Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამიერკავკასიის ლიდერები ხელისუფლების სათავეში შემორჩენას ცდილობენ


ანდრო ეული, პრაღა უმრავლესობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერებისა ამტკიცებს,

რომ მათი შემდგომი დარჩენა ხელისუფლების სათავეში გადამწყვეტი ფაქტორია ამ ქვეყნებში პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მაგრამ კრიტიკოსები სულ სხვა მიზეზებით ხსნიან, თუ რატომ არ სურთ ამ ადამიანებს ხელისუფლების დათმობა. როგორც ევროპის საბჭოში გაწევრიანებულმა ქვეყნებმა, ამიერკავკასიის სამმა რესპუბლიკამ: საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა სახელმწიფოს მართვის გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვან. ამ ქვეყნების პრეზიდენტების საზრუნავი ამჯერად ისაა, როგორმე გაიხანგრძლივონ ხელისუფლების სათავეში ყოფნა, ანდა თავიანთ მემკვდრეებს დაუთმონ სავარძელი.


აზერბაიჯანელმა ამომრჩევლებმა 24 აგვისტოს რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ხუთი წლის წინანდელ კონსტიტუციაში მთელ რიგ შესწორებათა შეტანის საკითხი. ხელისუფლება აცხადებს, რომ დასამტკიცებლად წამოყენებული 39 შესწორება ევროპის სტანდარტებთან დააახლოებს აზერბაიჯანის კონსტიტუციას. ხოლო ოპონენტები ამტკიცებენ, რომ რეფერენდუმის ჭეშმარიტი მიზანია – კიდევ უფრო განამტკიცოს პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის პოზიცია.

79-წლის ალიევი აცხადებს, რომ 2003 წლის ოქტომბერში, როცა მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, მესამედ შეეცდება სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის შენარჩუნებას. მართალია კონსტიტუცია მხოლოდ ორი ვადით ითვალისწინებს აზერბაიჯანში პრეზიდენტის არჩევას, ალიევი აცხადებს, რომ მისი შემთხვევა – გამონაკლისია, ვინაიდან კონსტიტუცია მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც იგი, ალიევი, პირველად აირჩიეს პრეზიდენტად 1993 წელს.

ბევრი დარწმუნებულია იმაში, რომ ჯანმრთელობაშელახულ ალიევს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოებრივი აზრი, როგორც თავად აზერბაიჯანში, ასევე საზღვარგარეთ, და სინამდვილეში მას - გადადგომა აქვს განზრახული.

თუმცა სხვებს, მაგალითად დამოუკიდებელ პოლიტიკურ მიმომხილველს რასიმ მუსაბეკოვს, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველი იყო ადრე, ეჭვი ეპარება იმაში, რომ ალიევი – ახლო მომავალში გადადგება. აი რა განაცხადა მუსაბეკოვმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში: [რასიმ მუსაბეკოვის ხმა] ”თუ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამინდელ დონეზე დარჩება, ვფიქრობ იგი შეასრულებს თავის სიტყვას და კენჭს იყრის. არიან ადამიანები, ვისთვისაც ძალაუფლება – არსებობის საშუალებაა, და სწორედ ამ კატეორიას მიეკუთვნება ალიევიც”.

რაც უნდა იყოს ვეტერანი ლიდერის საბოლოო გადაწყვეტილება, ბაქოში კარგა ხანია უკვე მის მემკვიდრეზე ლაპარაკობენ. ყველაზე რეალურ კანდიდატად, ალიევის 40-წლის ვაჟს ილჰამს ასახელებენ, რომელსაც ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია მრეწველობის სფეროში და თანაც მმართველი პარტიის, ”იენი აზერბაიჯანის”, ანუ ახალი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა სავარაუდო მემკვიდრეებად ალიევთან დაახლოებულ სხვა, უფრო გამოცდილ პოლიტიკოსებსაც ასახელებენ.

ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო შესწორებების მიზანია მმართველ ელიტას შეუნარჩუნოს ხელმძღვანელი თანამდებობები, და პირველ რიგში გამოჰყოფენ წამოყენებულ წინადადებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მეთაური გარდაიცვლება, გადადგება ან კიდევ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შესძლებს მოვალეობის შესრულებას, იგი, პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა უნდა შეცვალოს, და არა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც მოქმედი კონსტიტუცითაა გათვალისწინებული.

ამ ადამიანებს მაგალითისათვის მოჰყავთ 1999 წლის პრეცედენტი რუსეთში, როცა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმირ პუტინი – პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ბევრნი ბაქოში მოელიან, რომ როცა კონსტიტუციაში შესწორებები იქნება შეტანილი, ალიევი თავის მემკვიდრეს მთავრობის ხელმძღვანელობას დაავალებს, რითაც მწვანე შუქს მისცემს ამ უკანასნელის დანიშვნას მომავალ პრეზიდენტად.

