Accessibility links

logo-print

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ


ეკა წამალაშვილი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს ტერიტორიის დაბომბვამდე და შემდეგაც რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავდაუზოგავად იღვწიან იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი საქართველოს წინააღმდეგ მომართონ.

საერთოდ, რუსეთის აგრესია რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და ინფორმაციულ, სამხედრო, დიპლომატიურ და პოლიტიკურ სფეროებს მოიცავს.
ამას წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილებიც ადასტურებს. გაგაცნობთ ზოგიერთ პუბლიკაციას.

რუსეთში ვერაფრით ეგუებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწვეტილებას პანკისის პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის
შესახებ. საქართველოს წინააღმდეგ საჰაერო აგრესიის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორმა, კონსტანტინ ზატულინმა გაზეთ “ვედომოსტის” განუცხადა: საქართველოს ხელისუფლებამ, ეჭვგარეშეა, უკვე დაამყარა წესრიგი იმ თვალსაზრისით, რომ თანამშრომლობს პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩნებთან რუსეთისა და მისი გავლენის წინააღმდეგ მიმართული სხადასხვა სახის ოპერაციების ჩასატარებლად”.

ანალოგიურად მსჯელობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ბორის მალახოვი.

“არ არის გამორიცხული, რომ ფართოდ რეკლამირებული ეს ოპერაცია მხოლოდ აქტიურობის იმიტაციით დასრულდება, ბოევიკები კი კვლავინდებურად დარჩებიან იქ და გააგრძელებენ აგრესიულ გამოხდომებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ”, - თქვა მალახოვმა.

ასევე ნეგატიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს პანკისის პრობლემასთან დაკავშირებით გაზეთი “კრასნაია ზვეზდა”, რომლის 23 აგვისტოს ნომერში ნათქვამია:

“საქმე ის არის, რომ საქართველოს გარკვეული ძალოვანი სტრუქტურების კონკრეტულ თანამდებობრივ პირებს სავსებით კონკრეტული ანგარებიანი ინტერესები აქვთ ხეობაში. ისინი მოგებას ნახულობენ ნარკოვაჭრობისგან, რომელსაც ახმეტისა და თელავის რაიონებში პანკისის კრიმინალიტეტი აწარმოებს, იარაღის მიწოდებისგან პანკისში მყოფ ბანდფორმირებებსთვის და იმ ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვისგან, რომელიც იქ მცხოვრები დევნილებისთვისა განკუთვნილი”.

“კრასნაია ზვეზდას” ვარაუდით, “ხეობაში მათლწესრიგის დამყარება არა მხოლოდ ამ უკანონო ბიზნესს დაუდებს ბოლოს, არამედ ხმაურიანი სკანდალების სერიასაც გამოიწვევს მთელი საქართველოს მასშტაბით”. ამიტომ, გაზეთის აზრით, საქართველოს პოლიტელიტის გარკვეული ძალები აუცილებლად შეეცდებიან, რომ პანკისში დაგეგმილი ნებისმიერი ძალოვანი აქციის ეფექტიანობა ნულამდე დაიყვანონ.

“ამდენად, კახეთში დაწყებულ მანევრებთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია”, – წერს “კრასნაია ზვეზდა”.

საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის დღეს, 23 აგვისტოს, გაზეთი “კომერსანტი” იმოწმებდა საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაწილები განაგრძობენ მანევრებს პანკისის ხეობის შესავლელთან, თუმცა, მინისტრის აზრით, მათი დახმარება აღარ იქნება საჭირო, რადგან გელაევის ბოევიკები მთაში წავიდნენ და რუსეთში გადასვლას აპირებენ.

როგორც შემდგომ გაირკვა, კრემლს არ აკმაყოფილებს მოვლენათა ამგვარი განვითარება – თურმე, რუსეთს სურს, რომ საქართველომ, არც მეტი, არც ნაკლები, ხონჩით მიართვას მას გელაევის მებრძოლები.

“ტერორისტები უნდა დაბლოკონ, განაიარაღონ და რუსეთის მხარეს გადასცენ”, – ასეთ მითითებას აძლევს ქართველ ძალოვნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის განცხადებას 24 აგვისტოს ინტერნეტგაზეთი “სტრანა” იმოწმებს. განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ მოსკოვი ვერაფრით შეეგუება ისეთ ტაქტიკას, როცა ტერორისტებს საზღვრისკენ გადაადგილებას აიძულებენ.

ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო უწყება ისევ და ისევ ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლისა და პანკისის პრობლემის ერთობლივი გადაჭრისაკენ მოუწოდებს თბილისს.

ამდენად, რაც დრო გადის, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული პოლიტიკა საქართველოს მიმართ სულ უფრო მკაფიო ხასიათს იძენს.
XS
SM
MD
LG