართველოს ტერიტორია.

ხოლო გაზეთ ”გარდიანის” მიმომხილველი ნიკ პეტონ უელში ”აშკარა აგრესიას” უწოდებს პარასკევს მომხდარ ინციდენტს. ”ეს, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკვე მეხუთე საჰაერო რეიდია, განვლილი ერთი თვის მანძილზე” – აღნიშნავს ბრიტანელი ჟურნალისტი და აღშფოთებას არ მალავს იმის გამო, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა უარყო ეს ფაქტი, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე განთავსებულმა გაეროს მეთვალყურეებმა დაადასტურეს.

”რუსეთის ავიაციამ სამი რაიონი დაბომბა პარასკევს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, რის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 – დაიჭრა, თუმცა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ამ ფაქტს”- წერს გაზეთ ”ფაინენშელ ტაიმსის” მიმომხილველი დევიდ შტერნი.

ახლა, თავად რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას და დასავლეთის პრესის რეაქციას გაგაცნობთ სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ვლადიმირ გოლოვლევის მკვლელობაზე, რაც 3 დღის წინ მოხდა მოსკოვში. გოლოვლევი მისი სახლის მახლობლად მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. როგორც ბრიტანეთის გაზეთი ”ტაიმსი” აღნიშნავს, ამ მკვლელობამ არადამაჯერებელი გახადა პრეზიდენტ პუტინის მტკიცება, რომ მასობრივი მაფიოზური მკვლელობები, 90-იან წლებში რომ ხდებოდა რუსეთში – წარსულს ჩაბარდა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”ვლადიმირ გოლოვლევი, ცნობილი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის მიერ დაარსებული პარტიის, ”ლიბერალნაია როსიას” თავმჯდომარის მოადგილე იყო; პარტიისა, რომელსაც კვლავაც უარს ეუბნევიან რეგისტრაციაზე. ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ ამ მკვლელობით, ხელისუფლებამ, ოპოზიცია გააფრთხილა. თუმცა სხვა წამყვანი პოლიტიკოსების აზრით, მკვლელობა – გოლოვლევის წინააღმდეგ გასულ წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან უნდა იყოს დაკავშირებული. 90-იანი წლების დასაწყისში, გოლოვლევი, ჩელიაბინსკში, პრივატიზაციის საკითხებს განაგებდა. ასეა თუ ისე, მომხდარმა, მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა პუტინი. გოლოვლევი, განვლილი 8 წლის მანძილზე რუსეთში მოკლული მეშვიდე დეპუტატია. დანარჩენი 6, ჯერ კიდევ ელცინის მმართველობის დროს მოკლეს”.

ვლადიმირ გოლოვლევის მკვლელობამ, რუსული დემოკრატიის ნამდვილი სახე დაგვანახა – წერს გაზეთი ”ველტი” და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”ვინ მოაწყო სახელმწიფო დუმის დეპუტატის მკვლელობა – გაურკვეველია. ბერეზოვსკიმ დაადანაშაულა ხელისუფლება, რომელიც მისი თქმით, შეურიგებელია ოპოზიციისადმი. მაგრამ ამგვარი ვარაუდი მოკლებულია საფუძველს. მოკლული გოლოვლევი არანაირი პოლიტიკური გავლენით არ სარგებლობდა, და არც ხელისუფლებისთვის წარმოადგენდა რაიმე საფრთხეს. სინამდვილეში, ეს მკვლელობა უფრო რუსი კანონმდებლების საერთო დონესთან, მათს, ხშირ შემთხვევებში საეჭვო წარსულთან უნდა იყოს დაკავშირებული. იმას, ვინც გოლოვლევის მსგავსად, პრივატიზაციით იყო ადრე დაკავებული, ანდა იმ დეპუტატებს, ვინც ბიზნესის სფეროში საქმიანობს, ამ ადამიანებს, როგორც წესი, ხელები არა აქვთ სუფთა. როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, 200-ზე მეტ მთავარ კანონმდებელს, რუსეთში, დეპუტატის მანდატი - სამართალში მიცემისაგან იცავს. შედეგად, ეს დეპუტატები ადვილად მართვადი და ზეწოლის ობიექტები, გავლენიანი ჯგუფების ინსტრუმენტები ხდებიან; ჯგუფებისა, რომელთა შორის კრემლია, რაღა თქმა უნდა, ყოვლისშემძლე. და ის, ვინც თამაშის წესებს იცავს, უფრო დიდხანს ცოცხლობს”.