ალიევის ოპონენტები მძაფრად აკრიტიკებენ ასევე კიდევ 2 დაგეგმილ შესწორებას. პირველის თანახმად, პარლამენტის ყველა დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში უნდა აირჩიონ, ხოლო მეორე შესწორების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი, ამჟამინდელი ორი-მესმედის ნაცვლად, ხმების უმნიშვნელო უმრავლესობით, არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

იმ დროს, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ეროვნული რეფერენდუმის მეშვეობით გადაწყვიტა დასახული მიზნის მიღწევა, მისმა სომეხმა კოლეგამ უფრო პირდაპირი ტაქტიკა აირჩია. მართალია პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს არ წამოუყენებია ოფიციალურად საკუთარი კანდიდატურა, ბევრს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ იგი, კენჭს იყრის 19 თებერვის საპრეზიდენტო არჩევნებში.

1 აგვისტოს, ქოჩარიანმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საგრძნობლად გაიზრდება ერთმანდატიან ოლქებში არჩეულ კანონმდებელთა რიცხვი, ხოლო პარტიული სიებით არჩეული დეპუტატების რიცხვი იკლებს. ხსენებული კანონით გათვალისწინებულია ამასთანავე, ამჟამინდელი 13-იდან 9-დე შემცირდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა; გარდა ამისა, კომისიის 3 წევრს – უშუალოდ პრეზიდენტი დანიშნავს, ხოლო დანარჩენს – პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები. ვინაიდან პარლამენტის 6 ფრაქციიდან 3 – პრეზიდენტს უჭერს მხარს, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ქოჩარიანმა, ფაქტობრივად, საკუთარ კონტროლქვეშ მოაქცია მთლიანად, ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ქოჩარიანს იმისთვისაც აკრიტიკებენ, რომ პუტინის სტილში მართავს ქვეყანას, როცა ყოველნაირად ზღუდავს დამოუკიდებელ პრესას, აგრეთვე პოტენციურ მეტოქეებს.

როგორც სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორმა გევორქ პოღოსიანმა აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, ამიერკავკასიის რესპუბლიკებში დღეს მმართველობის ავტორიტარული მეთოდები სჭარბობს.

პოღოსიანი აღნიშნავს ამასთანავე, რომ მიუხედავად გარკვეული მსგავსებებისა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის, მაინც საქართველო გამოირჩევა თავისი მეზობლებისაგან უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებითა და პრესის მეტი თავისუფლებით.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, ედურდ შევარდნაძის მოსალოდნელ მემკვიდრეს, აი რა განაცხადა ამის თაობაზე ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდიამ: ”არ მგონია შევარდნაძემ კენჭი იყაროს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა ცხადია სრულიად, რომ მისი ანტურაჟის სურვილია, რომ შევარდნაძემ რუსეთის მაგალითს მიბაძოს და უმტკივნეულოდ გადასცეს ძალაუფლება მასთან დაახლოებულ რომელიმე პირს, თუმცა ჯერაც გაურკვეველია, ვინ შეიძლება იყოს ეს. საქართველოში არაა ის მექანიზმი, რუსეთში რომ არსებობს. საქართველოში არაა პრემიერ-მინისტრის პოსტი, და მეორე პირი, ქვეყანაში, პარლამენტის თავმჯდომარეა, ხოლო ეს თანამდებობა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, პრეზიდენტს არ ემორჩილება. ასე რომ, რუსეთის ტიპის მექანიზმი საქართველოში არ გამოდგება. მე მგონი, შევარდნაძე და მისი ანტურაჟი ამჯერად იმაზე ფიქრობენ, როგორ მოამზადონ საზოგადოებრივი აზრი იმისთვის, რომ შევარდნაძესთან დაახლოებული რომელიმე პირი გახდეს მართლაცდა ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი”.

გია ნოდია იმაშიცაა დარწმუნებული, რომ ქართული პოლიტიკის თავისებურებათა გათვალისწინებით შევარდნაძეს გაუჭირდება ამგვარი მონარქისტული ზრახვების განხორციელება. ”ჩემის აზრით, საქართველოში მეტი სოციალური და პოლიტიკური პლერალიზმია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენთან გაცილებით მეტი დამოუკიდებელი ცენტრებია სამოქალაქო საქმიანობისთვის, და უფრო ძლიერია დამოუკიდებელი მედია”-დასძინა კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა.
XS
SM
MD
LG