Accessibility links

logo-print

რას ითხოვს პარლამენტი და რას ფიქრობს პრეზიდენტი


რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები განსხვავებულად რეაგირებენ. პარლამენტარები რუსეთის, როგორც აგრესორის მიმართ,

საქართველოს პოლიტიკის გამკაცრებას, ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ძალების, მათ შორის სამშვიდობოების გაყვანის უზრუნველყოფასა და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლას ითხოვენ, პრეზიდენტი კი რუსეთის მიმართ ლოიალური რჩება და არც რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანს უჭერს მხარს და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლას. როგორ პასუხობს რუსეთის სამხედრო აგრესიას პრეზიდენტი და რას მოითხოვს პარლამენტი?

საქართველოს პარლამენტი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის გამო, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა და ქვეყნის უსაფრთხოების მიღწევისთვის და მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ახალი ძირითადი მიმართულებების გამოკვეთის მიზნით ადგენს:

პირველი – რუსეთის მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზის დაშლის შეფერხებისა და სხვა ბაზების, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების დადგენასთან დაკავშირებით ეუთოს სტამბოლის სამიტის შეუსრულებლობის გამო,საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ცალმხრივად განსაზღვროს ამ ბაზების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანის ვადები.

მეორე – საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს მანდატი აფხაზეთში დამოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით მოქმედ კოლექტიურ ძალებს და მიიღოს ზომები აფხაზეთიდან მათ გასაყვანად.

მესამე – რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამხორციელებულ სამხედრო აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აბსოლუტური უმოქმედობის გამო, დაიწყოს პროცესი აღნიშნულ თანამეგობროვაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების დეზაუირების მიზნით.

მეოთხე – ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად აღმასრულებელმა ხელისუფელბამ უმოკლეს ვადებში შეიმუშავოს 2002 წლის ბიუჯეტში ცვლილებების გეგმა, 2003 წლის ბიუჯეტით კი უზრუნვეყოფილ იქნას თავდაცვის სფეროს ჯეროვანი დაფინანსება.

აი, ასეთი მკვეთრი დადგენილების მიღებით უპასუხა საქართველოს პარლამენტმა რუსეთის სამხედრო აგრესიას, თუმცაღა, ამ დადგენილების მიღება დეპუტატთა ხანგრძლივი და მომქანცველი ბრძოლის ფასად დაჯდა. მომხრე 81 დეპუტატი აღმოჩნდა, ასე რომ, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას და, რაც ძალიან საინტერესოა, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის მოთხოვნებს, მხოლოდ 81 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფრაქციები: “მოქალაქეთა კავშირი”, “თანადგომა”, ალიანსი”, “სოციალისტი” და “აღორძინება” რუსეთის მიმართ ლოიალურნი დარჩნენ, ისევე, როგორც პრეზიდენტი. ამდენად, საქართველოს პარლამენტის 26 აგვისტოს დადგენილებაში მითითებული მოთხოვნების რეალიზაციას, დიდი კითხვის ნიშანი ახლავს. ედურად შევარდნაძე არ იჩაქრებს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას, რადგან კონფლიქტის ზონაში სტაბილურიბის შენარჩუნების სხვა გარანტია არ ეგულება. ის არც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლას დაუჭერს მხარს, რადგან თანამეგობრობა, უწინდებურად, საქართველოს მნიშვნელოვან ტრიბუნად ეჩვენება. პრეზიდენტი იტოვებს ილუზიას, რომ 23 აგვისტოს დაბომბვა არ იყო შეთანხმებული ვლადიმირ პუტინთან, დებს მორიგ, ვინ იცის, უკვე მერამდენე პირობას, რომ დაბომბვის განმეორების შემთხვევაში საქართველოს რეაქცია ადეკვატური იქნება და ელის იმ წერილის პასუხს, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტს ამ ორი დღის წინ მიმართა.

რას ელის პარლამენტი, განსაკუთრებით, მისი ის ნაწილი, რომელმაც 26 აგვისტოს დადგენილების მიღება გადაწყვიტა? – ალბათ, არაფერს. შეგახსენებთ პარლამენტის ოქტომბრის დადგენილებას, რომელიც აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანს შეეხებოდა და ფარატინა ქაღალდად დარჩა. დიდი შანსია, 26 აგვისტოს დადგენილებაც ფარატინა ქაღალდად დარჩეს, რადგან ერთია პარლამენტის დადგენილება და მეორე – შეხედულება, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის. მისი 26 აგვისტოს განცხaდებით, რუსეთს სჭირდება საქართველო და საქართველოსაც სჭირდება რუსეთი.
XS
SM
MD
LG