Accessibility links

დიკ ჩეინის გამოსვლა ომების ვეტერანთა ყრილობაზე ტენესის შტატში


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, 26 აგვისტოს, ომების ვეტერანთა ყრილობაზე გამოსვლისას ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში,

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ არანაირი გამართლება არა აქვს ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო აქციის დაყოვნებას, ვინაიდან ეს, შესაძლებლობას მისცემს ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს კიდევ უფრო სახიფათო იარაღით გაზარდოს თავისი არსენალი.


დიკ ჩეინის მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ვერ უგულვებელყოფენ იმ საფრთხეს, რასაც მათ, ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი უქმნის თავისი მასობრივი განადგურების იარაღით. მიმართა რა ომების ვეტერანთა ყრილობის მონაწილეებს, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა: [დიკ ჩეინის ხმა] ”ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ სადამ ჰუსეინს, დღეს, მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია, და არც ისაა საეჭვო, რომ ამ იარაღს, იგი, ჩვენი მეგობრების, ჩვენი მოკავშირეების, და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს”.

ჩეინის თქმით, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების გარდუვალობა, ერაყის უარი გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლებაზე და ამჟამინდელი რეჟიმი ბაღდადში საკმარის საფუძველს იძლევა იმისთვის, რათა ვაშინგტონმა დარტყმა მიაყენოს ერაყს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ერაყთან მიმართებაში. ბუშმა თქვა, რომ კვლავაც გააგრძელებს კონსულტაციებს ამის თაობაზე მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან.

დიკ ჩეინი არ გამორიცხავს ამასთანავე, რომ თუ მის წინააღმდეგ დროულად არ იქნება მიღებული ქმედითი ზომები, სადამ ჰუსეინი, სულ მალე, მთელს ახლო აღმოსავლეთში მოინდომებს გაბატონებას და მსოფლიოს ენერგორესურსების მნიშვნელოვან ნაწილს დაეპატრონება: [დიკ ჩეინის ხმა] ”უნდა მოველოდეთ, რომ ამ საზარელი იარაღის მქონე და მსოფლიოს ნავთობსაბადოების 10 პროცენტის მფლობელი სადამ ჰუსეინი მთელს ახლო აღმოსავლეთში მოინდომებს გაბატონებას, საკუთარ კონტროლქვეშ მოაქცევს მსოფლიოს ენერგორესურსების მნიშვნელოვან ნაწილს, რეალურ საფრთხეს შეუქმნის რეგიონში ამერიკის მეგობრებს და შანტაჟს მოუწყობს შეერთებულ შტატებსა და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს”.

დიკ ჩეინი დარწმუნებულია იმაში, რომ სადამ ჰუსეინის დამხობა თავისუფლებას მოუტანს ერაყელ ხალხს, მშვიდობას განამტკიცებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, გააძლიერებს ზომიერ პოლიტიკოსთა პოზიციას არაბულ სამყაროში, ბიძგს მისცემს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესს, რასაც ყოველნაირად ამუხრუჭებს ერაყელი დიქტატორი.

ამასობაში, ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ პრეზიდენტ ბუშს – თავი შეიკავოს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისაგან, ვიდრე ამაზე არ იქნება კონგრესის თანხმობა. ”თუ პრეზიდენტს განზრახული აქვს ომში ჩააბას ეს ქვეყანა, უმჯობესია, მან, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის თანხმობა მიიღოს ამ საკითხში”-განაცხადა სენატორმა ჩაკ ჰაგელმა. ხოლო კონგრესმენს დიკ გეპჰარტს მიაჩნია, რომ ჯორჯ ბუშმა კენჭისყრა უნდა მოაწყოს კონგრესში ამ საკითხზე.
XS
SM
MD
LG