ხოლო გაზეთი ”ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” ქალაქ ჩელიაბინსკში, პრივატიზაციის სკანდალურ ისტორიას უკავშირებს ვლადიმირ გოლოვლევის მკვლელობას და აღნიშნავს, რომ პროკურატურა თავს იკავებს ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისაგან, ვიდრე დანაშაულის გამოძიება არ დამთავრდება, თუმცა ამგვარი გამოძიებები რუსეთში, ძალზედ ხშირად, უშედეგოდ მთავრდებაო – დასძენს გაზეთი.

მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა დასავლეთის პრესა ორშაბათს მომხდარ ტრაგედიას ჩეჩნეთში, როცა რუსეთის სატრანსპორტო შვეულმფრენმა კატასტროფა განცადა, რამაც 116 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. გაზეთი ”ფრანკფურტერ ალგემაინე, ამასთან დაკავშირებით წერს:

”განსხვავებით ბარენცის ზღვაში ორი წლის წინათ მომხდარი ტრაგედიისაგან, როცა 118 მეზღვაური დაიღუპა წყალქვეშა ნავის ”კურსკის” ჩაძირვის შედეგად, ხოლო ვლადიმირ პუტინმა გააგრძელა მაშინ თავისი შვებულება შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტმა, ამჯერად, დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ასზე მეტი ჯარისკაცის დაღუპვა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს – ტექნიკური მიზეზითაა გამოწვეული კატასტროფა, თუ ჩეჩენმა მეამბოხეებმა ჩამოაგდეს შვეულმფრენი. პირველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია რუსეთის შეიარაღებული ძალები. მეორეს მხრივ, თუ შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს, კრემლს უნდა შერცხვეს თავისივე ხმამაღალი განცხადებისა, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში არსებით პროგრესს მიაღწია”.

გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში”, პირველ გვერდზე, გამოქვეყნებულია გაბედული ფრანგი ჟურნალისტი ქალის, ანნ ნივას ვრცელი სტატია ჩეჩნეთის შესახებ. ”რუსეთის სამხედრო შვეულფრენის კატასტროფამ, რამაც ასზე მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, ის შეახსენა დასავლეთს, რაც იქ ბევრს დაავიწყდა: ჩეჩნეთში გრძელდება ომი, და ვითარება კავკასიის ამ რესპუბლიკაში, დღეს, კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა” – წერს ფრანგი ჟურნალისტი და განაგრძობს:

