Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინტერესი და სიტყვის თავისუფლება


დავით პაიჭაძე, თბილისი როგორც ცნობილია, 23 აგვისტოს დაბომბვა საქართველოს ოფიციოზის ნაწილმა წინა ღამით ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ნაჩვენებ სიუჟეტს მიაწერა: თითქოსდა, “რუსთავის” მიერ ეთერში გაშვებული კადრები

ინფორმაციული საბაბი გახდა რუსეთის ავიაციის ასამოქმედებლად. იგივე სააზროვნო საფანელი ჰქონდა 23 აგვისტოს საღამოს გადაცემებს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. პრეზიდენტ შევარდნაძეს თვითონ სიტყვა არ დაუძრავს ჟურნალისტების პასუხისმგებლობის შესახებ, მაგრამ სახელისუფლო ტელევიზია მთელ საქართველოს მიანიშნებდა, რომ პარასკევის ტრაგედიაში ქართველმა ჟურნალისტებმაც დაიდეს წილი. რამდენად მართებულია ასეთი მტკიცება? შევეცდებით, პასუხი გავცეთ ამ კითხვას.

ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის სიუჟეტი რუსლან გელაევისა და მისი რაზმის საქართველოში ყოფნის შესახებ მოკლებული იყო დამაჯერებლობას: ტყეში ადამიანთა ყოფნის კვალი, გამოყენებული ნივთები, ტოტზე დაკიდებული ჩაის პაკეტი და ა.შ. არაფრით არ შეიძლება ჩაითვალოს იმის უტყუარ მტკიცებად, რომ აქ გაიარეს მაინცდამაინც რუსლან გელაევის მებრძოლებმა. სიუჟეტის ვერბალური და ვიზუალური პლასტები ერთმანეთს არ ემთხევოდა. ამდენად, ტელეკომპანიას შეეძლო გავრცელებისას მეტი ეჭვით მოჰკიდებოდა მიღებულ ინფორმაციას.

ქართველ ძალოვანთა დრტვინვა და მრისხანება შეიძლება კონვერტირდეს რამდენიმე პრეტენზიად ტელეკომპანიისადმი: ჟურნალისტები ვერ ხვდებიან, რისი გახმაურება შეიძლება და რისი არა; ჟურნალისტები შეგნებულად მტრობენ საქართველოს უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე “ჩაშვებით”; ჟურნალისტებმა არ იციან, რა არის სახელმწიფოს ინტერესი; ჟურნალისტებმა იციან, რა არის სახელმწიფო ინტერესი და იქცევიან მის საწინააღმდეგოდ; საერთოდ, ენას კბილი რომ დააჭირონ, უკეთესი იქნება.

ამ და სხვა პრეტენზიათა პასუხად შეიძლება რამდენიმე კითხვა და საკითხი დაისვას: ნუთუ საქართველოს ხელისუფლებაში ვინმეს მართლა ჰგონია, რომ “რუსთავი-2”-ის გადაცემები ლამის სამოქმედო ინსტრუქციაა რუსი სამხედროებისთვის? – სჯობს, არ ეგონოს და ბრალის ჟურნალისტებზე დაკისრებისას, სახელმწიფო ინტერესებზე ზრუნვითა და სიტყვის თავისუფლებისადმი, წესისამებრ, მტრული დამოკიდებულებით შეფაროს ხელისუფლების უმწეობა. რადგან სხვა შემთხვევაში, ანუ თუ მართლა ფიქრობენ, რომ რუსეთი დაბომბვებს ქართველი ჟურნალისტებისა და ნამწყემსარის მოგონებებზე დაყრდნობით ახორციელებს, უმწეობას ხელისუფლებაში სრული უჭკუობა ენაცვლება.

ვინ დაუშალა მაღალი რანგის ქართველ მოხელეებს, 22 აგვისტოს ღამის ეთერში გასული ინფორმაცია იმავე ღამეს, დაყოვნებლივ დასაბუთებულად უარეყოთ? ინფორმაციის გაშვებიდან დაბომბვამდე, სულ ცოტა 6 საათი მაინც გავიდა. ნუთუ ხელისუფლებაში არ არსებობს ერთი კაცი, ვისაც შეეძლო ტრაგედიამდე ერთმანეთთან ლოგიკურად დაეკავშირებინა ორი მოვლენა – სიუჟეტის გასვლა და რუსეთის შესაძლო აგრესია – და რაიმე ეღონა დაბომბვის თავიდან ასაცილებლად? თუ კი post factum ასეთი ლოგიკური კავშირის მონახვას ოფიციალურ წრეებში ერთმანეთს ასწრებდნენ, გამოდის, რომ იმავე წრეებში არ არის კაცი, ვისაც 6 საათით ადრე მაინც შეეძლება პროგნოზირება, ან არის და, უბრალოდ, ეზარება ამის გაკეთება.

ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა განმარტოს, რატომ წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ მოქალაქეთა ყოფნის დაფარვა; მარტო იმიტომ, რომ ამ ამბის გამხელის გამო შეიძლება დაგვბომბონ? თავისთავად ასეთი ხალხის აქ ყოფნა არ არის პრობლემა ქვეყნისათვის? გამხელის გარეშე ეს ფაქტი არ ემუქრება სახელმწიფო ინტერესს? ეს არის კითხვები, რომელთათვის საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო პასუხი არ გაუცია.

არსებობს ხელისუფლებისა და ჟურნალისტების ურთიერთქმედების უამრავი ფორმა. თუ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული კონკრეტული ინფორმაციის გახმაურებით, მას შეუძლია დამალოს ის, ან ჟურნალისტებს, ჩვეულებრივ, მედია-ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, სთხოვოს, თავი შეიკავონ გამოქვეყნებისაგან. ასეთ დროს, ჟურნალისტებს უსაბუთებენ კიდეც, რატომ არის მიზანშეუწონელი ინფორმაციის გასაჯაროება სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჟურნალისტები, როგორც წესი, ითვალისწინებენ ამას და თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. ასეთი თანამშრომლობა შორსაა კულუარული შეთანხმების შედეგად მიღწეული ურთიერთგაგებისაგან, რადგან რაციონალურად გამოხატული სახელმწიფო ინტერესის გაზიარებას გულისხმობს ორივე მხარის მიერ.

ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა. ხელისუფლებას ერჩია დაემალა შარშან პანკისიდან კოდორისკენ ჩეჩნების გადაყვანა სამხედრო ავტოტრანსპორტით, არ გაემხილა, როგორ მკურნალობდნენ თბილისში რუსეთის ფედერალურ ძალებთან ბრძოლაში დაჭრილ ჩეჩნებს; როცა ჟურნალისტები ფაქტებს თავად აგნებდნენ და სამზეოზე გამოჰქონდათ, საზოგადოება იბნეოდა, ხოლო ხელისუფლებას თავი ისე ეჭირა, თითქოს მასმედიამ რაღაც დიდი ჩანაფიქრი, საქვეყნო საქმე გაუფუჭა. ბოლო დაბომბვის შემდეგაც საკუთარი უმწეობით გამოწვეული აგრესია ოფიციოზმა მედიისკენ მიმართა. არადა, ყველასთვის ნათელია, რომ თუ ხელისუფლება რამის მაქნისია, მან პასუხი აგრესორს უნდა მოსთხოვოს და არა ჟურნალისტებს.
XS
SM
MD
LG