Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმი აზერბაიჯანში


აზერბაიჯანის მთავრობა აცხადებს, რომ კვირას გამართულ რეფერენდუმში გამარჯვებას მიაღწია. მაშინ როცა ოპოზიციური ძალები და საერთაშორისო მეთვალყურეები გაყალბებაზე საუბრობენ.

რეფერენდუმი ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საერთო ჯამში 39-ს. მთავრობის თანახმად, ამ ცვლილებების გატარება აუცილებელი იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კრიტიკოსთა აზრით კი, ეს მხოლოდ შირმა იყო იმისათვის, რომ მთავრობას გაეტარებინა სხვა, მისი ძალაუფლების გასამყარებელი ცვლილებები.

ოპოზიციური პარტიების აზრით, კენჭისყრაში მონაწილეთა შესახებ ოფიციალური მონაცემები – 90 პროცენტი – აბსურდია. მათი თქმით, ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 15 პროცენტი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ აქტიურად გამოიყენა გაყალბების ყველა შესაძლო მეთოდი.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ალენ გრინი ესაუბრა ელდარ ისმაილოვს, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას სახელწოდებით ”სამოქალაქო საზოგადოებისათვის”:

[ისმაილოვის ხმა] ”ეს დარღვევები ნათელყოფს, რომ აზერბაიჯანის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები. ოთხი პოლიტიკური პარტია, რომელცი მეთვალყურეობდა კენჭისყრაზე, აცხადებს, რომ კვორუმი არ შემდგარა და რომ ხალხის ნება დამახინჯებულ იქნა. მთელ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამიტომ ამ რეფერენდუმის შედეგი უკანონოა”, განაცხადა ელდარ ისმაილოვმა.

მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისია უარყოფს რაიმე დარღვევას. მისი თავმჯდომარის, როვზათ გასიმოვის თქმით, კომისიაში არავითარი საჩივარი არ შესულა.

ახლა თავად რეფერენდუმის თემის შესახებ. ოფიციალურად მხოლოდ ორი თვის წინ გამოცხადდა საკითხთა ფართო სპექტრი, რომლებზეც გაიმართა კენჭისყრა. რიგ შემთხვევებში კონსტიტუცია ნამდვილად გაუმჯობესდება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. მაგრამ ორი ცვლილება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას. პირველი აუქმებს საპარლამენტო არჩევნების იმ სისტემას, რომლის მიხედვითაც პარლამენტართა 20 პროცენტი პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემით აირჩეოდა. მეორე კი ეხება პრეზიდენტის მემკვიდრის შერჩევის წესებს. პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ოპონენტები განგაშს სცემენ, რომ მას საკუთარი შვილის გაპრეზიდენტება სურს. 79 წლის ალიევი უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს, რომ 2003 წელს მესამე ვადით იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტისთვის.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთა იმის გამო, რომ მას წინასწარ ჩაუტარდა საგანმანათლებლო მუშაობა. მაგრამ როგორც ევროპის საბჭოს წარმომადგენელი, შვეიცარიელი ანდრეას გროსი ამბობს, ძალზე საეჭვოა, რომ ასეთი მოკლე ხნის მანძილზე ყოფილიყო შესაძლებელი მთელი მოსახლეობის გათვითცნობიერება. ჩვენთან, შვეიცარიაში, ასეთ რამეს ორი წელი მაინც დასჭირდებოდაო, უთხრა მან ჩვენს რადიოს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლოში უჩივლებს მთავრობას. ადამიანის უფლებების გასაუმჯობესებლად მოწოდებული რეფერენდუმის საკითხი ახლა შესაძლოა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გაირჩეს.
XS
SM
MD
LG