Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო დაპირისპირების მიზეზები


დავით პაიჭაძე, თბილისი თუ საქართველოს პარლამენტი, არსებითად, ერთსულოვანი იყო დაბომბვებთან დაკავშირებული დადგენილების ტექსტის შემუშავებისას, დეპუტატთა აზრები და პოზიციები გაჰყო მოთხოვნამ,

– ამავე სესიაზე მიეღოთ დადგენილება სტრატეგიული ობიექტების საპრივატიზაციო პროცესებში პარლამენტის როლის გაძლიერების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს დასახელება მოიცავს დადგენილების პროექტის შინაარსს და არ წარმოადგენს მის სახელს. კონფრონტაცია პარლამენტში სწორედ ამ პროექტმა გამოიწვია, რომლის ტექსტზე დეპუტატები ვერა და ვერ შეთანხმდნენ. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა მოსაზრებები უპირისპირდება ამ პრობლემის გამო ერთმანეთს.

აზრთა სხვაობა პარლამენტის ბიუროს მსვლელობისას დეპუტატებში წარმოშვა არა პოლიტიკურ, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებთან დამოკიდებულებამ. თუ ერთ დადგენილებას დეპუტატთა თითქმის მთელი კორპუსი მიემხრო ჯემალ გოგიტიძისა და მისი თანამოაზრეების გამოკლებით, მეორე დადგენილების პროექტმა თვალსაზრისთა და, ეგებ, ინტერესთა შეჯახებაც გამოიწვია. აქვე გთავაზობთ ამ პროექტის ტექსტს:

“საქართველოში მდებარე განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების პროცესში შესაძლო ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით, არსებული ნეგატიური პრაქტიკის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1.
დაევალოს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო უწყებებთან ერთად, ექსპერტების, საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების მონაწილეობით, წინასწარ დეტალურად შეისწავლოს განსაკუთრებული სტრატეგიული დანიშნულების სახელმწიფო ობიექტების პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები და შესაბამისი ინფორმაცია პერიოდულად წარუდგინოს პარლამენტს შემდგომი განხილვისთვის.
2.
საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ზემოაღნიშნული ობიექტების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს შესაბამისი პროექტის საპარლამენტო განხილვის შემდეგ”.

დეპუტატთა საგრძნობი ნაწილი წინააღმდეგი იყო, საგანგებო სესიაზე განსახილველად გაეტანათ დადგენილების ეს პროექტი და მიიჩნევდა, რომ მისი შინაარსი არ უნდა მიბმოდა დაბომბვების გამო მისაღებ დადგენილებას. პროექტის მომხრეთა შორის იყვნენ ტრადიციონალისტთა კავშირის, “გაერთიანებული დემოკრატების”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” საპარლამენტო დეპუტაციები, ხოლო წინააღმდეგობას, ძირითადად, პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები უწევდნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიგი წერეთელმა განმიცხადა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტთა პრივატიზების ნეგატიური პრაქტიკა იმდენად ინტენსიურია, რომ დადგა დრო, პარლამენტმა დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი.

[გიგი წერეთლის ხმა]: “ეს არ უკავშირდება მხოლოდ “იტერასა” და “თბილგაზის” თემას; ქვეყანაში მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზება კიდევ მოხდება. “იტერაზე” დღეს გვესმის, რომ, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის ეს არის საოცრად კარგი და მომგებიანი, მეორე მხრივ, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს “იტერასთვის” საკონტროლო პაკეტის გადაცემა, “აზოტის” ჩადება ამ ერთობლივ საწარმოში... კისრულობს “იტერა” გაზის უწყვეტ მიწოდებას? მოითხოვს გარკვეულ შეღავათებს? ეს ცნობილი არ არის, ჩვენ კი გვაქვს ინფორმაცია, რომ “იტერა” თავის თავზე არაფერს არ იღებს. რა მოგება მოაქვს ამ გარიგებას, ამ ხელშეკრულებას? სად არის აქ ჩვენი ეროვნული ინტერესები? ჩვენ ამ კითხვებით ვხელმძღვანელობთ, არავითარი სხვა ინტერესი არ გაგვაჩნია. გვინდა ინფორმაცია. ვითხოვთ, სანამ ხელისუფლება მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, პარლამენტში განხილვა შედგეს. აქ არ არის ჩარევა აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში; ჩვენ ვხელმძღვანელობთ პარლამენტის საკონსტიტუციო უფლებებით და ვამბობთ იმასაც, რომ თუ აღმასრულებელი ხელისუფლება არ ეთანხმება პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაშინ ის აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ანუ ჩვენ არ ვზღუდავთ მთავრობას, მაგრამ გვინდა, ჩვენი სიტყვა ვთქვათ. მე მგონი, ეს არის აბსოლუტურად სწორი პარლამენტის მხრიდან”.

სრულიად საპირისპიროა შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ვიტალი ხაზარაძის პოზიცია. ხაზარაძე ამბობს, რომ ეს მოთხოვნა სწორედაც ანტიკონსტიტუციურია, რადგან სცილდება პარლამენტის კომპეტენციას – აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი დაკანონება ნიშნავს პარლამენტის შეჭრას მთავრობის უფლებამოსილებებში. კომიტეტის თავმჯდომარე განსაკუთრებით ეწინააღმდეგება ზემოთ ციტირებული დადგენილების პროექტის მეორე პუნქტს:

[ვიტალი ხაზარაძის ხმა] “ეს არ არის კონტროლი, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებათა შეზღუდვა მისი მოქმედებისას. შენ შეგიძლია გააკონტროლო მთავრობა და მისცე როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეფასება – ამის უფლება გაქვს, მაგრამ შეაჩერო და უთხრა, დამელოდე, მე განვიხილავო – კონსტიტუცია ამას კრძალავს, რადგან მიჯნავს უფლებებს ხელისუფლებათა შორის. კონსტიტუციამ მთავრობის საქმიანობაზე სრული კონტროლის ფუნქცია კი არ მიანიჭა პარლამენტს, არამედ მისცა ის კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში. არაფრით არ შეიძლება ასეთი დადგენილების მიღება: ამით პრეზიდენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, შეიზღუდება მოქმედებებში”.

მიკროფონის მიღმა, ჩაწერის გარეშე, პროპრეზიდენტულად განწყობილი დეპუტატები (ოღონდ არა ვიტალი ხაზარაძე) სხვაგვარადაც განმარტავენ საქმის არსს: თუ “თბილგაზს” “იტერა” წაიღებს, ზამთარში გაზი იქნება, ამტკიცებენ ისინი. თუ “იტერა” “თბილგაზს” არ წაიღებს, ზამთარში გაზი არ იქნება – სამაგიეროდ, იქნება დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია კი აწყობთ “გაერთიანებულ დემოკრატებსა” და “ნაციონალურ მოძრაობას”. ამიტომაც ცდილობენ დადგენილების გატანას.
XS
SM
MD
LG