”განვლილი 3 წლის მანძილზე, ბევრჯერ ვიმოგზაურე ჩეჩნეთში, არალეგალურად, თავშალსა და გრძელ კაბაში გამოწყობილმა, თითქოს ჩეჩენი ვარ. გასულ ივნისს, როცა იქ უკანასკნელად ჩავედი, ვიმედოვნებდი, რომ რესპუბლიკაში ნორმალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რის შესახებაც კრემლში ლაპარაკობენ. სინამდვილეში, ვითარება – წარმოუდგენელია. ყოველდღე ტარდება ეგრედ წოდებული ”წმენდები”, ხოლო შემდეგ ოჯახები თავიანთ დაკარგულ ნათესავებს დაეძებენ. ვისაც ბედი გაუღიმებს, გამოსასყიდით დაიბრუნებს თავისუფლებას. მაგრამ, ბევრნი – ვეღარასოდეს ბრუნდებიან შინ. ჩეჩნებმა იციან, რომ ისინი ყველას მიავიწყდა, და აღარა აქვთ იმედი დასავლეთის ჩარევისა, როგორც ეს კოსოვოში მოხდა. ძნელია აღწერო, რაც სოფელ მესკერ-იურტში ვნახე, სადაც 2 დღით ადრე ხანგრძლივი ”წმენდა” ჩაატარეს სამხედროებმა. სოფლის მკვიდრნი გარეთ იყვნენ გამოსული და ყველგან, თავიანთი ახლობლების გვამებსა და გვამების ნაწილებს ეძებდნენ. 43-წლის მააკას ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. მისი 3 ვაჟი, 15-წლის ასლანი, 13-წლის მაჰმუდი და 11-წლის რაშიდი ჯარისკაცებმა მოკლეს, და თანაც გვამები დაასახიჩრეს. გვამების ხროვაში დავინახე დამტვრეული ძვლები და ხორცის ნაგლეჯები, დათხრილი თვალები, ჩამტვრეული ყბები, ზოგიერთ სახეზე სიკვდილისწინა საშინელების გამომეტყველება იყო შემორჩენილი. ფედერალური ჯარის ახალი სტრატეგია: ნაკლები ბრძოლები და დაბომბვა და მეტი რეიდები სოფლებში იმ საბაბით, რომ იქ – ტერორისტები იმალებიან. თუმცა შეუძლებელია არ იცოდნენ სამხედროებმა, სად იმყოფებიან მეამბოხეთა ლიდერები. მაგრამ ამ ადამიანებს არ იჭერენ და არც კლავენ. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ ვიდრე ომი გრძელდება, ცუდად ანაზღაურებულ რუს სამხედროებს მშვიდობიან მოქალაქეთა ძარცა-გლეჯით შეუძლიათ თავიანი შემოსავლის გაზრდა. ეს ომი, ევროპის შემოგარენში, აღშფოთებას არ იწვევს დასავლეთში. ჩვენ, როგორც ჩანს, ვირწმუნეთ ამ ბარბაროსობის კრემლისეული გამართლება: ომი ტერორიზმთან. პრეზიდენტ პუტინს, განსაკუთრებით 11 სექტემბრის შემდეგ, როგორც კოლეგასა და მეგობარს, ისე ეგებებიან დასავლეთში. თუმცა ყველანი კარგად ვხედავთ, როგორ ზრუნავს ბატონი პუტინი საკუთარ მოქალაქეებზე”.

”ომი და დუმილი” – ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ ”ფრანკფურტერ რუნდშაუში”. სტატიაში ვკითხულობთ:

”ის ფაქტი, რომ რუსეთის შვეულმფრენი, რომელშიც ასზე მეტი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ჩამოვარდა ტერიტორიაზე, რომელიც მეამბოხეთა თავდასხმისაგან დაცვის მიზნით თავად რუსების მიერ იყო დანაღმული, სიმპტომატურია ჩეჩნეთში სამი წლის მანძილზე მიმდინარე ომისთვის. მოსკოვმა ვერ მიაღწია საწადელს, ვერ შესძლო მეამბოხეთა წინააღმდეგობის გატეხვა და ჩეჩნეთში კანონიერებისა და წესრიგის აღდგენა. ამ ომს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება და ერთადერთი შანსი კონფლიქტის მოგვარებისა, მოლაპარაკებათა მაგიდასთანაა. მაგრამ პუტინი არ ავლენს ჯერჯერობით არანაირ ნიშანს იმისა, რომ დიალოგისთვისაა მზად. უმრავლესობა რუსებისა, მოლაპარაკების მომხრეა, მაგრამ ისინი სდუმან და არ გამოდიან ქუჩაში, და ვიდრე ეს არ მოხდება, ხოლო დასავლეთი არ შეიგნებს, რომ რუსეთის ჯარი, ჩეჩნეთში, არა ტერორისტებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის, კავკასისიის ამ რესპუბლიკაში არ შეწყდება სისხლისღვრა”.
XS
SM
MD
LG