Accessibility links

ასლან მასხადოვის მთავრობა მხარს უჭერს ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებას პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარების შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამბოხებული ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები გაგებით შეხვდნენ საქართველოს გადაწყვეტილებას წესრიგის დასამყარებლად პანკისის ხეობაში შეიარაღებული ძალების შეყვანის შესახებ.

ასლან მასხადოვის წარმომადგენელმა საქართველოში – ხიზრი ალდამოვმა კვირას პანკისში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ ჩეჩნეთის მხარე მხად არის ნებისმიერი დახმარება აღმოუჩინოს თბილისს, დამნაშავეობასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. მისივე განცხადებით, პანკისში საქართველოს შეიარაღებული ძალების შეყვანის მიზანია კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა, რაც არავითარ საფრთხეს არ შეუქმნის არც ადგილობრივ მოსახლეობას და არც პანკისში თავშეფარებულ ხიზნებს ჩეჩნეთიდან.

ბუნებრივია, რომ ჩეჩნეთის საინფორმაციო სააგენტოები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს პანკისში განვითარებულ მოვლენებს და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების რეაგირებას რუსეთის არაადეკვატურ ქმედებებზე. თითქმის ყველა ექსპერტი განსაკუთრებული ინტერესით აფასებს პანკისის ხეობის დაბომბვაზე თეთრი სახლის რეაქციას, – შეგახსენებთ, ამერიკის ადმინისტრაციამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთს ჩეჩნეთის პრობლემის პოლიტიკური მეთოდებით მოწესრიგებისკენ მოუწოდა. ანალიტიკოსების აზრით, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, როცა ამერიკის მხარე იშვიათად აკრიტიკებდა რუსეთს ჩეჩნეთში გატარებული პოლიტიკის გამო, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თეთრმა სახლმა საკმაოდ მკაცრი ტონით გამოთქვა თავისი პოზიცია ჩეჩნეთის პრობლემის მშვიდობიანი ხერხებით მოგვარების აუცილებლობაზე.
სააგენტო " ჩეჩენ-პრესი" ავრცელებს ფრაგმენტს საქართველოს სახელწმიფო ტელევიზიით პრეზიდენტ შევარდნაძის გამოსვლიდან, როცა მან განაცხადა: " ბოლო თვეების განმავლობაში, რაც ანტიტერორისტული კოალიცია ჩამოყალიბდა, თითქოს ყველა შეეჩვია აზრს, რომ ადამიანების დაღუპვა ჩეჩნეთში ჩვეულებრივი ამბავია. ახლა კი საფუძვლიანად და ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ ჩეჩნეთში მშვიდობა პოლიტიკური მეთოდებით უნდა დამყარდესო". მისივე შეფასებით, აშშ-ს ეს მოთხოვნა ახალი და სერიოზული მოვლენაა, წერს 26 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო " ჩეჩენ-პრესი"
ინტერნეტული გამოცემა "კავკაზი" თვლის, რომ უსაგნოა დასავლეთში მიმდინარე დისკუსია თემაზე "who is Mr. Putin?", რადგან კრემლის დღევანდელი მობინადრის პოლიტიკა არაფრით განსხვავდება ივანე მრისხანის, ალექსანდრე მეორის ან სტალინის პოლიტიკისგან – აგრესია, დაპყრობა, ოკუპაცია, დაუმორჩილებლებთან მხაცური ანგარიშსწორებები, ადამიანის უფლებების ურცხვი დარღვევა და დამოუკიდებლობის მოსურნე ხალხების გენოციდი. გამოცემის აზრით, ვინაიდან კრემლის ტაქტიკამ ჩეჩნეთში არ გაამართლა, – უზარმაზარი სამხედრო მანქანის ამუშავების მიუხედავად, ომს ჩეჩნეთში ბოლო არ უჩანს, თავად რუსეთში კი ვითარება დღითიდღე იძაბება, – რუსეთის სამართალდამცავებს სკინხედებისთვისაც კი მოუვლიათ, რომლებიც შუაგულ მოსკოვში უცხოელებს არბევენ, არადა, არჩევნების ვადა ახლოვდება, კრემლმა აპრობირებული გზის გამოყენება გადაწყვიტა – მცირე, ძლევამოსილი ომით უკმაყოფილოების ჩაჩუმება. "კავკაზი" იხსენებს იმ პერიოდს, როცა მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქება ხელისუფლებამ არნახული ანტიჩეჩნური განწყობილების შესაქმნელად გამოიყენა, რის შემდეგაც პუტინს, "ერის ტერორისტებისგან გადამრჩენის" როლში არ გაუჭირდა კრემლში ტრიუმფით შესვლა. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ამჯერად ომის შესაძლო პოლიგონად საქართველო იქცეს, რადგან კრემლს ძალიან სჭირდება უკმაყოფილო საზოგადოების ყურადღების გადატანა საშინაო პოლიტიკიდან სხვა პრობლემებზე. "კავკაზი"-ის აზრით, პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკის მიუხედავად, რომელსაც იგი რუსეთისგან დისტანცირებისთვის ატარებდა, საქართველოს პირველი პირის მიერ "ოქროს შუალედის" მუდმივმა ძიებამ ცუდი სამსახური გაუწია საქართველოს, რომლის ტერიტორიებს რუსეთის თვითმფრინავები უკვე ბომბავენ. "შევარდნაძეს უფრო რადიკალური პოლიტიკა უნდა ეწარმოებინა, იქნებოდა ეს დსთ-ში შესვლაზე უარის თქმა თუ ჩეჩენი შეიარაღებული ძალების და პარტიზანული მოძრაობის მხარდაჭერა. "კავკაზი" ჩამოთვლის მათ, ვინც არ ხელმძღვანელობს პოლიტიკური კონიუნქტურით და პრინციპულად იცავენ ჩეჩენი ხალხის უფლებას – შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო. "კავკაზის" აზრით, სოლიდარობის გამოხატვის თვალსაზრისით, განსაკუთრებულია უნა-უნსოს, თათრეთის პარტიის "ვატანისა" და საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის წვლილი. ეს უკანასკნელი, გამოცემის თქმით, დღესვე მზად არის აღიაროს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. "კავკაზ-პრესის" დასკვნით, რუსეთის იმპერიის დამარცხების გარეშე მშვიდობა არ იქნება არც კავკასიაში, არც პოსტსაბჭოურ სივრცესა და არც ყოფილ აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოებში.
XS
SM
MD
LG